სინდი კროუფორდი და მისი მეუღლე, რენდი გერბერი, შვილის, პრესლის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ექვსი კვირის შემდეგ საჯაროდ გამოჩნდნენ. წყვილი მალიბუში, ყოველდღიური საყიდლების დროს გადაიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ მოდელი და მისი მეუღლე ნელ-ნელა ცდილობენ ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, ოჯახთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ისინი კვლავ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში არიან და დანაკარგთან გამკლავებას ცდილობენ.


ოჯახის ემოციურ მდგომარეობაზე გამოცემა People-თან ანონიმურმა წყარომ ისაუბრა. მისი თქმით, კროუფორდი და გერბერი ამ რთულ პერიოდში დიდ დროს ქალიშვილ კაიასთან და ახლო მეგობრებთან ატარებენ.
„არავინ მოელის მათგან, რომ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ოჯახში ჯერ კიდევ ძალიან დიდი სევდაა“, – ამბობს წყარო.

მისივე თქმით, სინდის განსაკუთრებით უჭირს შვილის გარეშე ყოფნა. „მას ყველაზე მეტად პრესლი დილით, გაღვიძებისას ენატრება. ეს ტკივილი მთელი დღის განმავლობაში თან სდევს. ყოველდღიურობის გაგრძელება ჯერ კიდევ ძალიან რთულია. ყოველი დღე სევდით არის სავსე“.

18 ოქტომბერს სინდი კროუფორდმა დუმილი დაარღვია და შვილს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი საყვარელი შვილის დაკარგვის გამო. მადლიერები ვართ, რომ პრესლი 27 წლის განმავლობაში ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო. ის უსაყვარლესი და ულამაზესი სულის მქონე ადამიანი გახლდათ და ყოველთვის ჩვენს გულებში დარჩება.
ვამაყობთ იმით, თუ როგორ წარდგა ის სამყაროს წინაშე – სიკეთით, გულწრფელობითა და საკუთარი სისუსტეების გამოჩენის გამბედაობით. ვაფასებთ იმ სიყვარულსა და მხარდაჭერას, რომელიც ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისგან მივიღეთ.
შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო. სამუდამოდ გვეყვარები.
დედა, მამა და კაია“ .

შეგახსენებთ, რომ პრესლი გერბერი 20 სექტემბერს კალიფორნიაში, სანტა მონიკაში მდებარე სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა შეტყობინება სავარაუდო ზედოზირებისა და გულის გაჩერების შესახებ დილით მიიღეს. ექსპერტიზა უკვე ჩატარდა, თუმცა ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურს გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დაუსახელებია.
ასევე დაგაინტერესებთ:
“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება











