„ჩემი ცოლის დაქალები“ ტელეეკრანებს უბრუნდება – პოპულარული ქართული სერიალის დაბრუნებას მაყურებელი რამდენიმე წელი ელოდა.
მისი პერსონაჟები, გამორჩეული იუმორი და საზოგადოებრივ მოვლენებზე დაკვირვებული, ხშირად მწვავე სატირა ქართულ სატელევიზიო სივრცეში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
სერიალის დაბრუნება არაერთ კითხვას აჩენს: რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, როგორ გაგრძელდება მაყურებლისთვის ნაცნობი ისტორია და რა სიახლეები ელოდება მათ ახალ სეზონში?
ამ და სხვა საკითხებზე OK! Magazine-ს „ჩემი ცოლის დაქალების“ პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე ესაუბრა:

„ჩემი ცოლის დაქალები“ ტელეეკრანებს უბრუნდება. როდის გადაწყდა სერიალის დაბრუნება და რა გახდა ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი?
სერიალის დაბრუნებაზე ფიქრი და ამ მიმართულებით მუშაობა მისი შეჩერების დღიდან არ შეგვიწყვეტია. წლების განმავლობაში სულ უფრო ნათლად ვხედავდით, რომ მაყურებელს „ჩემი ცოლის დაქალების“ დაბრუნება სურდა და ინტერესი დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო იზრდებოდა. საბოლოოდ, ჩვენმა ხანგრძლივმა მცდელობამ შედეგი გამოიღო. დაინტერესებული ბიზნესების მხარდაჭერითა და ჩართულობით შესაძლებელი გახდა პროექტის განახლება და მისი ტელეეკრანებზე დაბრუნება. გვიხარია, რომ სერიალს მაყურებელი კვლავ იხილავს.
ვინ მუშაობს ახალი სეზონის სცენარზე? კვლავ იგივე შემოქმედებითი გუნდი გააგრძელებს მუშაობას? რას გვეტყვით სამსახიობო შემადგენლობაზე?
სცენარზე, რა თქმა უნდა, ქეთი დევდარიანი მუშაობს, რაც ვფიქრობ, მაყურებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამბავია. გადამღები ჯგუფიც „ჩემი ცოლის დაქალების“ ძველი და გამოცდილი წევრებისგან დაკომპლექტდება. სერიალის რეჟისორები გიორგი ლიფონავა და გიორგი თავართქილაძე იქნებიან. გვინდა, შევინარჩუნოთ ის შემოქმედებითი გუნდი და სამუშაო გარემო, რომლებმაც პროექტის ხასიათისა და სტილის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
რაც შეეხება მსახიობებს, ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დარჩება, თუმცა მაყურებელს გარკვეული სიახლეებიც ელოდება. ამ ეტაპზე კონკრეტული დეტალების გამხელისგან თავს შევიკავებთ.

როდის დაიწყება გადაღებები და როდის იხილავს მაყურებელი ახალი სეზონის პრემიერას?
გადაღებებს უახლოეს დღეებში დავიწყებთ. ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და გუნდი ახალი სეზონის გადასაღებად ემზადება. პრემიერა წლის ბოლომდე, დეკემბერში შედგება და სერიალს მაყურებელი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში იხილავს. კვირაში – ორი სერია.
პრემიერის ზუსტი თარიღის გამოცხადებას ცალკე მარკეტინგულ მოვლენად ვგეგმავთ, ამიტომ ამ ინფორმაციას მაყურებელს ძალიან მალე გავუზიარებთ. მანამდე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკრანზე დაბრუნებისთვის მზადება უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
იქნება ახალი სეზონი ძველი სიუჟეტური ხაზების გაგრძელება თუ მაყურებელს სრულიად ახალი ისტორიებიც ელოდება?
ახალ სეზონში ვიხილავთ როგორც უკვე ნაცნობი თემებისა და სიუჟეტური ხაზების გაგრძელებას, ისე ახალ ამბებსა და პერსონაჟებთან დაკავშირებულ ისტორიებს. ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ გავამხელთ, რადგან არ გვინდა, მაყურებელს წინასწარ გავუმხილოთ ის, რაც სერიალის ყურებისას უნდა აღმოაჩინოს. „სპოილერებისგან“ თავს შევიკავებთ.

წლების განმავლობაში სერიალი აქტიურად ეხმიანებოდა ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს. ახალ სეზონშიც ვიხილავთ თანამედროვე პრობლემებს, აქტუალურ თემებსა და სოციალურ სატირას?
„ჩემი ცოლის დაქალებს“ უკვე ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი ღირებულებითი და ესთეტიკური ფორმა, განსაკუთრებული ხასიათი და ხელწერა, რაც, ვფიქრობ, მაყურებლის სიყვარულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. შესაბამისად, არ ვაპირებთ, ვუღალატოთ მაყურებელს. ახალ სეზონშიც აუცილებლად იქნება სოციალური და პოლიტიკური სატირა. სერიალი შეინარჩუნებს იმ მიმართულებას, რომლითაც მაყურებელმა შეიყვარა, და კვლავ შეეხება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს.
და ბოლოს, შეიძლება თუ არა, რომ ეს დაბრუნება მხოლოდ ერთი სეზონით არ შემოიფარგლოს და სერიალმა მომდევნო წლებშიც გააგრძელოს არსებობა?
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეთერში დაბრუნება ერთჯერადი მოვლენა არ იქნება. გვინდა, სერიალმა მაყურებელს კიდევ დიდხანს მოუტანოს სიხარული და შეძლოს იმ ინტერესისა და სიყვარულის შენარჩუნება, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ჩვენი სურვილია, „ჩემი ცოლის დაქალები“ ეკრანზე მანამ დარჩეს, სანამ მაყურებლისთვის საინტერესო იქნება.











