7 ნოემბერს, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში, ქართველმა დიზაინერმა ლაშაო გაბუნიამ ახალი კოლექცია წარადგინა. ჩვენების ერთ-ერთი მონაწილე ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილიც იყო.
თუმცა, ამჯერად ჩვენება განსაკუთრებული არა მხოლოდ წარმოდგენილი კოლექციით, არამედ მნიშვნელოვანი სიახლითაც იყო – დიზაინერმა საკუთარ ნამუშევრები JESUS STAR-ის სახელით უკანასკნელად წარადგინა. მომავალში მისი ბრენდი LASHAO-ს სახელით გააგრძელებს არსებობას.
JESUS STAR-ის უკანასკნელი შოუ
მოდა, რომელსაც მე ვქმნი, გლამურულია. დღეს ის გადარჩენისთვის იბრძვის გარემოში, სადაც ტრენდების განმეორება და კომერციული ინტერესები სულ უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს ინდივიდუალური თვითგამოხატვისთვის. ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს: როგორ ინარჩუნებს მოდა თავის იდენტობას მაშინ, როდესაც მისგან უკვე ნაცნობის განმეორებას ელიან?
ჩემთვის წინსვლის ერთადერთი გზა საკუთარი ხედვის ერთგულება და ხალხისთვის ისეთი რამის შეთავაზებაა, რასაც არ ელოდებიან. ეს კოლექცია ზუსტად ამ ფილოსოფიას ასახავს. მე ვაერთიანებ პრაქტიკულ ქსოვილებს, რომლებიც, როგორც წესი, ყოველდღიურ სამოსთან, ექსპრესიულ სილუეტებსა და სადღესასწაულო დეტალებთან ასოცირდება.
ამ ექსპერიმენტის მეშვეობით ხელახლა აღმოვაჩენ საკუთარ თავს, როგორც დიზაინერს. განვლილი გზის მიუხედავად, ვგრძნობ, თითქოს სრულიად ახალ შემოქმედებით ეტაპზე გადავდივარ. ყველაფერი, რაც JESUS STAR-ის სახელით შემიქმნია, ავტოპორტრეტი იყო. ახლა კი ამ პორტრეტს საკუთარ სახელს ვაწერ.
LASHAO
დიზაინერმა საკუთარი ბრენდი HOUSE OF JESUS STAR 2022 წელს დააარსა. ამ სახელით შექმნილმა კოლექციებმა მას ქართული მოდის სცენაზე საკუთარი ხელწერის დამკვიდრების შესაძლებლობა მისცა. მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 2024 წელს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის BeNext-ის კონკურსში გამარჯვებაც, რომელმაც მისი შემოქმედება უფრო ფართო აუდიტორიას გააცნო.
7 ნოემბრის ჩვენება ამ ისტორიის ერთგვარი დასასრული და ამავდროულად ახალი ეტაპის დასაწყისია. JESUS STAR-ის სახელით წარმოდგენილი ბოლო კოლექციის შემდეგ, დიზაინერი ბრენდის იდენტობას ცვლის და საქმიანობას LASHAO-ს სახელით განაგრძობს. სახელის ცვლილება მის შემოქმედებით გზაზე ახალი თავის დაწყებასაც აღნიშნავს.
ასევე დაგაინტერესებთ:











