სალომე ბასილაძის წარმატების ამბავი მაშინ დაიწყო, როცა მესამედ გახდა დედა. გადაწყვიტა გაებედა და სრულიად ახალ სფეროში ეცადა ბედი. მაშინ, როცა ოჯახის, შვილებისა და ყოველდღიური პასუხისმგებლობების ფონზე თითქოს ახალი საქმისთვის დრო ყველაზე ნაკლებად უნდა ჰქონოდა, მან საკუთარ შესაძლებლობებს ახალი შანსი მისცა. ასე დაიბადა „ივენთ რუმის“ იდეა. ეს არ არის უბრალოდ ღონისძიებების ორგანიზება. ეს არის ხელოვნება, რომელსაც კომპანია მთელი გულისხმიერებით ემსახურება. „ივენთ რუმი“ თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად უდგება და იძლევა სრულ ციკლურ მომსახურებას – კონცეფციის დაგეგმვიდან ტექნიკურ მხარდაჭერამდე.
სალომე, თქვენს კომპანიას Event Room ჟურნალ OK-ს მკითხველი ძალიან კარგად იცნობს, თუმცა მოდი, მაინც გაიხსენეთ ის პერიოდი, როდესაც გადაწყვიტეთ მისი შექმნა.
„ივენთ რუმის“ იდეა რვა წლის წინ გაჩნდა, მაშინ, როდესაც ჩემი მესამე, ნანატრი შვილი – სესილია დაიბადა. თითქოს იმ დღეს მეც თავიდან დავიბადე, ახალი შესაძლებლობებით, იდეებითა და სურვილებით. სწორედ მაშინ, ახლობლებისა და მეგობრების დაჟინებული რჩევით, გადავწყვიტე, ჩემი სათქმელი დიზაინის სფეროში მეთქვა და საკუთარი შესაძლებლობები ამ მიმართულებით გამომეცადა.

გახსოვთ პირველი მნიშვნელოვანი წარმატება? როდის მიხვდით, რომ Event Room ნამდვილად წარმატებული გამოდგა?
მახსოვს, როდესაც პირველი შეკვეთა მივიღე, თითქოს ბოლომდე არც კი მჯეროდა, რომ ასეთი დიდი პასუხისმგებლობის წინაშე აღმოვჩნდი. ალბათ, სწორედ ამიტომაც არ შევხედე მას თავიდან ძალიან სერიოზულად. თუმცა დადგა დღე, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება. იმ დღემ თითოეულ იქ მყოფ ადამიანზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შემეძლო თამამად, თავდაჯერებულად და ღირსეულად შემედგა ფეხი ამ სფეროში.
რამდენად რთულია საკუთარი ბიზნესის განვითარება და ამავდროულად პირადი ცხოვრების შენარჩუნება?
რა თქმა უნდა, ეს საქმე ძალიან დიდ ენერგიას, შრომასა და, რაც მთავარია, დროს მოითხოვს. იყო ერთდროულად დედა, მეუღლე და წარმატებული ბიზნესის შემქმნელი, მარტივი ნამდვილად არ არის. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს შევძელი. დღეს მე ვარ დიდი ოჯახის დედა, მეუღლე და ამავდროულად დამოუკიდებელი ბიზნესვუმენი, რომელმაც საკუთარი საქმე და საკუთარი გზა შექმნა. ამ გზაზე კი ოჯახის გვერდში დგომა მნიშვნელოვანია.
რა თვისება აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ბიზნესის აწყობის პროცესში, რომლის არსებობაც მანამდე არ იცოდით?
ამ წლების განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ვისწავლე საკუთარი თავის შეფასება, საკუთარი შესაძლებლობების დანახვა და საკუთარი თავის რწმენა. დამოუკიდებლობამ ჩემში პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაზარდა პირველ რიგში, საკუთარი თავისა და იმ საქმის მიმართ, რომელსაც ვაკეთებ.

დღეს რომ შეხვდეთ იმ სალომეს, რომელიც Event Room-ს ნულიდან იწყებდა, რას ეტყოდით?
მხოლოდ ერთ რამეს ვეტყოდი: არაფრის არ შეგეშინდეს! როცა მიზანი გაქვს და გულწრფელად გჯერა შენი საქმის, აუცილებლად მიაღწევ იმას, რაც გინდა.
მაქსიმალისტი ხართ?
შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალისტი ვარ. ჩემთვის დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ყოველთვის მინდა, რომ ის, რასაც ვაკეთებ, მაქსიმალურად ხარისხიანი და განსხვავებული იყოს.
რას მოაქვს წარმატება?
მე მჯერა, რომ წარმატება დიდ შრომას მოაქვს. ნიჭი და იდეები მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგამდე მისასვლელად ყველაზე მეტად შრომა, მოთმინება და საკუთარი საქმის ერთგულებაა საჭირო.
რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანს, რომელიც ახლა საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ფიქრობს?
იყვნენ ინდივიდუალურები, არასოდეს მიითვისონ ის, რაც მანამდე სხვას ეკუთვნოდა, იქნება ეს იდეა, სტილი თუ შრომის შედეგი. არ იყვნენ ქედმაღლები და ყოველთვის შეინარჩუნონ ადამიანურობა. კონკურენცია ჯანსაღი უნდა იყოს, ხოლო ადამიანური ურთიერთობები – გულწრფელი.
საბოლოოდ, ჩემთვის წარმატება მხოლოდ მიღწეული შედეგი არ არის, მნიშვნელოვანი თვითონ პროცესია, გზა, რომელსაც გადიხარ.
წარმატებაა ისიც, როდესაც შეგიძლია იყო ერთდროულად დედა, მეუღლე, პროფესიონალი და დამოუკიდებელი ქალი და ამ ყველაფერში საკუთარი თავი არ დაკარგო.
ფოტო: ქრისტინე ნიჟარაძე











