ხვიჩა კვარაცხელია საერთაშორისო ჟურნალმა GQ France-მა 2026 წლის მამაკაცად დაასახელა – ქართველი ფეხბურთელი იმ რვა ცნობილ ადამიანს შორის მოხვდა, რომლებიც GQ-მ სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებისა და გავლენისთვის დააჯილდოვა. გამოცემამ ხვიჩასთან ინტერვიუც ჩაწერა, რომელშიც ფეხბურთელმა კარიერის მნიშვნელოვან ეტაპებზე, ბავშვობაზე, მამაზე, „ნაპოლიში“ გატარებულ პერიოდსა და პსჟ-ში გადასვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
გამოცემის შეფასებით, კვარაცხელია პსჟ-ის ისტორიული წარმატების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. 2025-2026 წლების სეზონში მან ჩემპიონთა ლიგაზე გამორჩეული შედეგი აჩვენა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც მოიპოვა.

მამის გავლენა და ბავშვობის მოგონებები
ხვიჩას პირველი საფეხბურთო კერპი მამა, ბადრი კვარაცხელია იყო. როგორც ფეხბურთელი იხსენებს, ბავშვობაში მამის თამაშებს განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა თვალს. იმ პერიოდში ინტერნეტში ვიდეოების მოძიება ისეთი მარტივი არ ყოფილა, როგორც დღეს, ამიტომ დედის მიერ ჩაწერილ მატჩებს განმეორებით უყურებდა.
„ის ჩემი კუმირი იყო. მაშინ YouTube არ არსებობდა, როგორც დღეს. ამიტომ მისი მატჩების ვიდეოებს განუწყვეტლივ ვუყურებდი. მამა ძალიან კარგად თამაშობდა. ერთ დღეს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰეთ-თრიკიც კი შეასრულა. მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი“.
პატარა ხვიჩა მეგობრებთან ერთად ქუჩაში, საცხოვრებელ კორპუსებს შორის მოწყობილ მოედნებზე თამაშობდა. როგორც თავად იხსენებს, საქართველოში ასეთი სივრცეები ბავშვებისთვის ფეხბურთის თამაშის განსაკუთრებული შესაძლებლობა იყო. ამ გამოცდილებამ მისი ტექნიკა და დრიბლინგის უნარებიც განავითარა.
„საქართველოში, ბრაზილიის მსგავსად, ყველა მხრიდან შენობებით გარშემორტყმული მოედნები გვაქვს. როდესაც თამაშობ, ყველა თავის ფანჯრებთან იკრიბება მატჩის საყურებლად. არჩევანი არ გაქვს, რაღაც უნდა აჩვენო“.

პირველი სირთულეები და გზა პროფესიონალურ ფეხბურთამდე
GQ-სთან საუბრისას კვარაცხელია კარიერის საწყის ეტაპსაც იხსენებს. „დინამოში“ ადაპტაცია მარტივი არ ყოფილა.
„თავიდან ძალიან რთული იყო. მაგრამ 16 წლის ასაკიდან პირველ გუნდში დავიწყე თამაში“.
შემდეგ იყო „რუსთავი“ და მოსკოვის „ლოკომოტივი“. ამ კლუბებში ხვიჩას თავის დამკვიდრება გაუჭირდა და სათამაშო დროის ნაკლებობის გამოც ხშირად სათადარიგოთა სკამზე უწევდა ყოფნა. საბოლოოდ, საქართველოში დაბრუნდა და კარიერა ყაზანის „რუბინში“ გააგრძელა.
გადაწყვეტილება, რომელმაც კარიერის მიმართულება შეცვალა
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამ ხვიჩას კარიერაზეც იქონია გავლენა. ფეხბურთელს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია: ის რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა, მაშინ როდესაც მისი სამშობლოსთვის რუსეთის სამხედრო აგრესია განსაკუთრებით მტკივნეული თემა იყო.
ფიფას მიერ მიღებული სპეციალური გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შესაძლებლობა მიეცათ, გარკვეულ პირობებში ცალმხრივად შეეჩერებინათ კონტრაქტები და სხვა ლიგებში გადასულიყვნენ.
კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინის“ დატოვება გადაწყვიტა და უკრაინაში ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კლუბიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
საქართველოს დაბრუნებული „დინამო ბათუმს“ შეუერთდა. გუნდში გატარებული პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა მის კარიერაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მან 11 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
თავად ფეხბურთელი ამ პერიოდს განსაკუთრებულად აფასებს:
„ეს ჩემი მთელი კარიერის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი თვე იყო“.

„ნაპოლი“
2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიურ „ნაპოლისთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენდა.
იტალიაში გადასვლამდე აფრთხილებდნენ, რომ ნეაპოლში ფეხბურთის მიმართ დამოკიდებულება სხვა ქალაქებისგან განსხვავდებოდა. თავად ხვიჩაც იხსენებს, რომ თავიდან ვერ წარმოედგინა, რამდენად განსაკუთრებული იქნებოდა ეს გამოცდილება.
„მაშინ უკვე რამდენიმე კლუბში თამაშის გამოცდილება მქონდა და რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდი. მაგრამ როდესაც იქ ჩავედი, მალევე მივხვდი, რომ ეს სულ სხვა რამ იყო“.
2023 წლის 4 მაისს „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა. ნეაპოლში ეს გამარჯვება განსაკუთრებული ემოციით აღნიშნეს. ქალაქი 33 წლის განმავლობაში ელოდა ამ წარმატებას – უკანასკნელად გუნდი სერია A-ს ჩემპიონი 1990 წელს, დიეგო მარადონას ეპოქაში გახდა.
კვარაცხელიას თამაშმა ნეაპოლელების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. ქართველს „კვარადონა“ შეარქვეს.
„ამ მეტსახელმა ჩემზე გარკვეული ზეწოლა მოახდინა. ნეაპოლში მარადონა ღმერთივითაა. ამიტომ მასთან შედარება დიდი პატივი და პრივილეგიაა“.
ფეხბურთელი ნეაპოლელების განსაკუთრებულ დამოკიდებულებასაც იხსენებს:
„რა თქმა უნდა, ეს გადაჭარბებულია. მაგრამ ნეაპოლიტანელები ასეთები არიან; ასეთია მათი არსებობის წესი. იქ შეგიძლიათ შეხვდეთ 90 წლის ქალებს, რომლებმაც ყველაფერი იციან ფეხბურთის შესახებ. კლუბში თამაშმა მხოლოდ გაზარდა ჩემი გატაცება ამ სპორტისადმი“.

