ბიუთი რედაქტორისგან: სილამაზისა და კანის მოვლის ინფლუენსერი, სალი დავითაშვილი, გარდა იმისა, რომ თავის ინსტაგრამ-გვერდის საშუალებით ბევრ მიმდევარს უზიარებს სასარგებლო რჩევებს და თავის ცხოვრების წესს, ჩემი პირდაპირი პარტნიორი და კოლეგაა – ორივე სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოს“ სილამაზისა და თავის მოვლის მრჩევლები ვართ. ამგვარად, რადგან სალის კარგად ვიცნობ და მის გონიერებასა და პროფესიონალიზმში ღრმად ვარ დარწმუნებული, ამიტომ, ბევრი არც მიფიქრია, ვინ მომეწვია ჩემს რუბრიკაში თავის მოვლაზე სასაუბროდ. წარმოგიდგენთ ჩემს უმშვენიერეს რესპონდენტს – სალი დავითაშვილს.
სალი, შენგან, როგორც კანის მოვლის ინფლუენსერისგან, საინტერესო იქნება მოვისმინოთ, როგორია შენი დილისა და საღამოს კანის მოვლის რუტინა?
რვაწლიანმა გამოცდილებამ ერთი მნიშვნელოვანი რამ მასწავლა: კანის ეფექტური მოვლა გამოყენებული პროდუქტების რაოდენობით არ განისაზღვრება. გაცილებით მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად გვესმის საკუთარი კანის საჭიროებები და რამდენად გააზრებულად ვარჩევთ პროდუქტებს. ჩემთვის კანის მოვლა არასდროს ყოფილა მხოლოდ ესთეტიკური შედეგის მიღწევის საშუალება. ეს, პირველ რიგში, კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული პროცესია, რომლის მთავარი საფუძველი თანმიმდევრულობაა. დილისა და საღამოს რუტინას განსხვავებული დანიშნულება აქვს. დილით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის დატენიანება და გარემოს მავნე ფაქტორებისგან დაცვა. მზისგან დამცავი საშუალება ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, რადგან ულტრაიისფერი გამოსხივება კანის ნაადრევი დაბერების, პიგმენტაციისა და სხვადასხვა დაზიანების მნიშვნელოვანი გამომწვევი ფაქტორია. საღამოს რუტინაში მთავარი ყურადღება კანის სათანადო გაწმენდას, მისი დამცავი ბარიერის შენარჩუნებასა და საჭიროების შემთხვევაში აქტიური ინგრედიენტების გამოყენებას ეთმობა.
ჩემთვის იდეალური რუტინა არ არის ათსაფეხურიანი მოვლა. ეს არის რამდენიმე სწორად შერჩეული პროდუქტი, რომელთაგან თითოეულს კონკრეტული დანიშნულება აქვს.

OK!-ს ნოემბრის ნომრის ბიუთი თემა პილინგებია. რამდენად ხშირად იყენებ პილინგებს, მჟავას შემცველ პროდუქციას კანის მოვლის საშინაო რუტინაში და იკეთებ თუ არა ქიმიურ პილინგებს?
ექსფოლიაცია კანის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და, ამავდროულად, ხშირად არასწორად გაგებული მიმართულებაა. ბოლო წლებში მჟავების შემცველი პროდუქტები განსაკუთრებით პოპულარული გახდა. თუმცა ამ პოპულარობას თან ახლავს მცდარი წარმოდგენაც, თითქოს კანის ხშირი აქერცვლა მისი სიჯანსაღისა და სილამაზის აუცილებელი წინაპირობა იყოს. სინამდვილეში კანს ბუნებრივი განახლების მექანიზმი აქვს, ამიტომ დამატებითი ექსფოლიაციის საჭიროება ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს.
ჩემი კანი მგრძნობელობისკენ არის მიდრეკილი, ამიტომ ექსფოლიაციის საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგები. ჩემთვის პრიორიტეტულია კანის დამცავი ბარიერის შენარჩუნება და არა მაქსიმალურად ინტენსიური შედეგის მოკლე დროში მიღება.
რაც შეეხება პროფესიონალურ ქიმიურ პილინგებს, მიმაჩნია, რომ მათი საჭიროება და ინტენსივობა კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის წინასწარი შეფასება და პროცედურის შემდგომი მოვლა. ხშირად ვამბობ, რომ კანის მოვლაში მეტი ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს. ზოგჯერ საუკეთესო შედეგს სწორედ ზომიერება გვაძლევს.
თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ძალიან დაღლილი მისულხარ სახლში და ღამის რუტინა გამოგიტოვებია?
ვფიქრობ, თავის მოვლასთან ჯანსაღი ურთიერთობა სწორედ იმის გაცნობიერებით იწყება, რომ იდეალურები არ ვართ. ორი შვილის დედისთვის, რომელსაც საკმაოდ დატვირთული ყოველდღიურობა აქვს, დღის ბოლოს ზოგჯერ ყველაზე მიმზიდველი პერსპექტივა, უბრალოდ, ძილია. მიუხედავად იმისა, რომ კანის მოვლა ჩემი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დამატებითი სტრესის წყაროდ უნდა იქცეს.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვაოთ დისციპლინა და პერფექციონიზმი. დისციპლინა გრძელვადიან შედეგს გვაძლევს, პერფექციონიზმი კი ზოგჯერ სრულიად უსაფუძვლო დანაშაულის განცდას გვიჩენს. ცხადია, მაკიაჟის მოცილება და კანის გაწმენდა საღამოს რუტინის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა ერთი გამოტოვებული საღამო წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სწორ ჩვევებს ვერ გააუფასურებს. მთავარია, თავის მოვლა ყოველდღიურობის სასიამოვნო ნაწილად დარჩეს და არა კიდევ ერთ ვალდებულებად, რომლის შეუსრულებლობის გამოც საკუთარ თავს გავაკრიტიკებთ.
თავის მოვლის მთავარი პრინციპები, რომელთაც არასდროს ღალატობ?
ჩემი პირველი პრინციპი ინფორმირებული არჩევანია. სილამაზის ინდუსტრიაში რვაწლიანმა საქმიანობამ საშუალება მომცა, არაერთი ტენდენციის აღმავლობასა და დავიწყებას მოვსწრებოდი. ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ პოპულარული პროდუქტი ყოველთვის არ ნიშნავს ეფექტურს, ხოლო მაღალი ფასი – მაღალ ხარისხს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოსმეტიკური პროდუქტის შემადგენლობის, მოქმედების მექანიზმისა და მისი გამოყენების მიზნის გააზრება. მეორე პრინციპია ზომიერება. მიმაჩნია, რომ ესთეტიკურ საკითხებში სწორედ ზომიერება განაპირობებს ყველაზე ჰარმონიულ შედეგს. კანის მოვლაში ზედმეტი მონდომება ზოგჯერ ისეთივე არასასურველია, როგორიც უყურადღებობა. მესამე პრინციპი ინდივიდუალობის პატივისცემაა. არ მჯერა უნივერსალური სილამაზის ფორმულების. ის, რაც ერთი ადამიანისთვის ეფექტურია, მეორისთვის შესაძლოა სრულიად შეუსაბამო აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, ჩემს აუდიტორიასთან ურთიერთობისას ყოველთვის ვცდილობ, მხოლოდ პროდუქტი კი არ გავაცნო, არამედ ავუხსნა, ვისთვის, რატომ და რა პირობებში შეიძლება იყოს ის სასარგებლო.
როგორ უვლი თმას?
თმის მოვლაშიც იმავე პრინციპებს ვეყრდნობი, რომლებსაც კანის მოვლისას – ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებასა და სწორად შერჩეულ პროდუქტებს. პირველ რიგში, ერთმანეთისგან განვასხვავებ თავის კანისა და თმის სიგრძის საჭიროებებს. თავის კანის მდგომარეობა, ცხიმიანობა და მგრძნობელობა მნიშვნელოვანია შამპუნის შერჩევისას, ხოლო თმის სიგრძე ხშირად დამატებით კონდიცირებასა და მექანიკური დაზიანებისგან დაცვას საჭიროებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ თმის სითბური დაზიანების პრევენციას. ვარცხნილობის შესაქმნელად სხვადასხვა სტაილინგმოწყობილობას ვიყენებ, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ტემპერატურის სწორად შერჩევა და შესაბამისი თერმოდამცავი საშუალებების გამოყენება. მიყვარს მოვლილი, ბუნებრივად მოძრავი და მოცულობითი თმა. ვარცხნილობის შექმნისას ჩემთვის მთავარი მიზანი მისი ბუნებრივი იერის შენარჩუნებაა.
საინტერესოა ასევე, მოვისმინოთ, როგორ მაკიაჟს ანიჭებ უპირატესობას და რა დევს ყოველთვის შენს კოსმეტიკის ჩანთაში?
მაკიაჟში ყოველთვის მიზიდავდა დახვეწილი, ბუნებრივი ესთეტიკა. მიყვარს, როდესაც მაკიაჟი სახის ინდივიდუალურ ნაკვთებს უსვამს ხაზს და არ ცდილობს მათ რადიკალურად შეცვლას. ყოველდღიურობაში უპირატესობას ვანიჭებ მსუბუქ ტექსტურებს, კანის ბუნებრივ იერსა და ფერების ჰარმონიულ შეხამებას. ვფიქრობ, დახვეწილი მაკიაჟის მთავარი საიდუმლო დეტალებშია – სწორად შერჩეულ ტონალობაში, ზომიერად გამოყენებულ პროდუქტებსა და სახის ბუნებრივი პროპორციების გათვალისწინებაში.
რაც შეეხება კოსმეტიკის ჩანთას, ყოველდღიურობაში პრაქტიკულობას ვანიჭებ უპირატესობას. მიყვარს პროდუქტები, რომლებიც დღის განმავლობაში მაკიაჟის სწრაფად განახლებაში მეხმარება. ჩემი ესთეტიკური პრინციპი მარტივია: მაკიაჟი უნდა ავსებდეს ადამიანის ინდივიდუალობას და არა ფარავდეს მას.
თავის მოვლა შენთვის უფრო ჰიგიენის ნაწილია თუ განწყობის მნიშვნელოვანი წყარო?
ჩემთვის თავის მოვლა ამ ორი ცნების საინტერესო ერთიანობაა. ერთი მხრივ, ეს ყოველდღიური ჰიგიენისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის განუყოფელი ნაწილია. მეორე მხრივ კი, გარკვეული დროის მხოლოდ საკუთარი თავისთვის დათმობის შესაძლებლობა.
თანამედროვე ცხოვრების ტემპში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთმანეთს დედობის, პროფესიული საქმიანობისა და პირადი პასუხისმგებლობების შეთავსება გვიწევს, საკუთარი თავისთვის გამოყოფილი დრო ხშირად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩემთვის თავის მოვლის კულტურა საკუთარი საჭიროებების გაცნობიერებასაც გულისხმობს. მნიშვნელოვანია, სილამაზეზე ზრუნვა არ გადაიქცეს მუდმივ მცდელობად, შევესაბამებოდეთ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტანდარტებს. ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო ესთეტიკა სწორედ ინდივიდუალობის შენარჩუნებაშია.

დაბოლოს, რას ურჩევდი ჩვენს მკითხველებს – კანის მოვლის დროს ყველაზე დიდი ყურადღება რას დაუთმონ?
პირველ რიგში, ვურჩევდი, კანის მოვლა დაიწყონ არა ახალი პროდუქტის შეძენით, არამედ საკუთარი კანის საჭიროებების გაცნობიერებით. სწორედ ეს არის ის საფუძველი, რომელზეც ეფექტური რუტინა უნდა აშენდეს. დღეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უდავოდ დიდი უპირატესობაა, თუმცა სოციალური ქსელების ეპოქაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანდო ინფორმაციისა და მარკეტინგული დაპირებების ერთმანეთისგან გამიჯვნა.
მკითხველს ვურჩევდი, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კანის ბარიერის შენარჩუნებას, დატენიანებასა და მზისგან ყოველდღიურ დაცვას. ასევე მნიშვნელოვანია მოთმინება. კანის მდგომარეობის გაუმჯობესება ხშირად დროს მოითხოვს და შედეგის მისაღებად აუცილებელი არ არის მუდმივად ახალი პროდუქტების დამატება. დაბოლოს, ვისურვებდი, სილამაზის ინდუსტრიაში კიდევ უფრო მეტად დამკვიდრდეს ინდივიდუალობაზე, ჯანმრთელობასა და ინფორმირებულ არჩევანზე დაფუძნებული მიდგომა. ჩემთვის სილამაზე არასდროს ყოფილა სრულყოფილების ძიება. ის საკუთარი ინდივიდუალობის გაცნობიერება, პატივისცემა და მასზე ზრუნვის კულტურაა.
ტექსტი: თაკო გვაზავა












