პროფესიით ჟურნალისტი და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი, ორი შვილის დედა და სულ ახლახან მოპოვებული საერთაშორისო ტიტულის — „Mrs Planet 2026“-ის მფლობელი. OK! გიამბობთ ნინა ჯალიაშვილის წარმატების ამბავს, რომელიც სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობას აერთიანებს და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საკუთარი თავის რეალიზება ერთ კონკრეტულ სფეროსა თუ როლს არ გულისხმობს, მთავარია, არ შეუშინდე გამოწვევებს, მუდმივად განვითარდე და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე ირწმუნო. თუ რას ნიშნავს ნინასთვის სილამზის კონკურსში გამარჯვება და როგორ ახერხებს მრავალფეროვანი საქმიანობის შეთავსებას, ამ ყველაფერზე თავად გვესაუბრება.

გვესაუბრეთ დღევანდელ თქვენს საქმიანობაზე…
დღეს ჩემი საქმიანობა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას აერთიანებს, თუმცა ყველა მათგანს ერთი მთავარი ღერძი აქვს — განვითარება, კომუნიკაცია და ახალი შესაძლებლობების შექმნა. უკვე 15 წელია, რაც სატელევიზიო ჟურნალისტიკაში ვარ. ამჟამად ტელეკომპანია PalitraNews-ში სამი ბიზნეს-ეკონომიკური გადაცემის “დილის მონეტიზაცია”, “მონეტიზაცია” და “შენობით ბიზნესთან” პროდიუსერი და ბიზნეს-რეპორტიორი ვარ. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს როგორც საინტერესო და აქტუალური თემების აღმოჩენას, ისე მათ პროფესიულ დამუშავებას, რესპონდენტებთან კომუნიკაციასა და მაყურებლამდე მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესების მიტანას. განსაკუთრებით საინტერესოა ბიზნესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, მათი გამოცდილების გაცნობა და იმ ადამიანების ისტორიების წარმოჩენა, რომლებიც ქართულ ეკონომიკას ქმნიან.

პარალელურად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით დოქტორანტურაში ვსწავლობ, რადგან მჯერა, რომ პროფესიული გამოცდილება მუდმივ აკადემიურ განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო ღირებულს ხდის ადამიანს. ასევე ჩართული ვარ ბიზნესკლუბის „შენობით ბიზნესთან“ საქმიანობაში, რომლის პარტნიორებიც დაახლოებით 80-მდე მსხვილი ბიზნესის დამფუძნებლები არიან. ეს სივრცე ბიზნეს ურთიერთობების, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს გავჩერდე ერთ მიღწევაზე. ჟურნალისტიკა მასწავლის ადამიანების მოსმენას, ბიზნესის სფერო — ხედვასა და სტრატეგიულ აზროვნებას, აკადემიური საქმიანობა კი მუდმივად მაძლევს განვითარების მოტივაციას. ვფიქრობ, სწორედ ამ მიმართულებების სინთეზი ქმნის ჩემს დღევანდელ პროფესიულ იდენტობას.
სულ ახლახან გაიმარჯვეთ სილმაზის კონკურსში MRS PLANET 2026, უპირველესად გილოცავთ, და მოგვიყევით ამის შესახებ უფრო ვრცლად..
დიდი მადლობა. „Mrs Planet 2026“-ის საერთაშორისო კონკურსი 14 ნოემბერს საქართველოში, ისტორიულ სასახლეში — „არკადია საქართველო“ -ში გაიმართა. მასში 22 ქვეყანა მონაწილეობდა. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებას საქართველომ უმასპინძლა და საშუალება მომეცა ჩემი ქვეყანა ამ მნიშვნელოვან პლატფორმაზე წარმომედგინა.
კონკურსში მონაწილეობა ეკატერინე მგალობლიშვილის შემოთავაზებით მივიღე. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს არ იყო ტრადიციული სილამაზის კონკურსი, სადაც მთავარი მხოლოდ გარეგნობაა. მე არ ვარ პროფესიონალი მოდელი, ვარ 36 წლის და ორი შვილის დედა. „Mrs Planet“ აერთიანებს წარმატებულ ქალებს, აფასებს მათ პიროვნულ თვისებებს, განათლებას, პროფესიულ მიღწევებს, ინდივიდუალიზმს, ნიჭსა და ღირებულებებს. სწორედ ეს მიდგომა იყო ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო, რადგან მიმაჩნია, რომ ქალის სილამაზე გაცილებით ფართო ცნებაა და მასში შინაგანი სამყარო, ინტელექტი, გამოცდილება და საკუთარი თავის რეალიზების უნარი ერთიანდება. ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო „Green Planet“ — ჩვენი პლანეტის დაცვა, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ბუნებაზე ზრუნვა. ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენდა კონკურსს, რადგან მონაწილეებს მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენის კი არა, მნიშვნელოვანი სოციალური და გარემოსდაცვითი გზავნილების გაზიარების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

ელოდით გამარჯვებას და რა იყო თქვენი პირველი ემოცია?
როდესაც ჩემი სახელი გამარჯვებულად გამოცხადდა და „Mrs Planet 2026“-ის გვირგვინი გადმომეცა, ეს უდიდესი ემოცია იყო. იმ წამს განსაკუთრებით მძაფრად ვიგრძენი, რომ საქართველოს სახელით საერთაშორისო სცენაზე დგომა დიდი პასუხისმგებლობაა.
ჩემთვის ეს გამარჯვება მხოლოდ პირადი წარმატება არ არის, ეს არის ჩემი ქვეყნის, ჩემი პროფესიული გზისა და იმ ღირებულებების წარმოჩენის შესაძლებლობა, რომლებსაც მთელი ცხოვრება ვემსახურები.
მჯერა, რომ გვირგვინი მხოლოდ სიმბოლოა. მთავარი კი ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც მისი ტარება გაკისრებს — იყო მაგალითი, გააჟღერო მნიშვნელოვანი სათქმელი და შენი შესაძლებლობები სასიკეთო ცვლილებებისთვის გამოიყენო. სწორედ ასე ვუყურებ „Mrs Planet 2026“-ის ტიტულს.
გეგმავთ სამომავლოდ კიდევ სხვა კონკურსში მონაწილეობის მიღებას ან თუ უკავშირდება მოდელობას თქვენი სამომავლო გეგმები?
მომავალში საინტერესო საერთაშორისო პროექტებსა და კონკურსებში მონაწილეობას ნამდვილად არ გამოვრიცხავ. ვფიქრობ, თითოეული ასეთი გამოცდილება ახალი შესაძლებლობაა გაიცნო საინტერესო ადამიანები, აღმოაჩინო საკუთარი თავის ახალი მხარეები და კიდევ უფრო ფართოდ წარმოაჩინო შენი ქვეყანა. თუ მომავალში კონკურსის ორგანიზატორებისგან, ეკატერინე მგალობლიშვილისგან და ირინა პაპაზოვასგან მივიღებ მოწვევას, რომელიმე საერთაშორისო კონკურსში, მონაწილეობის მისაღებად, სიამოვნებით განვიხილავ ამ შესაძლებლობას.
რაც შეეხება მოდელობას, ეს ჩემთვის საინტერესო და შემოქმედებითი სფეროა, რომელსაც ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან ერთად თავისი განსაკუთრებული ადგილი აქვს. მე არ ვარ პროფესიონალი მოდელი, თუმცა როგორც აღვნიშნე ჩემთვის სასიამოვნო და საინტერესო სფეროა და მომწონს.
ჩემი სამომავლო გეგმები მოდელობას არ უკავშირდება. მსურს, განვაგრძო განვითარება ჟურნალისტიკაში, ბიზნესისა და აკადემიური მიმართულებით, გავაფართოო საერთაშორისო ურთიერთობები და უფრო აქტიურად ჩავერთო პროექტებში, რომლებიც ქალების შესაძლებლობების წარმოჩენასა და მათ გაძლიერებას ემსახურება.
არ მინდა, მხოლოდ ტიტულებით განვსაზღვრავდე ჩემს წარმატებას — გაცილებით მნიშვნელოვანია, რას ვქმნი, რა კვალს ვტოვებ და რამდენად შემიძლია ჩემი შესაძლებლობებით სხვებისთვისაც სასარგებლო ვიყო.

როგორ ახერხებთ სხვდასხვა პროფესიების შეთავსებას, რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?
მჯერა, რომ ქალს არ სჭირდება საკუთარი თავის ერთ კონკრეტულ როლში მოქცევა. შეიძლება იყო წარმატებული პროფესიონალი, დედა, სტუდენტი, მოდელი და ამავდროულად გქონდეს ახალი ოცნებები და მიზნები. სწორედ ეს მრავალფეროვნებაა ჩემთვის განვითარების ყველაზე საინტერესო მხარე.
სხვადასხვა სფეროს შეთავსება მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა მიმაჩნია, რომ როდესაც გიყვარს ის, რასაც აკეთებ, სირთულეებსაც სხვა თვალით უყურებ. ჩემი მთავარი საყრდენი სწორი პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის მართვა და დისციპლინაა. ვცდილობ, თითოეულ საქმიანობას სათანადო ყურადღება დავუთმო და არასოდეს დავკარგო მთავარი — ხარისხი და პასუხისმგებლობა.
ჟურნალისტიკა მაძლევს ადამიანებთან ურთიერთობის, მოვლენების გააზრებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანის შესაძლებლობას; ბიზნესის სფერო — ახალი ხედვისა და განვითარების პერსპექტივას; აკადემიური საქმიანობა კი ცოდნის გაღრმავების საშუალებას. მოდელობა და საერთაშორისო კონკურსები საკუთარი თავის სხვა კუთხით წარმოჩენისა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა, ამავდროულად მმატებს თვითდაჯერებულობას და მოაქვს პოზიტიური განწყობები.
თუმცა, ყველა ამ როლზე მაღლა ჩემთვის დედობა დგას. ორი საოცარი შვილის დედობა (9 წლის ნიკოლოზი და 6 წლის მარიამი) ყოველდღიურად მასწავლის სიყვარულს, მოთმინებასა და პასუხისმგებლობას. მინდა, ჩემმა შვილებმა დაინახონ, რომ მიზნებისთვის ბრძოლა ნებისმიერ ასაკში შეიძლება და ქალს არ სჭირდება ოცნებებზე უარის თქმა იმის გამო, რომ ბევრი პასუხისმგებლობა აქვს.
ჩემი მოტივაციის მთავარი წყარო მუდმივი განვითარების სურვილია. არასოდეს ვკმაყოფილდები იმით, რასაც უკვე მივაღწიე. მჯერა, რომ ადამიანს ყოველთვის შეუძლია ისწავლოს, გაიზარდოს, აღმოაჩინოს საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები და გადალახოს საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები.

როგორია ნინა ჯალიაშვილი პროფესიული საქმიანობის მიღმა? რა არის ის, რაც ადამიანებმა თქვენ შესახებ აუცილებლად უნდა იცოდნენ?
პროფესიული საქმიანობის მიღმა ნინა ჯალიაშვილი, პირველ რიგში, ჩვეულებრივი ქალია, თავისი ემოციებით, ოცნებებით, სისუსტეებითა და ძლიერი მხარეებით. მე ვარ ქალი, რომელიც ერთდროულად ცდილობს იყოს პროფესიულად რეალიზებული, მუდმივად განვითარებადი, მოსიყვარულე დედა და ადამიანი, რომელსაც საკუთარი ოცნებების სჯერა.
ვარ ადამიანი, რომელსაც სწამს, ეიმედება და უყვარს ღმერთი! უყვარს ცხოვრება, ახალი ადამიანების გაცნობა, მოგზაურობა და სამყაროს აღმოჩენა. დაახლოებით 40 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ყოველი მოგზაურობა ჩემთვის არის ახალი კულტურის, განსხვავებული აზროვნებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გაცნობა.
ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი როლი დედობაა. მე თვითონ საუკეთესო დედა მყავს, ორი უსაყვარლესი შვილი და მათთან გატარებული დრო ჩემთვის განსაკუთრებული ღირებულების მატარებელია. რაც არ უნდა დატვირთული იყოს ჩემი პროფესიული ცხოვრება, ოჯახი ყოველთვის ჩემი მთავარი საყრდენი და ემოციური ძალის წყაროა.
წარმატებას ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. თქვენთვის რას ნიშნავს წარმატება ?
ჩემთვის წარმატებაა, როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ, მუდმივად ვითარდები, საკუთარ შესაძლებლობებს ახალ საზღვრებს უსვამ და ამავდროულად არ კარგავ საკუთარ თავს. წარმატებაა, როდესაც შეგიძლია იამაყო განვლილი გზით, იმ შრომით, რომელიც შენს თითოეულ მიღწევას უდევს საფუძვლად, და იმ ადამიანით, რომელიც ამ პროცესში გახდი. წარმატებაა ასევე ოჯახური ჰარმონია, შვილების ბედნიერი თვალები, საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა და შინაგანი სიმშვიდე. მიმაჩნია, რომ შეუძლებელია იყო სრულად წარმატებული მხოლოდ ერთ სფეროში, თუ სხვა მნიშვნელოვანი ღირებულებები უყურადღებოდ გრჩება.
ჩემს ცხოვრებაში იყო ბევრი მიზანი, რომლისთვისაც დიდი შრომა დამჭირდა — განათლება, 15-წლიანი პროფესიული გზა, საერთაშორისო კონკურსებში მიღწეული შედეგები. თითოეული მათგანი ჩემთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, თუმცა არც ერთი მათგანი არ მიმაჩნია საბოლოო გაჩერებად.
გვირგვინი შეიძლება მოიპოვო, პროფესიული წარმატება — შექმნა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ღირებულებების შენარჩუნებაა. წარმატება არის შესაძლებლობა, იყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ისე, რომ გზად არ დაკარგო ღირსება, ადამიანობა და ის ღირებულებები, რომლებიც შენს პიროვნებას ქმნის.

რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს?
თავისუფალი დრო ჩემთვის ყველაზე მეტად განტვირთვისა და ახალი ენერგიით ავსების შესაძლებლობაა. მიყვარს ახალი ადგილების მონახულება, ლამაზი გარემოს შეგრძნება და ისეთი შთაბეჭდილებების დაგროვება, რომლებიც დიდხანს რჩება მეხსიერებაში.
ასევე ძალიან მიყვარს ოჯახთან და შვილებთან ერთად დროის გატარება. დატვირთული პროფესიული დღის შემდეგ სწორედ მათთან ყოფნა მაძლევს ყველაზე დიდ სითბოსა და სიმშვიდეს.
ძალიან მიყვარს ბავშვებთან ერთად მონასტრებში სიარული და სიწმინდეების მოლოცვა მეგობრებთან ერთად ( ჩემს დაქალებთან) სადმე მყუდრო კაფეში დაჯდომა, ცხელი ყავა და დაუსრულებელი საუბრები… საოცარი თერაპიაა.
ვფიქრობ, თავისუფალი დროის სწორად გამოყენებაც ცხოვრების ხარისხის ნაწილია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ რუტინაში ყოველთვის დარჩეს ადგილი პატარა სიხარულებისთვის, ახალი აღმოჩენებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.











