5 ნოემბერს, თბილისში, Factory Tbilisi-ში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi International Edition გაიხსნა. ოთხდღიანი მოდის კვირეული ქართველ და უცხოელ დიზაინერებს, მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და სტუმრებს მასპინძლობს. წელს ღონისძიების პროგრამაში მოდის ჩვენებებთან ერთად გამოფენები, შეხვედრები და სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტიც არის წარმოდგენილი.
5 ნოემბერს, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში, ქართველი დიზაინერის, თინათინ ფანცხავას ბრენდმა NuMeN Studio-მ ახალი კოლექცია წარადგინა. 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის შექმნილ კოლექციას „The Trap of Masculine Energy“ ჰქვია. მისი მთავარი თემა კი ქალის იდენტობა, ძალაუფლება და საზოგადოებაში დამკვიდრებული მოლოდინებია.
NuMeN Studio დამოუკიდებელი ქართული მოდის ბრენდია, რომელიც თინათინ ფანცხავამ 2025 წელს დააარსა. ბრენდი როგორც მაღალი მოდის, ისე ყოველდღიური სამოსისა და ექსპერიმენტული კოლექციების მიმართულებით მუშაობს. მის ნამუშევრებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფორმას, სილუეტსა და დეტალებს. დიზაინერისთვის კი შთაგონების წყარო ბუნება, კინო, თანამედროვე ხელოვნება და არქიტექტურაა.

პირველი დღის საერთაშორისო მონაწილეებს შორის იყო ისრაელელი დიზაინერი ინბალ ჰეფერიც. მისი შემოქმედება პირად ისტორიებს, კულტურულ მემკვიდრეობასა და სხვადასხვა გარემოს გავლენას უკავშირდება.






Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მონაწილეებს შორის იყო GUDU – 2015 წელს კიევში დაარსებული უკრაინული მოდის ბრენდი, რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი ლაშა მდინარაძეა. მისი მთავარი მიმართულება ქალის სამოსია, ბრენდის კონცეფცია კი ქალის ინდივიდუალობისა და თავდაჯერებულობის წარმოჩენას ეფუძნება.
GUDU-ს სტილი გამორჩეული სილუეტებით, მკაფიო ფორმებითა და დახვეწილი ჭრით ხასიათდება.

ლაშა მდინარაძე საკუთარ შემოქმედებაში ქალს ყოველთვის ცენტრალურ ადგილს უთმობს. მისი მიზანია შექმნას სამოსი, რომელიც ქალის ხასიათს, ძალასა და ინდივიდუალობას წარმოაჩენს. დიზაინერი GUDU-ს მუზას „ცისფერსისხლიან პანკს“ უწოდებს – ქალს, რომელიც ერთდროულად შეიძლება იყოს თამამი, მეამბოხე და ელეგანტური.
5 ნოემბერს, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე, ქართული ბრენდი RECKLESS-იც წარდგა. ბრენდი 2020 წლის აგვისტოში დაარსდა და ნიკა ჯორჯაძის ხსოვნას ეძღვნება. ნიკა 15 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი მუსიკა, ხელოვნება და ჩაცმის სტილი კი RECKLESS-ის შექმნის მთავარი შთაგონება გახდა.
დღეს ბრენდის კრეატიულ მიმართულებას სამი ახალგაზრდა დიზაინერი – ანკა კოიავა, ლიზა კაჯრიშვილი და მასუ მწარიაშვილი – განსაზღვრავს.











