ბავშვის აღზრდისა და განვითარების პროცესში მშობლის ჩართულობა, გარემოს სწორად შერჩევა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ბავშვის საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა, თერაპიული მუშაობის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება და ოჯახთან თანამშრომლობა „არგეას“ საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. რა სიახლეებს სთავაზობს ცენტრი ბავშვებსა და ოჯახებს და რა მიზანს ემსახურება მშობელთა აკადემია? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე OK!-სთან ინტერვიუში „არგეას“ დამფუძნებელი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი და ქცევითი თერაპევტი მარიამ ლაფერაშვილი გვესაუბრა.

ამ ეტაპზე რა სიახლეები აქვს „არგეას“ და რა ახალ მიმართულებებზე მუშაობთ?
„არგეასთვის“ განვითარება მხოლოდ სერვისების რაოდენობის ზრდას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ცენტრი მუდმივად ვითარდებოდეს პროფესიული თვალსაზრისითაც, პასუხობდეს ბავშვებისა და ოჯახების რეალურ საჭიროებებს და ქმნიდეს ისეთ გარემოს, სადაც თითოეული ბავშვი მიიღებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერას.
ამ ეტაპზე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა არსებული სერვისების გაძლიერება და თერაპიული მუშაობის კიდევ უფრო მეტად დაკავშირება ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებასთან. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ბუნებრივ გარემოში თერაპიას, მშობელთა ჩართულობასა და სხვადასხვა სპეციალისტის თანამშრომლობას.
ასევე ვმუშაობთ მშობელთა აკადემიის მიმართულების განვითარებაზე. მიგვაჩნია, რომ მშობელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს სანდო, პროფესიული ინფორმაცია ბავშვის განვითარების, ქცევის, ემოციური საჭიროებებისა და აღზრდის საკითხებზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკის ბავშვების მზაობაზე მუშაობაც. გარდა ამისა, ვავითარებთ ჯგუფურ მუშაობას, რომლის დროსაც ბავშვებს თანატოლებთან ურთიერთობის, რიგის დაცვის, თანამშრომლობის, საკუთარი სურვილების გამოხატვისა და კონფლიქტების მართვის შესაძლებლობა ეძლევათ.

რას გულისხმობს „არგეას“ მშობელთა აკადემია და რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულების განვითარება?
მშობელთა აკადემიის იდეა ეფუძნება ერთ მნიშვნელოვან პრინციპს: ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა მხოლოდ სპეციალისტის კაბინეტში არ იწყება და არ მთავრდება. შესაბამისად, მშობლის ცოდნასა და მხარდაჭერას ბავშვის განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ჩვენ ხშირად ვხვდებით მშობლებს, რომლებსაც, გულწრფელად სურთ მათი დახმარება, თუმცა, ზოგჯერ, არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაიგონ ბავშვის ქცევა, როგორ უპასუხონ მის ემოციურ საჭიროებებს ან როგორ დაეხმარონ რთული სიტუაციების მართვაში. ხშირად მშობელს უბრალოდ სწორი ინფორმაცია, პროფესიული მხარდაჭერა და კონკრეტული, პრაქტიკაში გამოსაყენებელი რეკომენდაციები სჭირდება.
მშობელთა აკადემიის მიზანია, მშობლებს მივაწოდოთ ცოდნა ბავშვის განვითარების ეტაპების, ქცევის ფსიქოლოგიის, ემოციური რეგულაციის, კომუნიკაციის, პოზიტიური აღზრდის, საზღვრების ჩამოყალიბებისა და ასაკთან შესაბამისი მოლოდინების შესახებ.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს მხოლოდ თეორიული ლექციების ერთობლიობა. მშობელმა მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება უნდა შეძლოს. ამასთან, მშობლის ჩართულობა არ უნდა გავიგოთ როგორც პასუხისმგებლობის მთლიანად ოჯახზე გადატანა. პირიქით, ჩვენი ამოცანაა, მშობელმა თავი მარტო არ იგრძნოს, ჰქონდეს კითხვების დასმის შესაძლებლობა, მიიღოს მხარდაჭერა განსჯისა და დადანაშაულების გარეშე.
რას გულისხმობს ბუნებრივ გარემოში თერაპია და რით განსხვავდება ის ტრადიციული თერაპიული მიდგომებისგან?
ბუნებრივ გარემოში თერაპია გულისხმობს ბავშვის საჭიროებებზე მორგებული თერაპიული მუშაობის წარმართვას მის ყოველდღიურ გარემოში – მაგალითად, სახლში, ბაღში, სკოლაში ან სხვა მისთვის მნიშვნელოვან სივრცეში. მთავარი იდეაა, ბავშვმა საჭირო უნარები არა მხოლოდ სპეციალურად ორგანიზებულ თერაპიულ გარემოში, არამედ იმ რეალურ სიტუაციებშიც განავითაროს, სადაც ყოველდღიურად უწევს მათი გამოყენება.
ბუნებრივი გარემოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა უნარების განზოგადების ხელშეწყობაა. ზოგჯერ ბავშვი სპეციალისტთან მუშაობისას წარმატებით ასრულებს დავალებას, თუმცა სახლში ან სკოლაში იმავე მოქმედების დამოუკიდებლად შესრულება უჭირს.
ამ მიდგომის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვის ქცევა, არამედ გარემოც. ვაკვირდებით, რამდენად გასაგებია მისთვის ინსტრუქცია, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა მის შესაძლებლობებს, ხომ არ არის გარემო ზედმეტად ხმაურიანი ან სენსორულად დატვირთული და აქვს თუ არა ბავშვს კომუნიკაციისთვის საჭირო საშუალებები.
რაც შეეხება განსხვავებას ტრადიციულ თერაპიულ მიდგომებთან, არ მინდა ეს ორი ფორმა ერთმანეთის საპირისპიროდ წარმოვაჩინო. თერაპიული ოთახი, სტრუქტურირებული დავალებები და ინდივიდუალური მუშაობა ბევრ შემთხვევაში აუცილებელი და ეფექტიანია, ბუნებრივ გარემოში თერაპია კი დამატებით შესაძლებლობას გვაძლევს, ბავშვთან მუშაობა მის რეალურ ყოველდღიურობას დავუკავშიროთ.
გვესაუბრეთ „არგეას“ სერვისების შესახებ.
„არგეა“ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური ცენტრია, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულება ბავშვის განვითარების, ემოციური კეთილდღეობისა და ფუნქციური უნარების მხარდაჭერაა. ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ბავშვს აქვს განვითარების ინდივიდუალური ტემპი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქცევითი თერაპია. ამ პროცესში მუშაობა შეიძლება მოიცავდეს კომუნიკაციის, დამოუკიდებლობის, სოციალური ურთიერთობების, ყოველდღიური უნარებისა და ქცევის რეგულაციის განვითარებას. მეტყველებისა და კომუნიკაციის მიმართულებით ბავშვებს ვეხმარებით ენობრივი და კომუნიკაციური უნარების განვითარებაში. ფსიქოთერაპია ემსახურება ბავშვისა და მოზარდის ემოციური სირთულეებისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მხარდაჭერას.
ჩვენი საქმიანობის ნაწილია სენსორული ინტეგრაცია და ოკუპაციური თერაპიაც, რომელთა მიზნები სპეციალისტის შეფასებასა და ბავშვის საჭიროებებზეა დამოკიდებული.
ასევე გვაქვს აკადემიური უნარების განვითარების მიმართულება, რომელიც ბავშვს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში ეხმარება.
ცალკე აღსანიშნავია სკოლამდელი მზაობისა და ჯგუფური პროგრამები. სკოლისთვის მომზადება მხოლოდ ასოების, ციფრების ან სხვა აკადემიური მასალის ცოდნას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია, ბავშვს შეეძლოს ინსტრუქციის გაგება, ყურადღების გადატანა, დახმარების თხოვნა, თანატოლებთან თანამშრომლობა, ემოციების მართვა და ყოველდღიურ რუტინასთან შეგუება.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია მშობელთა კონსულტირება და მხარდაჭერა. ბავშვის სირთულეების გაგება, მიზნების სწორად განსაზღვრა და ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება ოჯახთან მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს.
მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ჩამოთვლილი სერვისები ერთმანეთისგან იზოლირებულად არ უნდა განვიხილოთ. საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სპეციალისტის თანამშრომლობა ბავშვის საჭიროებების უფრო სრულყოფილად დანახვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, ყველა ბავშვს ყველა სერვისი არ სჭირდება. ჩვენი ამოცანაა, შევარჩიოთ ის მიმართულებები, რომლებიც კონკრეტულ ბავშვს რეალურად გამოადგება.

რას ურჩევდით მშობლებს, რომლებსაც სურთ, უკეთ გაუგონ საკუთარ შვილებს და ხელი შეუწყონ მათ ჰარმონიულ განვითარებას?
პირველ რიგში, მშობლებს ვურჩევდი, რომ ბავშვის ქცევას მხოლოდ გარეგნული გამოვლინებით არ შეხედონ. ის ხშირად გამოხატავს ბავშვის ემოციებს, საჭიროებებსა და სირთულეებს, რომელთა სიტყვებით გადმოცემაც შესაძლოა ჯერ არ შეეძლოს.
ბავშვს სჭირდება საზღვრები, სტაბილურობა და თანმიმდევრულობა, თუმცა მათი დაწესება შესაძლებელია დამცირების, დაშინებისა და ფიზიკური დასჯის გარეშე.
მნიშვნელოვანია ბავშვის მოსმენაც – მისი განცდებისა და აზრების გათვალისწინება არ ნიშნავს, რომ მშობელმა ყველა გადაწყვეტილება მას უნდა გადააბაროს. ასევე, მშობლებმა ბავშვები ერთმანეთს არ უნდა შეადარონ, რადგან ისინი განვითარების ტემპით, ინტერესებითა და უნარებით განსხვავდებიან. ბავშვის წარმატება მხოლოდ აკადემიური მიღწევებით არ უნდა შეფასდეს – დამოუკიდებლობა, ემოციების გამოხატვა და სირთულეებთან გამკლავებაც განვითარების მნიშვნელოვანი ნიშნებია.
თუ ბავშვის მეტყველება, ქცევა, ემოციური მდგომარეობა ან სოციალური ურთიერთობები შეშფოთებას იწვევს, უმჯობესია, მშობელმა დროულად მიმართოს შესაბამის სპეციალისტს.
ამასთან, ჰარმონიული განვითარება არ ნიშნავს, რომ ბავშვს არასდროს აქვს რთული ემოციები ან ყოველთვის ემორჩილება უფროსს. მთავარია, ის უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს, შეეძლოს საკუთარი თავის გამოხატვა და იცოდეს, რომ შეცდომის დაშვების შემთხვევაშიც მხარდაჭერას მიიღებს.
სწორედ ეს არის ჩვენი მიდგომის საფუძველიც „არგეაში“- გვჯერა, რომ თითოეულ ბავშვს აქვს განვითარების შესაძლებლობა, თუმცა ამ გზაზე მას სჭირდება ინდივიდუალურად შერჩეული მხარდაჭერა, პროფესიული ცოდნა, თანამშრომლობა და ისეთი გარემო, სადაც მისი პიროვნება და საჭიროებები პატივისცემით იქნება მიღებული.
ტექსტი: მარიამ შულაია
ფოტო: ალექსეი სეროვი












