თამარ კალანდაძის პროფესიული გზა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, დღეს მრავალმხრივ საქმიანობასა და მასშტაბურ ხედვას აერთიანებს. მისთვის მედიცინა მხოლოდ პროფესიული მიმართულება კი არ არის – სფეროა, რომელსაც საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო. MedFriend-ის შექმნით თამარმა მიზნად დაისახა სამედიცინო სფეროსა და საზოგადოების დაახლოება, სანდო ინფორმაციის გავრცელება და ისეთი სივრცის ჩამოყალიბება, სადაც პაციენტებისა და ექიმების ინტერესები თანაბრად იქნება გათვალისწინებული. დღეს MedFriend რამდენიმე დამოუკიდებელ პროექტს აერთიანებს, ხოლო მისი დამფუძნებელი სამედიცინო სფეროში ახალი შესაძლებლობების შექმნასა და საქმიანობის გაფართოებაზე მუშაობს. OK!-სთან ინტერვიუში თამარ კალანდაძე MedFriend-ის განვითარებაზე, საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და სამომავლო ამბიციებზე საუბრობს.
სამედიცინო სფეროში 2017 წლიდან ვარ და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მედიცინა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი პროექტი იყო Facebook-ჯგუფი „პლასტიკური ქირურგია და ქირურგებია“, რომელიც დღეს „Medfriend პლასტიკური ქირურგია და ქირურგების“ სახელით არის წარმოდგენილი და ათიათასობით ადამიანს აერთიანებს. თავიდანვე მინდოდა შემექმნა სივრცე, სადაც ადამიანები მიიღებდნენ საჭირო ინფორმაციას, გაეცნობოდნენ ექიმებსა და მათ გამოცდილებას და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებდნენ. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც საქართველოში საოპერაციო ბლოკიდან პირდაპირი ჩართვებისა და სამედიცინო ვლოგების გადაღება დაიწყო. მსურდა საზოგადოებისთვის მეჩვენებინა მედიცინის ის მხარე, რომელიც ხშირად კამერების მიღმა რჩება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ექიმები მხოლოდ თეთრ ხალათში არ დაინახონ – მათ უკან დგას დიდი პასუხისმგებლობა, შრომა და რთული გადაწყვეტილებები. თავადაც არაერთხელ ვყოფილვარ პაციენტის როლში, ამიტომ კარგად მესმის ორივე მხარის მოლოდინები და ემოციები. დღეს ჯგუფი უკვე MedFriend-ის ეკოსისტემის ნაწილია.
მოგვიყევით თქვენი ახალი პროექტების შესახებ?
MedFriend სიტყვასიტყვით „სამედიცინო მეგობარს“ ნიშნავს და ზუსტად გამოხატავს ჩემი საქმიანობის მთავარ იდეას. ჩემი მიზანია, შევქმნა მრავალფუნქციური სამედიცინო პლატფორმა, რომელიც სექტორის სხვადასხვა მიმართულებას გააერთიანებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია MedFriend Healthcare Award – დაჯილდოება, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და ორგანიზაციების წარმოჩენასა და დაფასებას ემსახურება. პროექტთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების საკითხები სამართლებრივად მოწესრიგებულია, შესაბამისი მასალები კი დეპონირებულია საქპატენტში. დაჯილდოება სხვადასხვა ნომინაციას მოიცავს, რომელთა ნაწილში გამარჯვებულები ხმის მიცემის საფუძველზე გამოვლინდებიან. ასევე გათვალისწინებულია სპეციალური ინდივიდუალური ნომინაციები. ჩემი სურვილია, ის სამედიცინო სფეროს მნიშვნელოვან ყოველწლიურ ღონისძიებად იქცეს. პარალელურად ვითარდება MedFriend TV, რომელიც ექიმებთან ინტერვიუებს, პოდკასტებსა და სამედიცინო სიახლეებს გააერთიანებს. ასევე ვმუშაობ MedFriend Shop-ზე, სადაც წარმოდგენილი იქნება სამედიცინო და პოსტოპერაციული დანიშნულების პროდუქცია, და MedFriend 4U-ზე – პაციენტების მხარდაჭერისა და სამედიცინო მომსახურების ორგანიზების მიმართულებაზე. ყველა ამ პროექტს ერთი მთავარი იდეა აერთიანებს – მედიცინა ადამიანებისთვის უფრო გასაგები, ხელმისაწვდომი და ახლობელი გახდეს.

თქვენ უკვე კოსმეტოლოგიის მიმართულებითაც საქმიანობთ. რატომ დაინტერესდით ამ სფეროთი?
კოსმეტოლოგია ყოველთვის მაინტერესებდა, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ მიმართულებით საქმიანობა შესაბამისი ცოდნითა და მომზადებით დამეწყო. ეს სფერო მიზიდავს, რადგან მასში მედიცინა და ესთეტიკა ერთმანეთს უკავშირდება. ჩემთვის ადამიანის გარეგნობაზე ზრუნვა მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ არის – ის ხშირად თავდაჯერებასა და საკუთარი თავის აღქმასაც უკავშირდება. მინდა, ჩემი საქმიანობით ადამიანებს დავეხმარო, რომ თავი უკეთ იგრძნონ. ამასთან, კარგად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რომელიც ნებისმიერ სამედიცინო თუ ესთეტიკურ ჩარევას ახლავს, ამიტომ მუდმივი სწავლა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ჩემთვის პრიორიტეტულია.
