ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი ბიზნესმენი მაიკლ ბლუმბერგი 26-წლიანი ურთიერთობის შემდეგ თავის რჩეულზე, დიანა ტეილორზე დაქორწინდა. წყვილმა საქორწინო ცერემონია 9 ნოემბერს, ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გამართა.
მაიკლ ბლუმბერგი 84 წლისაა, დიანა ტეილორი კი – 71-ის. მათი ურთიერთობა 2000 წელს დაიწყო. წლების განმავლობაში ისინი ამერიკის ბიზნესსა და პოლიტიკურ წრეებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, თუმცა ოფიციალურად დაუქორწინებელი წყვილი იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბლუმბერგი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორისაა, ტეილორი მხოლოდ მილიარდერის პარტნიორის სტატუსით არასდროს ყოფილა ცნობილი – მას საკუთარი, საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს.

ვინ არის მაიკლ ბლუმბერგი
მაიკლ ბლუმბერგი ამერიკელი ბიზნესმენი, მედიამაგნატი, ქველმოქმედი და პოლიტიკოსია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფინანსური მედია კომპანიის, Bloomberg LP-ის თანადამფუძნებელია. კომპანია 1981 წელს დააარსა და დღესაც მისი 88%-ის მფლობელია.
Bloomberg LP ფინანსურ ბაზრებს, ბიზნესს, ეკონომიკასა და საინვესტიციო სფეროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებს, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტია Bloomberg Terminal – პლატფორმა, რომელსაც ფინანსური სფეროს პროფესიონალები მონაცემების მისაღებად და ბაზრის შესასწავლად იყენებენ.

ბლუმბერგის ქონება Forbes-ის 2026 წლის 13 ნოემბრის მონაცემებით, დაახლოებით 94.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მე-20 ადგილს იკავებს. გამოცემის შეფასებით, მისი კომპანიის წლიური შემოსავალი თითქმის 15 მილიარდი დოლარია. ბლუმბერგი ასევე ერთ-ერთი მსხვილი ქველმოქმედია – Forbes-ის ცნობით, 2025 წელს მან სხვადასხვა საქველმოქმედო მიმართულებას 4.3 მილიარდი დოლარი შესწირა, ხოლო მთელი ცხოვრების განმავლობაში გაცემული შემოწირულობების ჯამი 25.4 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ბიზნესის გარდა, ბლუმბერგი ამერიკის პოლიტიკაშიც მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის ნიუ-იორკის მერის თანამდებობას 2002-2013 წლებში, ზედიზედ სამი ვადით იკავებდა. 2020 წელს კი დემოკრატიული პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის იბრძოდა, თუმცა პარტიის კანდიდატი ვერ გახდა.
ვინ არის დიანა ტეილორი?

დიანა ტეილორი ამერიკელი ბიზნესმენი და ფინანსური სფეროს გამოცდილი სპეციალისტია, რომელმაც კარიერა უოლ-სტრიტზე საინვესტიციო ბანკირად დაიწყო. მოგვიანებით ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის, ჯორჯ პატაკის ადმინისტრაციაში მუშაობდა, 2003 წელს კი ნიუ-იორკის შტატის საბანკო ზედამხედველად დაინიშნა. ამ თანამდებობას ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა.
2007 წლიდან ტეილორი კერძო ინვესტიციების სფეროში გადავიდა. ამჟამად ის რამდენიმე მსხვილი კომპანიისა და ორგანიზაციის საბჭოს წევრია, მათ შორის Citigroup-ისა და Brookfield Asset Management-ის. ასევე ხელმძღვანელობს არაერთ საქველმოქმედო და კულტურულ ორგანიზაციას, მათ შორის ნიუ-იორკის ბალეტის საბჭოს.
როგორ დაიწყო მათი 26-წლიანი სიყვარულის ისტორია?
მათი გაცნობის ისტორია საკმაოდ უჩვეულოა – 2000 წელს მაიკლ ბლუმბერგი ნიუ-იორკის მერობისთვის ემზადებოდა. სწორედ ამ პერიოდში Citizens Budget Commission-ის შეხვედრაზე ტეილორს შეხვდა. იმ დღეს მხოლოდ ბიზნესშეხვედრაზე ისაუბრეს, საღამოს კი შემთხვევით ერთსა და იმავე რესტორანში აღმოჩნდნენ. ბლუმბერგი დიანა სასმელზე დაპატიჟა. ტეილორმა შეთავაზება მიიღო და ასე დაიწყო მათი ურთიერთობა, რომელიც დღემდე გრძელდება.

ბლუმბერგის მერობის პერიოდში ტეილორი ხშირად ჩნდებოდა ოფიციალურ ღონისძიებებზე, საზოგადოებრივ შეხვედრებსა და სხვადასხვა საჯარო გამოსვლაზე. ნიუ-იორკის მერის პარტნიორს ხშირად ქალაქის არაოფიციალურ პირველ ლედისაც უწოდებდნენ. თუმცა, როგორც თავად ტეილორი აღნიშნავდა, მას საკუთარი პროფესიული ცხოვრება ჰქონდა და არ სურდა, მხოლოდ ცნობილი მამაკაცის პარტნიორის სახელით ყოფილიყო ცნობილი.

2020 წელს The Washington Post-თან ინტერვიუში ტეილორმა ისიც განმარტა, რომ სიტყვა „შეყვარებული“ მათ ურთიერთობას სათანადოდ არ აღწერდა, რადგან ზედმეტად დროებით კავშირად ჟღერდა. მაშინ ის საკუთარ თავს ბლუმბერგის პარტნიორად მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ მათი ურთიერთობისთვის ზუსტი განსაზღვრება ჯერ ვერავის მოეძებნა.
აღსანიშნავია, რომ ორივესთვის ეს მეორე ქორწინებაა. მაიკლ ბლუმბერგი 1975 წელს სიუზან ბრაუნზე დაქორწინდა, თუმცა წყვილი 1993 წელს დაშორდა. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ – ემა და ჯორჯინა. დიანა ტეილორის პირველი ქორწინებაც განქორწინებით დასრულდა. ბლუმბერგსა და ტეილორს საერთო შვილები არ ჰყავთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! სტენლი ტუჩისა და ფელისიტი ბლანტის სიყვარულის ისტორია – როგორ დააკავშირა ემილი ბლანტმა წყვილი












