ცნობილი მოდელების, ჯოან სმოლსისა და ქენდის სვეინპოლის 15-წლიანი მეგობრობა ტომ ბრედის გამო დასრულდა. სმოლსის თქმით, ის ამერიკელ ფეხბურთელს დაახლოებით რვა თვის განმავლობაში ხვდებოდა, ამ ურთიერთობის შესახებ კი მისმა ახლო მეგობარმა, სვეინპოლმა, ყველაფერი იცოდა. უფრო მეტიც, მოდელის განცხადებით, ქენდისი მას ბრედისთვის შეტყობინებების გაგზავნაშიც ეხმარებოდა. მოგვიანებით კი თავად დაიწყო მასთან ურთიერთობა.
ამ საკითხზე ჯოან სმოლსმა Recho Omondi-ს პოდკასტში, The Cutting Room Floor-ში ისაუბრა.

„მასთან მრავალწლიანი მეგობრობა მაკავშირებს… ბევრი პირადი საუბარი გვქონია, რთულ პერიოდებში ერთმანეთის გვერდით ვიდექით. იცის ჩემი ურთიერთობებისა და იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც ვხვდებოდი.
შესაძლოა, ჩემივე საზიანოდ, ზედმეტად ბევრს ვუზიარებდი. უბრალოდ გულწრფელი ვიყავი მეგობართან.“
მოდელის თქმით, მას და ბრედის დაახლოებით რვა თვის განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა, თუმცა ოფიციალური წყვილი არასდროს ყოფილან. სვეინპოლი სწორედ ამ ფაქტს იყენებდა საკუტარი საქციელის გასამართლებლად და ჯოანის წარსულ ურთიერთობას უმნიშვნელოდ წარმოაჩენდა.

„ისე საუბრობდა, თითქოს ამართლებდა საკუთარ საქციელს. თითქოს ის, რაც მე მქონდა, მნიშვნელოვანი არ იყო ან უბრალოდ რაღაც შემთხვევითი ურთიერთობა იყო. მან ჩემი გამოცდილების დაკნინება დაიწყო, რათა თავად უკეთ ეგრძნო თავი ამ სიტუაციაში“, – ამბობს სმოლსი.
სმოლსმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ე.წ. „გოგონების კოდექსი“ – მეგობრებს შორის არსებული დაუწერელი წესი, რომლის მიხედვითაც ახლო მეგობრის ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის დაწყება განსაკუთრებულ სიფრთხილესა და მისი გრძნობების გათვალისწინებას მოითხოვს. როგორც მოდელმა თქვა, ყველას არ აქვს ასეთი პრინციპები, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ მეგობრობა სწორედ ამგვარ პატივისცემას გულისხმობს.
სმოლსის განცხადებით, მეგობრობის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი უსიამოვნო შემთხვევა მოხდა, რომელიც მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა. მოდელი ამტკიცებს, რომ მას და სვეინპოლს ერთი სამოდელო პროექტისთვის განიხილავდნენ და ორივე მათგანი სამუშაოს მიღებას ელოდა. მოგვიანებით შეიტყო, რომ ქენდისს გადასაღებ მოედანზე მასთან ერთად მუშაობა არ სურდა.

საბოლოოდ, სმოლსი პროექტს ჩამოაშორეს.
„ეს ყველაფერი ჩემთვის არავის მოუცია. ამისთვის თავად ვიშრომე. მთელი კარიერის განმავლობაში ამ სირთულეებთან გამკლავება მომიწია და შენ ამის შესახებ ყველაფერი იცი. შემდეგ კი შენს გუნდს უფლებას აძლევ, ცუდად ისაუბროს ჩემს აგენტსა და ჩემზე. შემოსავალს მიკარგავ იმის გამო, რაც თავად გააკეთე. ეს ძალიან მზაკვრული საქციელია“, – განაცხადა სმოლსმა.

ცნობისთვის, ამერიკელი ფეხბურთელი ტომ ბრედი და სუპერმოდელი ქენდის სვეინპოლი ერთმანეთს რამდენიმე თვეა ხვდებიან. ანონიმური წყაროს ცნობით, წყვილი ურთიერთობის გასაჯაროებას და პაპარაცების ყურადღების მიქცევას მაქსიმალურად ერიდება.
როგორც People წერს, ბრედი და სვეინპოლი მაიამიში ცხოვრობენ და ბოლო პერიოდში ერთად დიდ დროს ატარებენ.
ასევე დაგაინტერესებთ:










