ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უმცროსმა ქალიშვილმა, 18 წლის ვივიენ მარშელინ ჯოლიმ, ჯანმრთელობის პრობლემებისა და მკურნალობის რთული პერიოდის შესახებ პირველად ისაუბრა. როგორც გაირკვა, ვივიენს წლის დასაწყისში კვებითი აშლილობის გამო საავადმყოფოში გარკვეული დროის გატარება მოუხდა. პირადი გამოცდილება მან ხელოვნების საშუალებით გააზიარა. მისი ნახატები და დღიურიდან აღებული ჩანაწერები ლოს-ანჯელესში გამართულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

გამოფენას A Gallery on Patience in Patients ერქვა. ნამუშევრებში ვივიენმა საავადმყოფოში გატარებული დღეების მოგონებები გააცოცხლა. როგორც თავად განმარტავს, ამ პერიოდს თავდაპირველად რთული ემოციები, მარტოობის განცდა და შინაგანი წინააღმდეგობები ახლდა.

„ამ წლის დასაწყისში კვებითი აშლილობის გამო საავადმყოფოში მოვხვდი. გაბრაზებული ვიყავი, ავად ვიყავი და თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი“, – წერს ვივიენი გამოფენისთვის მომზადებულ ტექსტში.
თუმცა, მისი თქმით, მკურნალობის პერიოდში მიღებულმა მხარდაჭერამ და ადამიანურმა სითბომ ბევრი რამ შეცვალა.
„საბოლოოდ, საავადმყოფოში მყოფი ბავშვებისა და პერსონალის სიკეთემ ის მაღალი კედლები დაანგრია, რომლებიც ჩემ გარშემო მქონდა აშენებული. არასდროს მიცინია და მიტირია ასე ძლიერად, არასდროს ვყოფილვარ ასეთი გულწრფელი და არასდროს ვყოფილვარ ასე ძალიან საკუთარი თავი“, – აღნიშნავს ის.

ვივიენის ნახატები მხოლოდ საავადმყოფოს გარემოს აღწერას არ ემსახურება. მათ თან ახლავს პირადი დღიურიდან აღებული ჩანაწერებიც, რომლებშიც ახალგაზრდა ხელოვანი საკუთარ ემოციებსა და რთულ მომენტებზე საუბრობს.
ერთ-ერთ ილუსტრაციაზე ტელეფონის ჯიხურია გამოსახული, მის გვერდით კი სკამზე მჯდომი ტიტა ტელეფონით საუბრობს. ნახატს თან ახლავს 2026 წლის 4 აპრილით დათარიღებული ჩანაწერი: „ისე ძალიან მინდა ჩახუტება, რომ სხეული მთლიანად დაძაბული მაქვს“.

სხვა ჩანაწერში, რომელიც 22 აპრილით თარიღდება, ვივიენი წერს: „უნდა მივცე საკუთარ თავს უფლება, დავიშალო, რათა უკეთ გავხდე“.
ამ წლის სექტემბერში ვივიენი ტყუპისცალ ძმასთან, ნოქსთან ერთად, ლოს-ანჯელესის ხელოვნების ბაზრობაზეც გამოჩნდა, სადაც საკუთარ ილუსტრაციებს, სტიკერებსა და მისალოც ბარათებს ყიდდა.

ვივიენის გულწრფელ აღიარებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ახლავს: სულ რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესის სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, ოფიციალურად შეეცვალა სახელი და მამის, ბრედ პიტის, გვარი მოეშორებინა – 18 წლის ახალგაზრდა ახლა ვივიენ მარშელინ ჯოლის სახელით არის ცნობილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! უთანხმოება გრძელდება – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კიდევ ერთმა შვილმა გვარი შეიცვალა
#OK! ანჯელინა და ვივიენი – საშოპინგოდ მიმავალი ვარსკვლავური დედა-შვილი პაპარაცების ობიექტივში











