6 ნოემბერს, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მეორე დღე უზბეკი დიზაინერის, Dildora Kasimova-ს ჩვენებით გაიხსნა. დიზაინერმა სტუმრებს საკუთარი შემოქმედებითი ხედვა გააცნო, რომელიც აღმოსავლურ მოტივებს, დახვეწილ სილუეტებსა და ხელნაკეთ დეკორატიულ დეტალებს აერთიანებს.
Dildora Kasimova-ს შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეროვნულ ქსოვილებს, ორნამენტებსა და ნაქარგებს. მისი ესთეტიკა აღმოსავლურ კულტურასა და თეატრალურ ხელოვნებას უკავშირდება.
Dildora Kasimova-ს ჩვენების შემდეგ, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მეორე დღის პოდიუმზე ქართული ბრენდი DVALI წარდგა.
შემოქმედებითი მიმართულებაც დიზაინერ ლევან დვალის სახელს უკავშირდება. ბრენდი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ქმნის და თანამედროვე ურბანული სტილით, ექსპერიმენტული მიდგომებითა და კლუბური კულტურის გავლენით გამოირჩევა. მისი ესთეტიკა განსაკუთრებით ახლოსაა ალტერნატიულ მოდასთან და ინდივიდუალური სტილის გამოხატვასთან.
მეორე დღის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი მომენტი LIYA-ს ჩვენება აღმოჩნდა. ლიკა გოგლიძის ბრენდმა სტუმრებს ტრადიციული პოდიუმური ჩვენების ნაცვლად ნამდვილი თეატრალური წარმოდგენა შესთავაზა. XVIII საუკუნის ესთეტიკით შთაგონებულ სამოსში გამოწყობილმა მოდელებმა სცენაზე „ფიგაროს ქორწინების“ სიუჟეტი გააცოცხლეს, რის შედეგადაც კოლექციის პრეზენტაცია მოდისა და თეატრის ერთგვარ სინთეზად იქცა.
LIYA-ს თეატრალური ჩვენების შემდეგ, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მეორე დღეს ქართველი დიზაინერის, თეკლა გურგენიძის ბრენდი SYNDROM წარდგა.
2015 წელს დაარსებული SYNDROM ტანსაცმლის, სამკაულებისა და სილამაზის მიმართულებით მუშაობს. ბრენდის ესთეტიკა ექსპერიმენტული დიზაინის, კლასიკური ელემენტებისა და პანკ-კულტურის შერწყმით გამოირჩევა. მის შემოქმედებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს თბილისის ალტერნატიული კულტურა, ანდერგრაუნდ სივრცეები და ტექნო სცენა.
ასევე დაგაინტერესებთ:











