ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის მრავალწლიანი სასამართლო დაპირისპირება დასრულდა. მსახიობებმა ფრანგული მამულისა და ღვინის ქარხნის, Château Miraval-ის გარშემო არსებული უთანხმოება მოაგვარეს და შეთანხმებას სასამართლოს გარეშე მიაღწიეს.
როგორც მხარეებმა ოთხშაბათს Page Six-ისთვის გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, გადაწყვეტილება ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.
„ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებას სასამართლოს გარეშე მივაღწიეთ. შემდგომ კომენტარს აღარ გავაკეთებთ. მედიაში გავრცელებული ნებისმიერი განცხადება, რომელიც თითქოს ჩვენს წყაროებს ან ჩვენთან დაახლოებულ პირებს ეკუთვნით, სიმართლეს არ შეესაბამება“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეთანხმების ფინანსური და სამართლებრივი პირობები ჯერჯერობით უცნობია.

Château Miraval-ის ისტორია პიტისა და ჯოლის ურთიერთობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული – ყოფილმა წყვილმა ფრანგული მამული 2008 წელს შეიძინა, მოგვიანებით კი იქ საკუთარი ღვინის წარმოებაც დაიწყეს. სწორედ ამ ადგილას გადაიხადეს საქორწინო ცერემონიაც. თუმცა, ორი წლის შემდეგ დაწყებული განქორწინების პროცესი, საბოლოოდ, ქონებასთან დაკავშირებულ ხანგრძლივ დავაში გადაიზარდა.

2022 წელს ბრედ პიტმა ყოფილ მეუღლეს სასამართლოში უჩივლა. მისი მტკიცებით, ანჯელინამ დაარღვია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც არცერთ მხარეს არ შეეძლო მამულში საკუთარი წილის გაყიდვა მეორის თანხმობის გარეშე. პიტის განცხადებით, ჯოლიმ ეს პირობა დაარღვია და თავისი წილი რუს ბიზნესმენ იური შეფლერს მიჰყიდა.
ანჯელინა ჯოლიმ ბრალდებები უარყო და ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ საპასუხო სარჩელი შეიტანა.
სასამართლო დავა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. ჯოლის ადვოკატი პიტს არაერთხელ მოუწოდებდა, შეეწყვიტა დაპირისპირება და ოჯახისთვის მშვიდი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი
პიტსა და ჯოლის ექვსი შვილი ჰყავთ – მედოქსი, პაქსი, ზაჰარა, შაილო და ტყუპები, ნოქსი და ვივიენი. წყვილმა ურთიერთობა 2005 წელს დაიწყო, 2014 წელს დაქორწინდა, ხოლო ჯოლიმ განქორწინებაზე განაცხადი 2016 წელს შეიტანა. ყოფილ მეუღლეებს შორის სამართლებრივი დავები, მათ შორის საფრანგეთში მდებარე Château Miraval-ის საკითხზე, კვლავ გრძელდება.
პიტისა და ჯოლის ურთიერთობის ყველაზე მძიმე ეპიზოდად 2016 წლის სექტემბერში მომხდარი ინციდენტი რჩება.
2016 წლის 14 სექტემბერს, საფრანგეთიდან ლოს-ანჯელესში მიმავალ კერძო თვითმფრინავში, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ექვს შვილთან ერთად იმყოფებოდნენ. მოგვიანებით ჯოლიმ სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში განაცხადა, რომ ფრენის დროს პიტი აგრესიულად იქცეოდა, მას ფიზიკურად შეეხო და ბავშვების მიმართაც ძალადობრივი ქცევა გამოავლინა.
დოკუმენტებში ასევე ეწერა, რომ პიტმა ერთ-ერთ ბავშვს ყელში ხელი წაუჭირა, ხოლო მეორეს სახეში დაარტყა.
მსახიობის წარმომადგენლებმა ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ ჯოლი წლების წინ მომხდარი ინციდენტის აღწერას ცვლიდა და „არასწორ ინფორმაციას“ ავრცელებდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2016 წლის ინციდენტი FBI-მ და ლოს-ანჯელესის ბავშვთა და ოჯახის სერვისების დეპარტამენტმა გამოიძიეს. FBI-მ საბოლოოდ განაცხადა, რომ სისხლისსამართლებრივი ბრალდების წარდგენას არ აპირებდა, ხოლო ბავშვთა დაცვის უწყებამ გამოძიება დახურა.
ასევე დაგაინტერესებთ:












