სამედიცინო სფეროში საზოგადოებასთან ურთიერთობა მხოლოდ ორგანიზაციის იმიჯის მართვას არ გულისხმობს, ის პაციენტებთან ნდობის ჩამოყალიბებასა და ინფორმაციის სწორად მიწოდებასაც ემსახურება. ამ სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროფესიულ სიზუსტესა და ეთიკურ კომუნიკაციას. სამედიცინო PR-ის თავისებურებებსა და ციფრული კომუნიკაციის როლზე OK!-სთან ინტერვიუში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების პროფესიონალმა, ეკატერინე ხიდაშელმა ისაუბრა.
ეკატერინე, როგორია თქვენი პროფესიული საქმიანობა და რა ძირითადი თავისებურებებით გამოირჩევა სამედიცინო სფეროში საზოგადოებასთან ურთიერთობა?
ჩემი პროფესიული საქმიანობა საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებებს აერთიანებს. ჩემთვის PR მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება არ არის – ეს ორგანიზაციის ღირებულებების სწორად წარმოჩენა, მისი რეპუტაციის მართვა და საზოგადოებასთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებაა. სამედიცინო სფეროში ამ პროცესს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ახლავს, რადგან კომუნიკაციის ცენტრში ადამიანის ჯანმრთელობა, ემოციები და გადაწყვეტილებები დგას. აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რას ვამბობთ, არამედ ისიც, რამდენად ზუსტად, გასაგებად და ეთიკურად ვაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას. ვფიქრობ, სამედიცინო PR-ის მთავარი თავისებურება ბალანსის შენარჩუნებაა – პროფესიულ სიზუსტესა და ადამიანურ ენას, ორგანიზაციის ინტერესებსა და პაციენტის საჭიროებებს შორის. ამ სფეროში ძლიერი კომუნიკაცია დადებითი იმიჯის შექმნასთან ერთად სანდო და ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.

თქვენი პროფესიული საქმიანობა დაზღვევის სფეროს უკავშირდება. როგორ ებმის სადაზღვევო ინდუსტრიაში მიღებული გამოცდილება სამედიცინო კომუნიკაციას და რა პროფესიულ უპირატესობას გაძლევთ ეს გამოცდილება?
უკვე16 წელია, ჩემი პროფესიული საქმიანობა სადაზღვევო სფეროს უკავშირდება. დღესაც აქტიურად ვმუშაობ სადაზღვევო კომპანია „არდიში“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. სწორედ სადაზღვევო ინდუსტრიაში მუშაობა აძლიერებს შესაძლებლობას, სამედიცინო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს უფრო ფართო პერსპექტივიდან შევხედო. ეს ორი მიმართულება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რადგან ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია ადამიანის საჭიროებების გააზრება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად მიწოდება და ნდობის ჩამოყალიბება. ჩემი პროფესიული გამოცდილების მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ კომუნიკაციას ვაფასებ არა მხოლოდ გზავნილის ეფექტიანობის, არამედ მისი პრაქტიკული მნიშვნელობისა და ადამიანზე შესაძლო გავლენის გათვალისწინებით, რაც შესაძლებლობას მაძლევს, სხვადასხვა აუდიტორიის საჭიროებები გავითვალისწინო და რთული საკითხები მათთვის გასაგებ, თანმიმდევრულ და სანდო გზავნილებად ვაქციო. სწორედ სადაზღვევო სფეროში მიღებული გამოცდილების მეშვეობით შევძელი სამედიცინო სფეროში საზოგადოებასთან ურთიერთობას მივუდგე როგორც სტრატეგიულ პროცესს, რომლის მიზანი გრძელვადიანი ნდობისა და ძლიერი რეპუტაციის შექმნაა.
რა განასხვავებს სამედიცინო სფეროს PR-ს სხვა მიმართულებებისგან და რატომ არის ამ სფეროში კომუნიკაციისას განსაკუთრებული სიზუსტე და პასუხისმგებლობა საჭირო?
სამედიცინო სფეროს მთავარი განსხვავება ის არის, რომ აქ კომუნიკაციის ცენტრში ადამიანია და ხშირად – მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. სხვა სფეროებში კომუნიკაციის მიზანი შეიძლება პროდუქტის, მომსახურების ან ბრენდის პოპულარიზაცია იყოს, თუმცა ჯანდაცვაში აუცილებელია, რომ გზავნილი იყოს ზუსტი, ეთიკური, გასაგები და არ ქმნიდეს მცდარ მოლოდინებს.
ჩემთვის სამედიცინო PR-ის მთავარი პრინციპი ასეთია: კომუნიკაცია შეიძლება იყოს ემოციური, მაგრამ არასოდეს უნდა გახდეს მანიპულაციური; შეიძლება იყოს შემოქმედებითი, მაგრამ არასოდეს უნდა დაკარგოს სიზუსტე.