პსჟ – ახალი გამოწვევა
პარიზულ კლუბში ხვიჩას გადასვლა 2025 წლის იანვარში ოფიციალურად დადასტურდა. პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ქართველი ფეხბურთელის დამატებით დაინტერესებული იყო. მისი აზრით, კვარაცხელია გუნდის სათამაშო სტილსა და ფილოსოფიას კარგად მოერგებოდა.
თავად ხვიჩა იხსენებს, რომ პსჟ-ის ინტერესის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ პარიზულ გუნდში თამაში მაშინვე მოინდომა. მანამდეც ჰქონდა ნანახი კლუბის მატჩები და განსაკუთრებით გულშემატკივრების ემოციური მხარდაჭერა მოსწონდა.
„როდესაც მითხრეს, რომ პსჟ ჩემით იყო დაინტერესებული, მაშინვე მომინდა გადასვლა. ვუყურებდი მატჩებს და ვხედავდი პარიზელი გულშემატკივრების ვნებას. მინდოდა მათთვის მეთამაშა.
როდესაც ასეთ გუნდში მოდიხარ, ასეთი ფეხბურთელებით, შეცდომების დაშვების დრო არ გაქვს.
აქ მნიშვნელოვანია მწვრთნელის ნათქვამის შესრულება. მასთან ერთად ყოველდღე ვსწავლობ: გონებრივად, ფიზიკურად, ტაქტიკურად“ – ამბობს კვარაცხელია.
GQ აღნიშნავს, რომ ქართველ ფეხბურთელს განსაკუთრებით დიდი მატჩები უხდება – სწორედ ასეთ შეხვედრებში ახერხებს ის საკუთარი ტექნიკისა და დრიბლინგის სრულად წარმოჩენას.
თავად ხვიჩა განმარტავს, რატომ ეძლევა დიდ გუნდებთან დაპირისპირებისას მეტი შესაძლებლობა:
„დიდ მატჩებში, დიდი გუნდების წინააღმდეგ, თამაში ხშირად ცოტა უფრო ღიაა. მოთამაშეები დაცვაში ნაკლებად კომპაქტურები არიან. ეს დრიბლინგისა და აჩქარების საშუალებას იძლევა“.
GQ-ის მიხედვით, 2025-2026 წლების სეზონშიც კვარაცხელიამ გამორჩეული თამაში აჩვენა. გამოცემა მას პსჟ-ის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად და ჩემპიონთა ლიგის წარმატების მნიშვნელოვან მონაწილედ ასახელებს.
მოდა, პარიზი და ქართველი დიზაინერები
პარიზი მოდის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია – ფეხბურთელიც აცნობიერებს, რომ ასეთ ქალაქში ჩაცმულობასა და გარეგნობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
GQ-სთან საუბრისას კვარაცხელია ამბობს, რომ პარიზში გადასვლის შემდეგ სტილისტის მოძებნა ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო:
„როდესაც პარიზის მსგავს კლუბში ჩადიხარ, იცი, რომ კარგად უნდა გეცვას. ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, სტილისტის პოვნა იყო“.
ქართველ ფეხბურთელს პარიზში ყოფნისას დემნა და გურამ გვასალიებთანაც ჰქონდა ურთიერთობა:
„მათ რამდენიმე მოდის ჩვენებაზე მიმიწვიეს, მაგრამ მატჩების გამო არასდროს მრჩება დრო. ისინი მართლაც კარგი ბიჭები არიან. საქართველოში ყველა ამაყობს მათი მიღწევებით.“

საქართველო, ევროპა და პასუხი, რომელმაც გულშემატკივრები გაახარა
GQ-ის მასალაში ხვიჩას კარიერის გარდა, საქართველოს დღევანდელობაც არის ნახსენები. გამოცემა საუბრობს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ევროპულ მისწრაფებებზე. ამ კონტექსტში იხსენებს 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მომხდარ შემთხვევასაც, როდესაც ჟურნალისტმა ქართველ ფეხბურთელს რუსულად პასუხის გაცემა სთხოვა.
ხვიჩამ შეკითხვა მაშინვე შეაწყვეტინა და ინგლისურად უპასუხა:
„არა, არ შემიძლია. ბოდიში“.
შემდეგ კი ჟურნალისტს ქართულად გაესაუბრა. ამ მოკლე პასუხს საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გულშემატკივრებმა ფეხბურთელის პოზიცია განსაკუთრებული სიამაყით მიიღეს.
GQ-ის სტატიის მიხედვით, კვარაცხელია პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას, როგორც წესი, ფრთხილია, თუმცა ამ შემთხვევაში მისი პასუხი ბევრისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! „დამიანეს გაქრისტიანება“ – ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ შვილი მონათლეს











