ბელა ჰადიდმა ახალი რჩეული გამოაჩინა – 30 წლის სუპერმოდელმა Instagram-ზე კოლორადოელ ნათან ლეისისთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. კადრები დენვერში, ჰოკეის მატჩის დროს არის გადაღებული.
წყვილი 7 ნოემბერს, Colorado Avalanche-ისა და Detroit Red Wings-ის შეხვედრას დაესწრო. მატჩი საქველმოქმედო ინიციატივას, Hockey Fights Cancer-ს ეძღვნებოდა, რომლის მიზანი კიბოს კვლევისთვის თანხების შეგროვება და დაავადებით დაზარალებული ადამიანებისა და ოჯახების მხარდაჭერაა.





ვინ არის ნათან ლეისი?
ნათან ლეისი კოლორადოს შტატის პატარა მთიან ქალაქ კრესტედ ბიუტიდან არის. როგორც გამოცემა The Cut წერს, ლეისი მეხუთე თაობის კოვბოია – ცხენოსნობა და რანჩოს ცხოვრება მისი ოჯახის ტრადიციის ნაწილია.
ცნობილი მოდელისგან განსხვავებით, ნათანის პროფესიული საქმიანობა სამშენებლო სფეროს უკავშირდება. ის ოჯახის სამშენებლო კომპანიაში ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტისა და პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. მის ოჯახს კრესტედ ბიუტში რანჩოც ეკუთვნის, სადაც ცხენებს წვრთნიან. ლეისი თავადაც გამოცდილი ცხენოსანია.

ნათანისა და ბელას საერთო ინტერესებიც სწორედ ცხენებთან არის დაკავშირებული. როგორც ირკვევა, წყვილი ერთმანეთს ლეისის დის, რეიჩელის მეშვეობით შეხვდა.
წყვილი პირველად 2026 წლის თებერვალში, მილანის მოდის კვირეულის პერიოდში შენიშნეს. მათ გამოჩენას მალევე მოჰყვა ვარაუდები შესაძლო რომანის შესახებ. თუმცა მაშინ მოდელთან დაახლოებული წყაროები ამ ცნობებს უარყოფდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ბელა და ნათანი მხოლოდ მეგობრები იყვნენ.

ნათან ლეისიმდე ბელას ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა პროფესიონალ მხედარ ადან ბანუელოსთან ჰქონდა. ისინი ერთმანეთს 2023 წლის ოქტომბერში, ტეხასში შეხვდნენ, სადაც ბელა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა. მათი რომანი დაახლოებით ორი წელი გაგრძელდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! კანის კინოფესტივალის დედოფალი – ბელა ჰადიდის 2026 წლის ყველა გამორჩეული ლუქი











