ქართველი დიზაინერი David Koma იტალიური მოდის სახლის, „ბლუმარინის“ (Blumarine) კრეატიული დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Vogue ავრცელებს. დიზაინერი ბრენდს ორწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ემშვიდობება.
გადაწყვეტილება ორივე მხარემ ერთობლივად მიიღო. დიზაინერის წასვლის კონკრეტული მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო David-ს იმ პირადი ძალისხმევისა და შემოქმედებითი ენერგიისთვის, რომელიც მან „ბლუმარინს“ მიუძღვნა. ვაფასებ მის ხედვას და იმ წვლილს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის განმავლობაში შეიტანა. წარმატებას ვუსურვებ შემოქმედებითი გზის შემდეგ ეტაპზე“, – განაცხადა Exelite-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, მარკო მარკიმ.
თავად დიზაინერმაც მადლობა გადაუხადა მარკო მარკის ნდობისთვის და აღნიშნა, რომ „ბლუმარინში“ მიღებულ გამოცდილებასა და გუნდთან ერთად შესრულებულ სამუშაოს განსაკუთრებულად აფასებს.
„მადლობელი ვარ, რომ Blumarine-ის შემოქმედებით განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა მომეცა. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ, და განსაკუთრებულად ვაფასებ ნიჭიერ გუნდსა და თანამშრომლებს. ამ გამოცდილებას ყოველთვის ძვირფას მოგონებად შევინახავ. მოუთმენლად ველი ჩემი შემოქმედებითი გზის ახალ ეტაპს“, – განაცხადა დიზაინერმა.
შეგახსენებთ, რომ David Koma „ბლუმარინის“ კრეატიულ დირექტორად 2024 წლის ივლისში დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე ვალტერ კიაპონი ჩაანაცვლა.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე
#OK! Demna, David Koma & გალიბ გასანოვი: სამი ქართველი დიზაინერი მილანის მოდის კვირეულზე











