7 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლემ დივალის მე-9 გრანდიოზულ კარნავალს უმასპინძლა. ღონისძიებამ ათასობით ადამიანი, მათ შორის ინდოელი სტუდენტები, საქართველოში მცხოვრები ინდოეთის მოქალაქეები და ქართველი სტუმრები გააერთიანა.
საღამო ინდური კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ღონისძიების ფარგლებში 500 თიხის სანათი აინთო, შესრულდა საქართველოსა და ინდოეთის სახელმწიფო ჰიმნები, გაიმართა მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები. მაყურებლის წინაშე წარდგნენ ინდოელი სტუდენტები, ქართული ფოლკლორული ჯგუფი „ახალი ბანა“, ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული მუსიკოსები.
კარნავალის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არასამთავრობო ორგანიზაციამ Cultural Diversity for Peaceful Future (NGOCDPF), რომლის მიზანი კულტურებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და ქართულ-ინდური მეგობრობის ხელშეწყობაა.

ღონისძიების მნიშვნელობასა და მის ორგანიზებაში ჩართული ადამიანების წვლილზე NGOCDPF-ის თავმჯდომარე დარისპან პრაშერი საუბრობს:
7 ნოემბერს, როდესაც ვიხილე, როგორ ივსებოდა თბილისის სპორტის სასახლე ათასობით ადამიანისგან, რომლებიც ტრადიციულ ინდურ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი, და როგორ შემოგვიერთდნენ ასობით ქართველი მეგობარი დივალის აღსანიშნავად, მივხვდი, რომ ჩვენმა შრომამ და თავდადებამ ნამდვილად გაამართლა.
500 ანთებული თიხის სანათი, ინდოეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, ჩვენი სტუდენტების გამოსვლები, მუსიკა, ცეკვა და ორ ქვეყანას შორის მეგობრობის განსაკუთრებული ატმოსფერო – ეს ყველაფერი დაუვიწყარ მოგონებად დარჩება.
როგორც NGOCDPF-ის თავმჯდომარეს, ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩვენი მისია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კულტურული ღონისძიებების ორგანიზება. ჩვენი მიზანია კულტურებს შორის ხიდების აგება, ადამიანების დაახლოება და ისეთი მოგონებების შექმნა, რომლებიც თაობებს გააერთიანებს.

ამ ღონისძიების უკან უამრავი ადამიანის შრომა დგას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოხალისეებს, გუნდის წევრებს, ინდოეთის საელჩოს, სპონსორებსა და თითოეულ ადამიანს, რომელმაც ამ დღესასწაულის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო.
როდესაც ვხედავდი, როგორ ზეიმობდნენ, ცეკვავდნენ და სიხარულს უზიარებდნენ ერთმანეთს ქართველები და ინდოელები, კიდევ ერთხელ მივხვდი, რატომ დავიწყეთ ეს გზა.
500 სანათი ავანთეთ, მაგრამ ათასობით გული გავანათეთ!“ – აღნიშნავს დარისპან პრაშერი.
ღონისძიების გენერალური სპონსორი TBC Bank იყო. მხარდამჭერებს შორის იყვნენ East West University, Geosteel, თბილისის სამედიცინო აკადემია და NEOBET. კარნავალი ინდოეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
დივალის მე-9 კარნავალი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გახდა, რომელმაც საქართველოსა და ინდოეთს შორის კულტურული კავშირები და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები წარმოაჩინა.











