ლეონარდო დიკაპრიოს პირადი ცხოვრება წლებია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ოსკაროსანი მსახიობი კარიერის განმავლობაში არაერთ ცნობილ მოდელსა და მსახიობს ხვდებოდა, თუმცა მისი სასიყვარულო ურთიერთობების განხილვისას ერთი დეტალი მუდმივად იქცევს ყურადღებას – დიკაპრიოს რჩეულები, როგორც წესი, მასზე გაცილებით ახალგაზრდები არიან. განსაკუთრებით ხშირად კი ე.წ. „25 წლის წესი“ ხდება განხილვის საგანი. ინტერნეტში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მსახიობის რომანები ხშირად სწორედ მაშინ სრულდება, როდესაც მისი პარტნიორი 25 წელს აღწევს ან სცდება.
მსახიობის სასიყვარულო ისტორიაში იყვნენ სუპერმოდელები, ჰოლივუდის მსახიობები და მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავიც კი. მოდით, თვალი გადავავლოთ დიკაპრიოს ყველაზე გახმაურებულ რომანებს:
ჟიზელ ბუნდჰენი

დიკაპრიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხანგრძლივი რომანი ბრაზილიელ სუპერმოდელ ჟიზელ ბუნდჰენთან ჰქონდა. მათი ურთიერთობა 2000 წელს დაიწყო და დაახლოებით ხუთი წელი გაგრძელდა. გაცნობისას ჟიზელი 20 წლის იყო, მსახიობი კი – 25-ის.
ბუნდჰენი დიკაპრიოს გვერდით არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გამოჩნდა. მათ შორის იყო 2005 წლის „ოსკარის“ დაჯილდოება, სადაც მსახიობი ფილმისთვის The Aviator იყო წარდგენილი.
ბარ რაფაელი

ჟიზელ ბუნდჰენთან დაშორების შემდეგ დიკაპრიოს ცხოვრებაში ისრაელელი სუპერმოდელი ბარ რაფაელი გამოჩნდა. მათი ურთიერთობა 2005 წელს დაიწყო და, მიუხედავად რამდენიმე დაშორებისა, დაახლოებით ექვსი წელი გაგრძელდა.
რომანის დასაწყისში ბარი 20 წლის იყო, დიკაპრიო კი – 30-ის.
ბლეიკ ლაივლი და ერინ ჰიზერტონი

ბარ რაფაელთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ დიკაპრიოს სახელი მსახიობ ბლეიკ ლაივლის დაუკავშირეს. ისინი 2011 წელს დაახლოვდნენ და არაერთხელ გამოჩნდნენ საფრანგეთში, იტალიასა და ნიუ-იორკში. ურთიერთობის დაწყებისას ლაივლი 23 წლის იყო, დიკაპრიო კი – 36-ის. რომანი დაახლოებით ხუთი თვე გაგრძელდა და იმავე წელს დასრულდა.

ლაივლის შემდეგ მსახიობის რჩეული Victoria’s Secret-ის მოდელი ერინ ჰიზერტონი გახდა. ისინი 2011 წელს დაახლოვდნენ და თითქმის ერთი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ურთიერთობის დასაწყისში ერინი 22 წლის იყო, დიკაპრიო კი – 36-ის.
ტონი გარნი

2013 წელს დიკაპრიოს რჩეული გერმანელი მოდელი ტონი გარნი გახდა. მათი რომანი დაახლოებით წელიწად-ნახევარს გაგრძელდა. გაცნობისას ტონი 20 წლის იყო, მსახიობი კი – 38-ის.
წყვილი ხშირად ჩნდებოდა ერთად, მოგზაურობდა და დროს სხვადასხვა ქვეყანაში ატარებდა. 2014 წელს მათი დაშორების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოგვიანებით, 2017 წელს, წყვილი ნიუ-იორკში კვლავ შენიშნეს, თუმცა ურთიერთობის განახლება არ დადასტურებულა.
რიანა

2015 წელს დიკაპრიოს სახელი ბარბადოსელ მომღერალ რიანასაც დაუკავშირეს. ისინი რამდენჯერმე შენიშნეს ერთად, მათ შორის მომღერლის დაბადების დღის წვეულებაზე. იმ პერიოდში რიანა 27 წლის იყო, დიკაპრიო კი – 40-ის.
მათი შესაძლო რომანის შესახებ მედიაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა არც ერთ მათგანს ურთიერთობა საჯაროდ არ დაუდასტურებია.
კამილა მორონე

მსახიობის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა არგენტინელ-ამერიკელ მოდელ და მსახიობ კამილა მორონესთან იყო. მათი რომანი 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. მაშინ კამილა 20 წლის იყო, დიკაპრიო კი – 43-ის.
მათ შორის 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობის განმავლობაში ხშირად ხდებოდა განხილვის საგანი. 2019 წელს Los Angeles Times-თან ინტერვიუში მორონემ ამ თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასაკობრივი სხვაობის მქონე წყვილები ჰოლივუდშიც და მის ფარგლებს გარეთაც არსებობდნენ და ყველას ჰქონდა უფლება, თავად აერჩია, ვისთან სურდა ურთიერთობა.
მათი რომანი თითქმის ხუთი წელი გაგრძელდა და 2022 წლის აგვისტოში დასრულდა.
ჯიჯი ჰადიდი

წყვილი პირველად 2022 წლის სექტემბერში შენიშნეს ერთად. იმ დროს ჯიჯი 27 წლის იყო, მსახიობი კი – 47-ის.
მათი ურთიერთობა პერიოდულად ხვდებოდა მედიის ყურადღების ცენტრში. გავრცელებული ინფორმაციით, დიკაპრიო მოდელის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა და ცდილობდა, მის დატვირთულ გრაფიკს მორგებოდა. თუმცა მათი რომანი ხანგრძლივი არ აღმოჩნდა და 2023 წელს დასრულდა.
ვიტორია ჩერეტი

დიკაპრიოს ამჟამინდელი პარტნიორი იტალიელი სუპერმოდელი ვიტორია ჩერეტია.
2025 წელს ჩერეტიმ ფრანგულ Vogue-თან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, როგორია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობის პარტნიორობა და რა სირთულეები შეიძლება ახლდეს ასეთ ურთიერთობას. მოდელის თქმით, ზოგჯერ საზოგადოება ადამიანს მხოლოდ ცნობილი პარტნიორის სტატუსით აღიქვამს, რაც მისთვის შემაწუხებელია.
„როდესაც ურთიერთობაში შენზე ბევრად პოპულარულ ადამიანთან ხარ, ხშირად მხოლოდ მისი შეყვარებულის სტატუსით წარმოგაჩენენ, რაც ზოგჯერ შემაწუხებელია. თუმცა, თუ ურთიერთობა ნამდვილია და ერთმანეთი გიყვართ, ამაზე ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს“, – აღნიშნა ჩერეტიმ.
დიკაპრიოსა და ჩერეტის ურთიერთობა კვლავ გრძელდება. ამ დროისთვის მსახიობი 52 წლისაა, მოდელი კი – 28-ის.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! ჟურნალმა Time-მა ლეონარდო დიკაპრიო 2025 წლის საუკეთესო მსახიობად დაასახელა