როგორ შეიცვალა თქვენი საქმიანობა და ინტერესები ბოლო წლების განმავლობაში?
წლების განმავლობაში სხვადასხვა გამოცდილება მივიღე – შეხება მქონდა მოდელობასთან, მედიის სფეროსთან, ღონისძიებების ორგანიზებასა და შემოქმედებით საქმიანობასთან. ამ ყველაფერმა მასწავლა ადამიანებთან ურთიერთობა, პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ დანახვა. ჩემი პროფესიული გზა მარტივი არ ყოფილა. იყო იმედგაცრუება და დაბრკოლებები, თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ შრომითა და მიზანდასახულობით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება. დღეს საკუთარ თავს მხოლოდ ერთი პროფესიით არ განვსაზღვრავ. მაინტერესებს მედიცინა, მენეჯმენტი, ბიზნესი და მედია, განსაკუთრებით კი ამ სფეროების გაერთიანებით ახალი შესაძლებლობების შექმნა.
სამედიცინო სფეროს მიღმა რით ხართ დაკავებული?
სიმართლე გითხრათ, საკმაოდ მრავალფეროვანი ინტერესები მაქვს, ერთ ადგილას გაჩერება არასდროს მიყვარდა. ჩემი ერთ-ერთი განსაკუთრებული გატაცება მოტოციკლებია – ჩემთვის ის თავისუფლებასა და ადრენალინთან ასოცირდება. ასევე მიყვარს სროლა, რომელიც კონცენტრაციას, დისციპლინასა და ემოციების კონტროლს მოითხოვს. შემოქმედებითი მხარეც ყოველთვის მქონდა. მიყვარს მუსიკა, სიმღერა, ხატვა, ფოტოგრაფია, ვიდეოების გადაღება და მოდელობა. მაინტერესებს DJ-ის მიმართულებაც. მიყვარს მოგზაურობა, ახალი გამოცდილებები და საინტერესო ადამიანების გაცნობა. ვფიქრობ, სწორედ ინტერესების მრავალფეროვნება ქმნის ჩემს ხასიათს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, პროფესიულ წარმატებასთან ერთად საკუთარი ინდივიდუალობაც შევინარჩუნო.
გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები – როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი საქმიანობა მომავალში?
ჩემი მთავარი მიზანია, MedFriend სრულფასოვან სამედიცინო ეკოსისტემად ჩამოყალიბდეს. ამჟამად ვმუშაობთ ვებგვერდზე – MedFriend.ge, რომელიც გააერთიანებს ინფორმაციას ექიმების, კლინიკების, სამედიცინო სიახლეებისა და სერვისების შესახებ. იგეგმება მობილური აპლიკაციის განვითარებაც, რათა მომხმარებლებისთვის პლატფორმით სარგებლობა კიდევ უფრო მარტივი გახდეს. ჩემი ხედვა მხოლოდ პლასტიკური ქირურგიით არ შემოიფარგლება. მსურს, სამედიცინო სექტორის სხვადასხვა მიმართულება მოვიცვა და MedFriend მრავალპროფილურ ბრენდად ვაქციო. მომავალში საკუთარი კლინიკის გახსნაზეც ვფიქრობ. მინდა, სამედიცინო განათლება და ბიზნესის მართვის გამოცდილება ერთმანეთს დავუკავშირო და ისეთი საქმე შევქმნა, რომელსაც გრძელვადიანი ღირებულება ექნება. ჩემთვის წარმატება მხოლოდ ფინანსური შედეგებით არ იზომება. მნიშვნელოვანია, რამდენად სასარგებლოა ის, რასაც ვაკეთებ და რამდენ ადამიანს ეხმარება. როდესაც საკუთარ წარსულს ვიხსენებ, მახსენდება პატარა გოგო, რომელსაც დიდი ოცნებები ჰქონდა, თუმცა ყოველთვის არ იცოდა, როგორ მიეღწია მათთვის. ბევრი სირთულე შემხვდა, მაგრამ თითოეულმა მათგანმა რაღაც მასწავლა. დღესაც ბევრი რამ მაქვს სასწავლი და გასაკეთებელი, თუმცა არსებული გამოწვევები არ მაშინებს. მინდა, მომავალში ვიყო წარმატებული ბიზნესლედი, პროფესიონალი სამედიცინო სფეროში, ადამიანი, რომელმაც საკუთარი იდეებით სხვებისთვისაც შექმნა შესაძლებლობები. თუ ჩემი გამოცდილება თუნდაც ერთ ადამიანს მისცემს მოტივაციას, საკუთარი ოცნებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგას, ეს ჩემთვის უკვე დიდი მიღწევა იქნება. მჯერა, რომ წარმატებას შრომა, გამბედაობა, მოთმინება და, რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენა სჭირდება.
ტექსტი: მარიამ შულაია
ფოტო: ალექსეი სეროვი












