ბელა ჰადიდი სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ მომავალში დაოჯახება, დედობა და ბევრი შვილის ყოლა სურს. 30 წლის მოდელმა Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში გაამხილა, რომ წარმატების მისეული აღქმა შეიცვალა და დღეს კარიერულ მიღწევებზე მეტად მშვიდი ცხოვრება, ოჯახი და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა იზიდავს.

„გარედან თუ შევხედავთ, წარმატება იმით იზომება, თუ რამდენად ცნობილი ხარ, რამდენს გამოიმუშავებ, რამდენჯერ ჩნდები ტელევიზიაში, რამდენი ჟურნალის გარეკანზე ხარ და რამდენ მოდის ჩვენებაში მონაწილეობ. ეს ყველაფერი ჩვენს ინდუსტრიაში მართლაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კარიერას იწყებ. მაგრამ მე სხვანაირად ვფიქრობ“, – განაცხადა ბელამ.
მოდელის თქმით, მისთვის ბედნიერება სულაც არ უკავშირდება მუდმივ ყურადღებასა და პროფესიულ წარმატებას. მომავალში ის საკუთარ თავს პატარა ქალაქში, საყვარელ მამაკაცთან, შვილთან და შინაურ ცხოველებთან ერთად ხედავს.

„ჩემთვის წარმატება ნიშნავს მშვიდ ცხოვრებას პატარა ქალაქში, საყვარელ მამაკაცთან, ჩემს შვილთან და ცხოველებთან ერთად“, – აღნიშნა მან.
ყოველთვის მინდოდა, გამეხსნა საცხობი. მინდა, ისეთი საქმეები ვაკეთო, რომლებიც შინაგანად ბედნიერებას მომანიჭებს: მქონდეს სათბური, სადაც მცენარეებს გავახარებ, მინის დამუშავებისა და კერამიკის სახელოსნო. მსურს, ბევრი შვილი მყავდეს და კარგი დედა ვიყო“.
ბელას თქმით, დედობა და დიდი ოჯახის შექმნა მისი მთავარი ოცნება ყოველთვის არ ყოფილა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს სურვილი განსაკუთრებით გაძლიერდა.
„ეს ოცნება ყოველთვის არ მქონია, მაგრამ ახლა ეს სურვილი ძალიან ძლიერია. ჩემი ინტუიცია ამის შესახებ ძალიან ხმამაღლა მელაპარაკება“, – განაცხადა მან.
ბელა ჰადიდის ახალი რომანი

მოდელის გულწრფელი განცხადებები მის პირად ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებსაც დაემთხვა. ბელა ამჟამად ნათან ლეისის ხვდება.
ნათანი კოლორადოს შტატის პატარა მთიან ქალაქ კრესტედ ბიუტიდან არის. როგორც გამოცემა The Cut წერს, ლეისი მეხუთე თაობის კოვბოია – ცხენოსნობა და რანჩოს ცხოვრება მისი ოჯახის ტრადიციის ნაწილია.
ცნობილი მოდელისგან განსხვავებით, ნათანის პროფესიული საქმიანობა სამშენებლო სფეროს უკავშირდება. ის ოჯახის სამშენებლო კომპანიაში ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტისა და პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. მის ოჯახს კრესტედ ბიუტში რანჩოც ეკუთვნის, სადაც ცხენებს წვრთნიან. ლეისი თავადაც გამოცდილი ცხენოსანია.

ნათანისა და ბელას საერთო ინტერესებიც სწორედ ცხენებთან არის დაკავშირებული. როგორც ირკვევა, წყვილი ერთმანეთს ლეისის დის, რეიჩელის მეშვეობით შეხვდა.

წყვილი პირველად 2026 წლის თებერვალში, მილანის მოდის კვირეულის პერიოდში შენიშნეს. მათ გამოჩენას მალევე მოჰყვა ვარაუდები შესაძლო რომანის შესახებ. თუმცა მაშინ მოდელთან დაახლოებული წყაროები ამ ცნობებს უარყოფდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ბელა და ნათანი მხოლოდ მეგობრები იყვნენ.
ასევე დაგაინტერესებთ:











