UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ახალი სასიყვარულო ურთიერთობა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. უცხოური და ქართული მედიის ცნობით, სპორტსმენის რჩეული ანსამბლ „სუხიშვილების“ 19 წლის მოცეკვავე ლინა სიჭინავაა.
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში მათი ერთობლივი ფოტოც გავრცელდა.

ლინა სიჭინავა „სუხიშვილების“ ახალი თაობის წარმომადგენელია. მისი სახელი ფართო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთ ქორწილში შესრულებულმა ცეკვამ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. თუმცა ლინას პროფესიული გზა მხოლოდ პოპულარულ ვიდეოებს არ უკავშირდება – „სუხიშვილებში“ მოხვედრას წლების განმავლობაში დაუღალავი შრომა და ყოველდღიური ვარჯიში უძღოდა წინ.


როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, ცეკვა ექვსი წლის ასაკიდან დაიწყო, „სუხიშვილებში“ კი რამდენიმე წლის წინ მივიდა. თავდაპირველად ანსამბლის სტუდიაში ჩაირიცხა, შემდეგ კი სტაჟიორთა ჯგუფში გადავიდა, სადაც ყოველდღიურად, დილიდან საღამომდე ვარჯიშობდა.


დღეს ლინა ანსამბლის ახალი თაობის მოცეკვავეა. პარალელურად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მენეჯმენტს სწავლობს, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობს და დამოუკიდებელი მოდელის საქმიანობასაც ეწევა. ამასთან, „სუხიშვილების“ აკადემიაში 5-დან 15 წლამდე ბავშვებს ქართულ ცეკვას ასწავლის.

მისი თქმით, სოციალურ ქსელებში თავდაპირველად TikTok-ზე გამოქვეყნებული ბავშვური ვიდეოებით გააქტიურდა, მოგვიანებით კი კონტენტი შეცვალა და ძირითადად ცეკვის, რეპეტიციებისა და კონცერტების კადრების გაზიარება დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა ქორწილებში გადაღებულმა ვიდეოებმა მოუტანა.



რაც შეეხება ილია თოფურიასთან სავარაუდო ურთიერთობას, ამ თემაზე განსაკუთრებული გამოხმაურება ნინო სუხიშვილის მიმართვამაც გამოიწვია. მან სოციალურ ქსელში ლინას წარმატებასა და პირად ცხოვრებაში მომხდარ სასიხარულო სიახლესთან დაკავშირებით დაწერა და ბედნიერება უსურვა:
„ლინა, ჩემო ლამაზო, უსაზღვროდ გახარებული ვარ იმ სიახლით, რაც შენს პირად ცხოვრებაში ხდება, სულ ასეთი მოღიმარი, ბედნიერი და ლამაზი იყავი მუდამ, ყველა იმ ბოროტი, შურიანი და ბოღმა ადამიანის ჯინაზე, ულევ სიყვარულს გისურვებ!“ – წერს ნინო სუხიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ილია თოფურიასა და ლინა სიჭინავას რომანი ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

თოფურიას პირად ცხოვრებაში ეს პირველი გახმაურებული ურთიერთობა არ არის. მანამდე UFC-ის ჩემპიონი ჯორჯინა უსკატეგუიზე იყო დაქორწინებული. წყვილს საერთო ქალიშვილი ჰყავს, რომელიც 2024 წლის ივნისში დაიბადა.
2025 წელს ილიასა და ჯორჯინას დაშორების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რასაც სამართლებრივი დავაც მოჰყვა. პირადი ცხოვრების რთული პერიოდის შესახებ მებრძოლმა მოგვიანებით თავადაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახის დანგრევა მისთვის მძიმე გამოცდილება იყო.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! ილია თოფურიამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ პირველი სამართლებრივი დავა მოიგო












