ჰეილი ბიბერმა იშვიათ ინტერვიუში სოციალურ ქსელებში მუდმივი ბულინგის შესახებ ისაუბრა – მისი თქმით, იყო პერიოდი, როცა საზოგადოების ზეწოლის გამო სუციდური ფიქრებიც კი ჰქონდა.
ამის შესახებ მოდელმა 18 ნოემბერს, The New York Times-ის DealBook Summit-ზე, ჟურნალისტ ენდრიუ როს სორკინთან საუბრისას განაცხადა. ჰეილიმ გაიხსენა, როგორ აისახა მასზე წლების განმავლობაში მიმდინარე საჯარო განხილვა და რატომ აღმოჩნდა მისთვის განსაკუთრებით რთული ჯასტინთან ურთიერთობის დასაწყისი.

მისი განცხადებით, ყოველდღიურად იღებდა შეტყობინებებს, რომლებშიც თვითმკვლელობისკენ მოუწოდებდნენ. ამასთან, შეურაცხყოფას ქუჩაშიც აყენებდნენ, ხოლო უცნობები საჯაროდ ადარებდნენ ჯასტინის ყოფილ პარტნიორს, სელენა გომესს.
„ყოველდღე მწერდნენ, რომ თავი მომეკლა. იყო პერიოდი, როდესაც ქუჩაში ხალხი მიყვიროდა. ადამიანების დამოკიდებულება იმდენად საშინელი იყო, რომ ვფიქრობდი, შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო, საერთოდ აღარ მეარსება. ძალიან მძაფრად აღვიქვამდი იმ გრძნობებს, რომლებსაც სხვები ჩემს მიმართ გამოხატავდნენ“.
ჰეილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში საზოგადოების ყურადღებისა და მუდმივი კრიტიკის პირობებში გარკვეული გამძლეობა გამოიმუშავა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უარყოფითი კომენტარები მასზე გავლენას აღარ ახდენს.

„ვფიქრობ, დროთა განმავლობაში გარკვეული გამძლეობა გამომიმუშავდა. როდესაც ამდენ ხანს გიწევს ასეთი ინტენსიური დაკვირვებისა და შეფასების ატანა. თუმცა ზედმეტად მგრძნობიარე ვარ – თავს ვერ მოვაჩვენებ, თითქოს ეს არ მაწუხებს. ყველაფერს ყურადღებას ვაქევ. არ შემიძლია ვთქვა: „კარგი, უბრალოდ დავაიგნორებ“. ასე არ ვმუშაობ. ზედმეტად მგრძნობიარე ვარ და ზედმეტად ბევრი რამ მადარდებს.
ვცდილობ, შინაგანი თვითრეგულაცია ვისწავლო და საკუთარ თავს ვუთხრა: კარგი, დღევანდელი დღისთვის საკმარისია. ახლა ტელეფონი უნდა გადავდოთ, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ და ერთად ყოფნით დავტკბეთ. თუმცა საკუთარი თავის შეზღუდვა რთულია, რადგან სოციალური ქსელები მუდმივად ხელმისაწვდომია“, -განმარტა მან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰეილი ბიბერი სუიციდურ ფიქრებზე საჯაროდ საუბრობს. 2022 წელს, პოდკასტ Call Her Daddy-ში სტუმრობისას აღნიშნა, რომ ჯასტინთან ურთიერთობის გამო საზოგადოების მხრიდან მიღებული აგრესია მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მძიმედ აისახა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ჰეილი ბიბერის Rhode ქალთა ჯანმრთელობის კვლევისთვის 5 მილიონ დოლარს გამოყოფს