რა როლს ასრულებს ეფექტიანი კომუნიკაცია პაციენტების ნდობის მოპოვებასა და შენარჩუნებაში?
ჯანდაცვის სფეროში ნდობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალია. პაციენტს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მის წინაშე არის ორგანიზაცია, რომელიც არა მხოლოდ პროფესიულ მომსახურებას სთავაზობს, არამედ უსმენს, პატივს სცემს და პასუხისმგებლობით ეკიდება მის საჭიროებებს. ეფექტიანი კომუნიკაცია სწორედ ამ ნდობის საფუძველს ქმნის. ეს ნიშნავს ინფორმაციის დროულად, გასაგებად და გულწრფელად მიწოდებას, კითხვებზე პასუხის გაცემას და რთულ სიტუაციებშიც კომუნიკაციის შენარჩუნებას. ნდობა ყოველდღიური, თანმიმდევრული და გულწრფელი კომუნიკაციის შედეგია.
როგორ იცვლება სამედიცინო სფეროში PR-ის მიდგომები სოციალური მედიისა და ციფრული კომუნიკაციის განვითარებასთან ერთად?
ციფრული კომუნიკაციის განვითარებამ სამედიცინო PR-ის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააფართოვა. დღეს ორგანიზაციას საზოგადოებასთან ურთიერთობა ტრადიციული მედიის, სოციალური ქსელების, ვიდეოკონტენტის, საგანმანათლებლო პლატფორმებისა და სხვა ციფრული არხების საშუალებით შეუძლია. ამასთან ერთად, გაიზარდა კომუნიკაციის სისწრაფეც და პასუხისმგებლობაც. ინფორმაცია წამებში ვრცელდება, შესაბამისად, ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ამბობს, არამედ რამდენად სწრაფად, ზუსტად და სწორ კონტექსტში ამბობს. დღეს სამედიცინო PR-ში განსაკუთრებით აქტუალურია საგანმანათლებლო და ღირებულებაზე დაფუძნებული კონტენტი – ისეთი კომუნიკაცია, რომელიც პაციენტს მხოლოდ დაწესებულებას არ აცნობს, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების უკეთ გაგებაში ეხმარება.
თქვენი გამოცდილებით, რა არის სამედიცინო სფეროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგის მთავარი პასუხისმგებლობა?
ჩემი აზრით, მთავარი პასუხისმგებლობა ნდობის შექმნა და დაცვაა – როგორც პაციენტებთან, ისე საზოგადოებასთან, მედიასთან და თავად ორგანიზაციის შიგნით. PR სტრატეგი, გარკვეულწილად, ხიდია სამედიცინო პროფესიონალებსა და საზოგადოებას შორის. მისი ამოცანაა, რთული პროფესიული ინფორმაცია საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე გადმოსცეს ისე, რომ არც სამედიცინო სიზუსტე დაიკარგოს და არც ადამიანური მხარე. ამასთან, მნიშვნელოვანია რეპუტაციის სტრატეგიული მართვა, კრიზისულ სიტუაციებზე მზადყოფნა, მედიისა და ციფრული არხების ეფექტიანი მართვა, ორგანიზაციის ღირებულებების თანმიმდევრულად წარმოჩენა.
რამდენად შესაძლებელია სამედიცინო სფეროში რთული ან სენსიტიური ინფორმაციის საზოგადოებისთვის გასაგებად გადმოცემა და რა უნდა გაითვალისწინოს კომუნიკაციის სპეციალისტმა ამ დროს?
ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი ნაწილია. როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, ინფორმაციის მიღმა ყოველთვის არსებობს ემოციური კონტექსტიც – შიში, მოლოდინი, გაურკვევლობა ან იმედი. ამიტომ კომუნიკაციის სპეციალისტმა უნდა გაითვალისწინოს აუდიტორიის მდგომარეობა და ცოდნის დონე. რთული სამედიცინო ტერმინების გამოყენებით ინფორმაციის „გართულება“ პროფესიონალიზმის ნიშანი არ არის. პირიქით, პროფესიონალიზმია რთული საკითხის მარტივად, ზუსტად და პასუხისმგებლობით ახსნა. მნიშვნელოვანია ბალანსიც – არ უნდა შევქმნათ ზედმეტი შიში, მაგრამ, არც რეალური რისკები უნდა დავაკნინოთ; არ უნდა მივცეთ ადამიანს ცრუ იმედი, თუმცა კომუნიკაცია აუცილებლად უნდა იყოს ადამიანური და ემპათიური.

როგორ ფიქრობთ, რა უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც სამედიცინო სფეროში PR-ის მიმართულებით მუშაობა სურს?
უპირველესად – პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ადამიანების მოსმენის უნარი. ვფიქრობ, სამედიცინო PR-ში მხოლოდ კარგ კომუნიკატორად ყოფნა საკმარისი არ არის. აუცილებელია ემპათია, კრიტიკული აზროვნება, დეტალებზე ყურადღება და მუდმივი სწავლის სურვილი. ასევე მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს სპეციფიკის გაცნობიერება – PR სპეციალისტს ექიმის ფუნქცია არა აქვს, მაგრამ მას უნდა შეეძლოს ექიმებთან ეფექტიანი თანამშრომლობა და მათი პროფესიული ცოდნის საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე გადმოტანა. საჭიროა თანამედროვე ციფრული კომუნიკაციების ცოდნა, კრეატიულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი და სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაცია. მაგრამ თუ ერთ მთავარ თვისებას გამოვყოფდი, ეს იქნებოდა სიტყვის პასუხისმგებლობის გაცნობიერება. სამედიცინო PR-ში თითოეულ სიტყვას შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის აღქმაზე, გადაწყვეტილებასა და ნდობაზე. ამიტომ ჩემთვის ამ სფეროში კომუნიკაცია მხოლოდ პროფესია კი არა, დიდი პასუხისმგებლობაც არის.
ტექსტი: მარიამ შულაია
ფოტო: ალექსეი სეროვი












