სწრაფად ცვალებად გარემოში აუდიტორიის ყურადღების მოპოვება და შენარჩუნება ძალიან გართულდა. იცვლება ადამიანების მოლოდინები, ურთიერთობის ფორმები და ის კრიტერიუმები, რითაც საზოგადოება ბრენდებსა და ორგანიზაციებს აფასებს. ეფექტური კომუნიკაცია მხოლოდ ინფორმაციის სწორად მიწოდებას აღარ ნიშნავს – ის ნდობის მოპოვებას, ემოციური კავშირის შექმნასა და გავლენის მოხდენის უნარსაც გულისხმობს. სწორედ ამ საკითხებს დაეთმობა თბილისის პიარის დღეები, რომლის მთავარი თემაა კომუნიკაციის ახალი ერა – ნდობა, ყურადღება და გავლენა. ღონისძიება გააერთიანებს ქართველ და უცხოელ პროფესიონალებს, რომლებიც იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ იცვლება საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკა და რა განსაზღვრავს კომუნიკაციის წარმატებას თანამედროვე გარემოში. ღონისძიების შესახებ მეტი დეტალის გარკვევაში ფორუმის თანადამფუძნებლები – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, თინათინ იმერლიშვილი და ილიაუნის PR-ის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, თორნიკე გურული დაგვეხმარებიან.

თინათინ იმერლიშვილი: თბილისის პიარის დღეები არის პირველი საერთაშორისო ფორუმი სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში. ჯერ კიდევ 2022 წელს, ჩემს კოლეგებთან, ნათია შაფათავასა და ნატალია ავლოხაშვილთან ერთად, თორნიკე გურულის ხელმძღვანელობით დავაფუძნეთ ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავდა სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში წამყვანი სპეციალისტების გაერთიანებას და ქართულ ბაზარზე საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის იმპლემენტაციას. ფორუმი ორ დღეს გაგრძელდება, პირველი დღე უცხოელება დაეთმობა – ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან წამყვანი სპეციალისტები ჩაერთვებიან და გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. მეორე დღეს ქართველი სპეციალისტები მოგვიყვებიან საკუთარი წარმატების პრაქტიკულ ნიუანსებზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პიარის სფეროს მამად აღიარებული ჯეიმს გრუნიგი იყო ჩვენი ფორუმის მონაწილე. საერთაშორისო მიმართულებით მუშაობს ნატალია ავლოხაშვილი – ეძებს საინტერესო პრაქტიკოსებს და თეორეტიკოსებს, რომ საკუთარი ხედვა გაგვიზიარონ, მოვარგოთ ქართულ ბაზარს, გავაკეთოთ შედარებები და ვნახოთ, სად არის ქართული ბაზრის სიძლიერე, სად არის ლაფსუსები, სად უნდა ამოვწიოთ გარკვეული საკითხები და საერთოდ სად არის ჩვენი ადგილი გეოგრაფიულ არეალზე.
სად არის საქართველო მსოფლიო კომუნიკაციის რუკაზე?
სხვათა შორის, საქართველოში ძალიან ძლიერი სპეციალისტები გვყავს, რომლებიც თეორიულ და პრაქტიკულ ჩარჩოებს და კონცეფციებს ზუსტად, კარგი აქცენტებით და სწორი ღირებულებებით ქმნიან. ძირითად ფრეიმვორკს, რაც ამ სფეროს გააჩნია, ჩვენ იდეალურად ვერგებით, უბრალოდ, მასშტაბები ჩვენ შემთხვევაში სხვაა, აქ ყველა ყველას ვიცნობთ და სულ სხვაა ამერიკული ბაზარი. ჩვენი კომუნიკაციის ერთი ძლიერი მხარე არის გულწრფელობა და იმ ემოციებისა და ღირებულებების ძალიან სწორად წინ წამოწევა, რაც ზოგადად ადამიანებს უყვართ. ვიჭერთ რამდენიმე ძირითად ემოციას და ღირებულებას, რაზეც ვდგავართ ადამიანები – მეგობრობა, სიყვარული, ოჯახი – წინ წამოვწევთ და სწორად ვაწვდით სამიზნე აუდიტორიას, ანუ ჩვენს მომხმარებელს.
რა არის წლევანდელი წლის მთავარი მესიჯი?
კომუნიკაციების ახალი ერა – ნდობა, ყურადღება, გავლენა. რეალურად პანდემიის შემდგომ მომხმარებლის ქცევა რადიკალურად შეიცვალა, ადრე თუ ადამიანი მზად იყო წაეკითხა, მოესმინა, მოსულიყო, დღეს მომხმარებლის ცხოვრების ტემპი არის რადიკალურად აჩქარებული. პანდემიის შემდგომ განვითარდა Tik Tok, მომხმარებელი შეეჩვია სქროლვას. არ მოეწონება – ასქროლავს და დარჩება ყურადღების მიღმა. ამიტომ კომუნიკაციების ახალ ერაში მნიშვნელოვანია როგორ მოვიპოვოთ მომხმარებლის ყურადღება, როგორც გავაჩეროთ ადამიანი და შემდეგ მისი ნდობა მოვიპოვოთ. ნდობის მოპოვება ძალიან რთულია და ძალიან ბევრი დრო და სისტემური მუშაობა სჭირდება. ნდობის შემდგომ მნიშვნელოვანია გავლენა – მომხმარებელს გავაკეთებინოთ და მოვასმენინოთ ის, რაც ბიზნესს სჭირდება. ეს სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება 2026 წლის ფორუმზე მთავარი საკითხი. გვეყოლება სპიკერები სხვადასხვა სფეროდან, ისაუბრებენ თანამედროვე ტრენდებსა და ტენდენციებზე. გაგვიზირებენ გამოცდილებას, როგორ იპყრობენ მომხმარებლის ყურადღებას, სქროლვის ამ სწრაფ რეჟიმში როგორ უნდა მიაღებინო მომხმარებელს გადაწყვეტილება ისე, რომ მომხმარებელი დარჩეს კმაყოფილი და ბიზნესი – მოგებული. ეს ორმხრივი ჯაჭვია. სტრატეგიულ კომუნიკაციაში ვიცით, რომ მეორე მხარის ღირებულება უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვინდა ბევრი ლოიალური კლიენტი გვყავდეს.

თორნიკე გურული: როდესაც ვიყავი სტუდენტი და ვსწავლობდი გერმანიაში, ჩემს უნივერსიტეტს ჰქონდა მედიის დღეები და როგორც სტუდენტმა, ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. მერე, როცა ილიას უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამას ვაკეთებდი პიარის მიმართულებით, ვიფიქრე, რაღაცა ანალოგი ხომ არ გავაკეთო-მეთქი საქართველოში და რამდენიმე სტუდენტთან ერთად მოვიფიქრეთ პიარის დღეები. რადგან ამ ინდუსტრიაში არ არსებობდა მსგავსი ტიპის ღონისძიება, დავარქვით „თბილისის პიარის დღეები“. საინტერესო ის აღმოჩნდა, რომ გაერთიანდნენ არა მხოლოდ პიარში დასაქმებული ადამიანები, არამედ ზოგადად სტრატეგიულ კომუნიკაციაში მომუშავე ადამიანებიც. ისეთი გამომსვლელები გვყავდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლებმაც გლობალური მასშტაბი შესძინეს ფორუმს და ეს თბილისის პიარის დღეები გახდა არა მარტო პიართან დაკავშირებული ღონისძიება, არამედ ამ ინდუსტრიაში არსებული ადამიანებისთვის რაღაცა ნეთვორქინგის, თავმოყრის, სიახლეების ნახვისა და ამ სიახლეების გაზიარების ღონისძიება. ერთი მხრივ, სხვადასხვა უცხოური უნვერსიტეტებიდან მონაწილეობენ უცხოელი პროფესორები, რომლებიც მუშაობენ და მეცნიერებას ქმნიან პიარის მიმართულებით და მეორე მხრივ – ქართველი სპეციალისტები, რომლებიც ამ თეორიულ ნაწილს თავიანთი პრაქტიკული გამოცდილებით ავსებენ და გვიზიარებენ, თუ როგორ იყენებენ პრაქტიკაში იმ ხერხებს, ხრიკებსა და ინსტრუმენტებს, რომელსაც თეორიაში მეცნიერები აკვირდებიან.
ღონისძიება წელს მეხუთედ გაიმართება. მაშინ, როცა ეს იდეა გაჩნდა, იფიქრებდით, რომ ასეთ მასშტაბურ სახეს მიიღებდა?
