ხელოვნური ინტელექტი სარეკლამო ინდუსტრიაში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს, თუმცა Prada-მ 2026 წლის სადღესასწაულო კამპანიისთვის საპირისპირო გზა აირჩია – ბრენდმა ციფრული გენერაციის ნაცვლად ტრადიციულ, ხელით შესრულებულ ანიმაციას მიანიჭა უპირატესობა.
კამპანია სახელწოდებით „Drawing Prada: Animated by Hand“ ხელოვნების იმ ფორმას უბრუნდება, რომლის შექმნასაც დრო, მოთმინება და თითოეული დეტალისადმი განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

იტალიურმა მოდის სახლმა სადღესასწაულო სეზონისთვის ზღაპრული სამყარო შექმნა, სადაც რეალური მსახიობები ხელით დახატული ზამთრის პეიზაჟების ფონზე სხვადასხვა ანიმაციურ პერსონაჟს ხვდებიან. პროექტის მთავარი იდეა ადამიანური შემოქმედების მნიშვნელობის წარმოჩენაა – იმ ხელობისა და ინდივიდუალური ხედვის, რომლის ჩანაცვლებაც ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად მარტივი არ არის.
![]()
როგორ შეიქმნა Prada-ს ზღაპრული სამყარო?
კამპანიის შექმნის პროცესს ცნობილი ანიმატორი ჯონ პომეროი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, პერსონაჟების შექმნისას მხოლოდ მათ გარეგნობაზე არ ფიქრობენ. აუცილებელია მათი შინაგანი სამყაროს წარმოდგენაც – ხასიათი, სურვილები და პატარა ახირებები, შემდეგ კი ამ ყველაფრის ნახატებში გადატანა.
განსაკუთრებული ყურადღება მოძრაობის თითოეულ დეტალს დაეთმო. ანიმაციური პერსონაჟების ყოველი ჟესტი და მოქმედება ხელით შესრულდა.
„გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ადამიანის შემოქმედებით ნიჭსა და შრომას განსაკუთრებული ღირებულება აქვს. ეს არის ხელოვნება, რომელსაც ტექნოლოგიები ვერ ჩაანაცვლებს. ხელით შექმნილი ნამუშევარი დღესაც ცოცხალია“, – ამბობს ჯონ პომეროი.


Prada-ს სადღესასწაულო კამპანიის სახეები მსახიობები სედი სინკი, მაია ჰოუკი, ჩენ ჰაოიუ, ლუთერ ფორდი და კელვინ ჰარისონ უმცროსი არიან. პროექტის კრეატიული მიმართულება მიუჩა პრადასა და რაფ სიმონსს ეკუთვნის.


რატომ არის ეს არჩევანი მნიშვნელოვანი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში?

Prada-ს გადაწყვეტილება მხოლოდ ესთეტიკური არჩევანი არაა: იმ დროს, როდესაც ბრენდები რეკლამების შესაქმნელად სულ უფრო ხშირად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, მოდის სახლმა ყურადღება ხელით შესრულებულ შრომაზე, ტრადიციულ ტექნიკასა და ადამიანურ შემოქმედებაზე გადაიტანა. ასეთი მიდგომა გაცილებით მეტ დროსა და რესურსს მოითხოვს, თუმცა კამპანიის მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის – ტექნოლოგიური შესაძლებლობების ზრდასთან ერთად ნამდვილი ხელოვნების ღირებულება არ ქრება.














