ონკოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური მიმართულებაა, რომელიც მუდმივ პროფესიულ განვითარებას, ზუსტ გადაწყვეტილებებსა და პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას მოითხოვს. თანამედროვე მკურნალობის მეთოდებთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დაავადების ადრეულ გამოვლენას, პაციენტთან სწორ კომუნიკაციასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის შერჩევას. ამ სფეროში სამეცნიერო მიღწევები მუდმივად ცვლის მკურნალობის შესაძლებლობებს, თუმცა მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება თანამედროვე დიაგნოსტიკისა და ინოვაციური თერაპიის ხელმისაწვდომობა. OK!-სთან ინტერვიუში თოდუას კლინიკის ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი თამარ მელქაძე საკუთარ პროფესიულ გზაზე, ონკოლოგიის თანამედროვე მიღწევებსა და გამოწვევებზე, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობასა და პაციენტთან სწორი კომუნიკაციის როლზე გვესაუბრება.
როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა ონკოლოგიაში და რამ განაპირობა ამ მიმართულების არჩევა?
ჩემი პროფესიული არჩევანი გარკვეულწილად პირადმა ცხოვრებამ, სირთულეებთან გამკლავების, ადამიანების დახმარების სურვილმა და ჰუმანურობამ განაპირობა. ონკოლოგია ჩემთვის თავიდანვე არ ყოფილა მხოლოდ სამედიცინო სპეციალობა – ეს იყო სფერო, სადაც განსაკუთრებულად ჩანდა ექიმის ცოდნის, ზუსტი გადაწყვეტილებებისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობა ადამიანის სიცოცხლის წინაშე. მედიცინის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ კლინიკური საქმიანობა მაშინვე დავიწყე. ეს იყო ხანგრძლივი და სირთულეებით სავსე გზა, თუმცა არჩევანს არასდროს ვნანობდი. ონკოლოგია ავირჩიე იმიტომაც, რომ მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური მიმართულებაა, რომელიც მუდმივად მოითხოვს სამეცნიერო სიახლეების გაცნობასა და პრაქტიკაში დანერგვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ონკოლოგიაში ექიმი მხოლოდ დაავადებას კი არ მართავს, არამედ თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურ, პერსონალიზებულ გადაწყვეტილებას იღებს.

რა იყო თქვენი კარიერის ის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელმაც პროფესიულად ყველაზე მეტად გაგზარდათ?
ჩემთვის პროფესიული ზრდა ერთი კონკრეტული მოვლენა არ ყოფილა – ეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპის ერთობლიობაა. პირველ რიგში, კლინიკურ პრაქტიკაში ჩართვა და იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერება, რომელიც ონკოლოგის თითოეულ გადაწყვეტილებას ახლავს. მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიულ გარემოში ინტეგრირებაც, სხვადასხვა ქვეყანაში გამოცდილების მიღება და წამყვანი ონკოლოგიური ცენტრების პრაქტიკის გაცნობა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ კლინიკურ კვლევებს. თანამედროვე ონკოლოგიაში მხოლოდ არსებული სტანდარტების ცოდნა საკმარისი აღარ არის – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რა სამეცნიერო მტკიცებულებებს ეფუძნება ისინი და როგორ შეიძლება ახალი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა. დღეს, როგორც კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კიდევ უფრო კარგად ვაცნობიერებ, რომ პროფესიული განვითარება მხოლოდ საკუთარ ცოდნაზე ზრუნვას კი არა, გუნდის განვითარებასა და ერთობლივ მუშაობასაც გულისხმობს.
ონკოლოგიური დიაგნოზი პაციენტისთვის ხშირად დიდი ემოციური გამოწვევაა. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს პაციენტთან სწორი კომუნიკაცია?
ონკოლოგიური დიაგნოზი პაციენტისთვის მხოლოდ სამედიცინო ინფორმაცია არ არის. ხშირად ის შიშთან, გაურკვევლობასთან და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაკარგვის განცდასთან ასოცირდება. ამ დროს ექიმის როლი გაცილებით მეტია, ვიდრე მკურნალობის სქემის განსაზღვრა. კარგი ონკოლოგი უნდა იყოს არა მხოლოდ კომპეტენტური კლინიცისტი, არამედ ადამიანი, რომელსაც რთული სამედიცინო ინფორმაციის გასაგებად და პასუხისმგებლობით გადაცემა შეუძლია. მნიშვნელოვანია, პაციენტს გულწრფელად ვესაუბროთ, პროფესიული ეთიკისა და ემპათიის გათვალისწინებით. არ უნდა შევქმნათ ცრუ მოლოდინები, თუმცა არც იმედი უნდა წავართვათ ადამიანს. იმედი და რეალისტური პროგნოზი ურთიერთგამომრიცხავი არ არის. პაციენტმა უნდა იცოდეს, რა დაავადებას ვმკურნალობთ, რატომ ვირჩევთ კონკრეტულ მეთოდს და რა სარგებელი თუ რისკები ახლავს მას. ჩემი მიზანია, პაციენტს დავანახვო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მკურნალობის გზას ექიმი და პაციენტი ერთად გადიან.
რატომ არის ონკოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? რა სიმპტომები ან ცვლილებები არ უნდა უგულებელყოს ადამიანმა?
ადრეული დიაგნოსტიკა ონკოლოგიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა ხშირად ზრდის განკურნების შესაძლებლობას და აუმჯობესებს მკურნალობის შედეგებს. მნიშვნელოვანია განვასხვაოთ სკრინინგი და ადრეული დიაგნოსტიკა: სკრინინგი უსიმპტომო ადამიანებში დაავადების გამოვლენას გულისხმობს, ასაკისა და რისკის ჯგუფების გათვალისწინებით, ადრეული დიაგნოსტიკა კი საეჭვო სიმპტომების დროულ შეფასებას. ყურადღება უნდა მივაქციოთ აუხსნელ წონის კლებას, ხანგრძლივ ხველას, უჩვეულო სისხლდენას, ნაწლავთა მოქმედების მდგრად ცვლილებას, ახალ ან შეცვლილ წარმონაქმნს და ხანგრძლივ ტკივილს. თუმცა ეს სიმპტომები ავტომატურად ონკოლოგიურ დაავადებას არ ნიშნავს და შესაბამის სამედიცინო შეფასებას საჭიროებს. ასევე მნიშვნელოვანია, სკრინინგი მტკიცებულებებზე იყოს დაფუძნებული და ასაკისა და ინდივიდუალური რისკების მიხედვით დაიგეგმოს.
თქვენი გამოცდილებით, რა არის დღეს ონკოლოგიის სფეროში ყველაზე დიდი გამოწვევა?
თანამედროვე ონკოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ სამეცნიერო პროგრესი გაცილებით სწრაფად ვითარდება, ვიდრე მისი თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. დღეს გვაქვს იმუნოთერაპია, მიზნობრივი თერაპია, მოლეკულური პროფილირება და სხვა ინოვაციური მიდგომები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალა მკურნალობის შედეგები. თუმცა ახალი მკურნალობის არსებობა არ ნიშნავს, რომ ის ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე დიაგნოსტიკის, მოლეკულურ-გენეტიკური კვლევებისა და ინოვაციური მკურნალობის ხელმისაწვდომობა. კიდევ ერთი გამოწვევაა ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადი – ონკოლოგს უწევს ახალი კვლევების კრიტიკული შეფასება და იმის განსაზღვრა, რამდენად ცვლის მათი შედეგები კლინიკურ პრაქტიკას. ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა უბრალოდ ახალი პრეპარატების გამოყენება, არამედ სწორი მკურნალობის შერჩევა სწორი პაციენტისთვის, სწორ დროს. ძვირადღირებული მედიკამენტი ყოველთვის უკეთეს შედეგს არ ნიშნავს.

რა უნდა იცოდეს ადამიანმა ონკოლოგიური დაავადებების შესახებ, რათა შიშმა და მცდარმა წარმოდგენებმა დროული მიმართვისგან არ შეაკავოს?
პირველ რიგში, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ონკოლოგიური დაავადება ავტომატურად განაჩენს არ ნიშნავს. თანამედროვე ონკოლოგია სწრაფად ვითარდება და დღეს მრავალი დაავადება, რომელიც წარსულში მძიმე პროგნოზთან ასოცირდებოდა, წარმატებით იმართება, ან გარკვეულ შემთხვევებში იკურნება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ონკოლოგიური დაავადებები ერთმანეთისგან განსხვავდება ბიოლოგიით, მიმდინარეობით, პროგნოზითა და მკურნალობის შესაძლებლობებით. ამიტომ სხვისი გამოცდილების საკუთარ დიაგნოზთან გაიგივება ხშირად არასწორია. ასევე საყურადღებოა თვითდიაგნოსტიკისა და არამეცნიერული ინფორმაციის საფრთხე – ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია და არაკვალიფიციური რჩევები პროფესიულ სამედიცინო შეფასებას ვერ ჩაანაცვლებს. ჩემი მთავარი გზავნილია: შიშის გამო ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. დროული დიაგნოსტიკა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობა მნიშვნელოვნად ცვლის დაავადების მართვის შესაძლებლობებს. პაციენტი დიაგნოზთან მარტო არ უნდა დარჩეს – თანამედროვე ონკოლოგია გუნდური მედიცინაა და მკურნალობის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ექიმის, პაციენტისა და მულტიდისციპლინური გუნდის თანამშრომლობა.
ტექსტი: მარიამ შულაია
ფოტო: ალექსეი სეროვი











