იტალიელი დიზაინერი პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობას ტოვებს. მოდის სახლმა მასთან თანამშრომლობის დასრულების შესახებ 5 ნოემბერს განაცხადა. პიჩოლი ბრენდის სათავეში მხოლოდ 16 თვის განმავლობაში იყო, მის შემცვლელად კი ბრიტანელი დიზაინერი მარტინ როუზი დაინიშნა.

პიჩოლი Balenciaga-ს 2025 წლის ივლისში შეუერთდა და დემნა გვასალია ჩაანაცვლა. მისი დანიშვნა მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებად მიიჩნეოდა, რადგან დიზაინერს Valentino-ში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.
Balenciaga-ს დატოვების შემდეგ მან სოციალურ ქსელში ვრცელი ემოციური წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც კუტიურის მნიშვნელობაზე, საკუთარ შემოქმედებით გზასა და მოდის სახლთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. დიზაინერს წასვლის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.
„კუტიური აზროვნების ფორმაა, ხედვა, რომლითაც სამყაროს აღქმას ვირჩევთ. ეს ჯერ კიდევ შეუსწავლელი სივრცეა, ნაზი ეკოსისტემა, სადაც ზრუნვასა და ადამიანურ ურთიერთობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
წლების განმავლობაში კუტიურისადმი ჩემი სიყვარული განსაზღვრავდა, ვინ ვარ. ის გავლენას ახდენდა ჩემს არჩევანსა და იმ გზებზე, რომლებსაც მივყვებოდი. გამოცდილება დაკვირვებით, პრაქტიკითა და მოსმენით მივიღე.
კუტიური დროსა და ყურადღებას მოითხოვს, ის ერთგულებასა და გამბედაობას საჭიროებს. ეს ის სფეროა, სადაც ყოველთვის მინდოდა ყოფნა და სივრცე, რომელშიც ცხოვრება თავად ავირჩიე.
ასე მესმის ეს პროფესია: ის მხოლოდ გარეგნული იერი არ არის – ეს ჟესტია; მხოლოდ სილუეტი კი არა, ოსტატურად მომუშავე ხელიც, ხედვა და პერსპექტივაა, რომლითაც წარმოსახვით სამყაროს ვუყურებთ.
საბოლოოდ, ჩვენი იდენტობა და ღირებულებები ერთადერთია, რაც ნამდვილად გვეკუთვნის. საკუთარი თავისა და ამ ღირებულებების ერთგულება კი ერთადერთი გზაა, რომ მომავალს ღირსეულად შევხვდეთ.
მადლობა ყველაფრისთვის – გაწეული შრომისთვის, გამბედაობისა და ზრუნვისთვის. მადლობა ყველას, ვინც ეს ხედვა გაიზიარა და ამ გზაზე ჩემ გვერდით იარა. რუკებისა და კომპრომისების გარეშე. თქვენ თავად იცით, ვისაც ვგულისხმობ.
და, ყველაფრის მიუხედავად, იბრწყინეთ. ყოველთვის.
სიყვარულით, პიერპაოლო“.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! დემნა გვასალიას სახლი მილანში – დიზაინერის პირადი სივრცე იურგენ ტელერის ობიექტივში
#OK! დემნა გვასალიას კაბა Gucci-ს მუზეუმში – ფლორენციაში ბრენდის ახალი გამოფენა გაიხსნა