არ მეგონა, მაგრამ მენეჯერული მექანიზმი ჩავდეთ თავიდანვე, რომ შემდეგ სტუდენტები გააგრძელებდნენ და მათთვისაც ეს პრაქტიკის კომპონენტი და ძალიან საინტერესო პროცესი იქნებოდა. ამ ხუთ წელში ბევრი რამე გამოვიარეთ – პანდემია, მიტინგები, არჩევნები, რადგან ნოემბერში ტარდებოდა და ეს ყოველთვის ცხელი თვე იყო, მაგრამ მაინც ვაკეთებდით იმიტომ, რომ ეს ქომუნითი, ეს ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც პიარის სფეროში არიან დასაქმებულები, საჭიროებენ რაღაც ტიპის პროფესიულ პლატფორმას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთან იკრიბებიან ადამიანები, რომლებსაც დარგისა და სფეროს სიახლეები აინტერესებთ. ეს ღონისძიება არის ყველასთვის, ვისაც პიარი აინტერესებს და ამ დარგს გულშემატკივრობს. მიუხედავად იმისა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პიარი მილევადი პროგრამაა, ახალი რეგულაციებით ჩვენ ვეღარ გავაგრძელებთ – პროგრამა დაიხურა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაინც გავაგრძელოთ და ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, რადგან, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ეს სამაგისტრო პროგრამა, ჩვენ მაინც გვქონდეს ეს პიარის დღეები. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც.
რა მოიტანა ახალმა ერამ სტრატეგიულ კომუნიკაციებში?
ჩემი ცხოვრება პიარს დაუკავშირდა 1995 წელს და ამ პერიოდიდან ამ სფეროში ვარ ჩართული და ვაკვირდები. ის დროც მახსოვს, როცა ჟურნალისტებს ფაქსით ვუგზავნიდით ანონსებს და რელიზებს. ყველაფერი შეიცვალა, დღეს უფრო გამარტივდა ნებისმიერი ტიპის ვიზუალური კომუნიკაცია, შენი მედია გაქვს FACEBOOK-ის სახით.
გამარტივდა და თან გართულდა – არაა იოლი ადამიანის ყურადღება 3 წამზე დიდხანს შეაჩერო რამეზე.
სწორედ ეგ არის ხელოვნება, შენი მესიჯი 3 წამში როგორ მიაწოდო ადამიანს და მაგითაა საინტერესო ჩვენი დარგი. არ მეგულება IT-ის და ჩვენი სფეროს გარდა მეცნიერება, რომელიც ასე სწრაფად ვითარდება და იცვლება. ახალი პროფესიები ჩნდება ამ ჩვენს დისციპლინაში და სტრატეგიული კომუნიკაცია ყოველწლიურად იცვლება, სულ სხვანაირი ხდება. ამას ხელს უწყობს ახალი თაობების მოსვლა. მაგრამ ერთი რამ რჩება უცვლელი – გააკეთე კარგი საქმე და მომიყევი ამის შესახებ. ამას 3 წამში მიაწოდებ მომხმარებელს თუ AI-ის მეშვეობით – ხერხი შენ ამოარჩიე.

ამ ხუთწლიანმა გამოცდილებამ თუ გამოკვეთა რამე ისეთი, რაც ნიშურია საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციებისთვის, რით გამოვირჩევით?
ჩვენ ვართ ერი-თამადა და ყველაზე მეტად გვაინტერესებს საზოგადოებრივი აზრი. ყველა ინფლუენსერია, ყველა ქმნის საზოგადოებრივ აზრს და ყველას ჰყავს თავისი ბაბლი. ამდენი ინფლუენსერი, ამდენი ექსპერტი ძალიან ცოტა ქვეყანაშია და ვფიქრობ, ეს ჩვენი ხასიათია და ეს ძალიან კარგიც მგონია. ამის შეცვლა შეუძლებელია, ეს ჩვენს გენეტიკაშია. გვიყვარს ყველაფერი ძალიან მასშტაბური, გრანდიოზული და შთამბეჭდავი. ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს ძალიან უკვირთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ყველა ტელევიზიაში, ყველა ჟურნალში, ყველგან და ეს ჩვენთვის იყოს ჩვეულებრივი მოვლენა.
ტექსტი: ქეთო ლომსაძე
ფოტო: ალექსეი სეროვი












