Victoria’s Secret-ის მოდის ჩვენებაში მონაწილეობა მოდელებისთვის არა მხოლოდ კარიერული წინსვლის, არამედ მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღების შესაძლებლობაცაა. თუმცა, პოდიუმზე გამოსვლა ყველასთვის ერთნაირ ანაზღაურებას არ ნიშნავს – ჰონორარი დამოკიდებულია მოდელის გამოცდილებაზე, პოპულარობასა და ბრენდთან გაფორმებული კონტრაქტის პირობებზე.

საერთაშორისო მედიაში გავრცელებული შეფასებებით, ახალბედა მოდელმა შესაძლოა ჩვენებაში მონაწილეობისთვის რამდენიმე ასეული ან რამდენიმე ათასი დოლარი მიიღოს, ხოლო ცნობილ სუპერმოდელებს გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვთ.
Victoria’s Secret მოდელებთან გაფორმებული კონტრაქტების ფინანსურ პირობებს არ ასაჯაროებს. შესაბამისად, არ არსებობს ოფიციალურად დადასტურებული თანხა, რომელსაც ბრენდი მოდელებს ჩვენებაში გამოსვლისთვის უხდის.

მოდელების ანაზღაურება წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლებოდა. მაგალითად, 2008 წელს, ჰაიდი კლუმის ჰონორარი 3.8 მილიონ დოლარს შეადგენდა. კარლი კლოსის შემოსავალი Victoria’s Secret-თან თანამშრომლობის პერიოდში, დაახლოებით 5 მილიონ დოლარს აღწევდა, ხოლო ჟიზელ ბუნდჰენს ბრენდთან ხუთწლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, რომლის ღირებულებაც, გავრცელებული ინფორმაციით, 25 მილიონი დოლარი იყო.

Cosmopolitan-ის მიხედვით, 2019 წელს მოდელების ანაზღაურება წინა წლებთან შედარებით შემცირდა. ზოგიერთი მათგანის წლიური შემოსავალი მილიონ დოლარს აღემატებოდა, რასაც ბონუსებიც ემატებოდა. თუმცა, ძველი კონტრაქტების რამდენიმე მილიონდოლარიანი ანაზღაურება დაახლოებით 100 000 დოლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენებაში მონაწილეობას, მოდელების ანაზღაურების შესახებ გავრცელებული შეფასებები გაცილებით განსხვავებულია.

2026 წლის Victoria’s Secret-ის ჩვენებაში მონაწილე მოდელების ჰონორარები, სავარაუდოდ, მათი ცნობადობისა და პროფესიული გამოცდილების მიხედვით განსხვავდება.
- 10 000–15 000 დოლარი – შედარებით დაბალი ჰონორარი;
- 50 000–60 000 დოლარი – საშუალო დიაპაზონი;
- 100 000–200 000 დოლარი – ყველაზე ცნობადი მოდელების სავარაუდო ანაზღაურება.

რაც შეეხება მატილდა გვარლიანს, მისი ზუსტი ჰონორარი საჯაროდ ცნობილი არ არის. თუმცა, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული სავარაუდო შეფასებით, Victoria’s Secret-ის ერთ გამოსვლაში 15 000-დან 25 000 დოლარამდე გადაუხადეს.
მატილდას ანაზღაურების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი საერთაშორისო გამოცდილებაც – 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მოდის კვირეულებზე მან 15 ჩვენებასა და პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა, ითანამშრომლა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Gucci, Fendi, Louis Vuitton, Hermès და Stella McCartney.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! მატილდა გვარლიანი და Victoria’s Secret – როგორ იქცა ქართველი მოდელის ოცნება რეალობად











