რობერტ პატინსონი ჯეიმს ბონდის როლს შეასრულებს – 2026 წლის 16 ნოემბერს Amazon MGM Studios-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 40 წლის ბრიტანელი მსახიობი ლეგენდარული აგენტის როლში დენიელ კრეიგს ჩაანაცვლებს. ახალი ფილმის რეჟისორი დენის ვილნევი იქნება, სცენარზე სტივენ ნაითი იმუშავებს, პრემიერა კი 2028 წელს იგეგმება.
პატინსონისთვის ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია კარიერაში. მსახიობმა მაყურებლის ყურადღება ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში, „ჰარი პოტერის“ მეოთხე ნაწილში შესრულებული როლით მიიპყრო, მსოფლიო პოპულარობა კი ედვარდ კალენის განსახიერებამ მოუტანა. მოგვიანებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ მხოლოდ თინეიჯერული რომანტიკული ფილმების ვარსკვლავი არ იყო და დამოუკიდებელ კინოსა თუ მსხვილ ჰოლივუდურ პროექტებში განსხვავებული პერსონაჟების განსახიერება შეეძლო.
გთავაზობთ 7 გამორჩეულ ფილმს, რომლებსაც რობერტ პატინსონის კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
Harry Potter and the Goblet of Fire (2005)

რობერტ პატინსონის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი კინოროლი „ჰარი პოტერისა და ცეცხლოვანი თასის“ ეკრანიზაციაში იყო. მსახიობმა სედრიკ დიგორი განასახიერა – ჰოგვორტსის პოპულარული და ნიჭიერი მოსწავლე, რომელიც ჯადოქრების ტურნირში მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟს ფილმში შედარებით მცირე დრო ეთმობა, მისი ბედი სიუჟეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დრამატული მომენტია.
The Twilight Saga (2008–2012)

პატინსონის კარიერის ყველაზე ცნობილი ეტაპი სტეფანი მეიერის რომანების მიხედვით გადაღებულ „ბინდის“ საგას უკავშირდება. ხუთ ფილმში მსახიობი ედვარდ კალენს განასახიერებს – ვამპირს, რომელსაც ბელა სვონი უყვარდება. კრისტენ სტიუარტთან ერთად შესრულებულმა როლმა იგი მსოფლიო ვარსკვლავად აქცია და მისი სახელი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თინეიჯერულ ფრენჩაიზს დაუკავშირა.
თუმცა თავად მსახიობი ამ წარმატებას ყოველთვის იუმორითა და ირონიით უყურებდა. სხვადასხვა ინტერვიუში არაერთხელ გამოუთქვამს კრიტიკული მოსაზრებები ფილმის სიუჟეტსა და საკუთარი პერსონაჟის შესახებ. 2022 წელს GQ-სთან ინტერვიუში გაიხსენა, რომ პირველ ფილმში უფრო არტისტული და ემოციურად მძაფრი ვერსიის შექმნა სურდა, რასაც სტუდია ყოველთვის არ ეთანხმებოდა.
მიუხედავად კრიტიკული დამოკიდებულებისა, პატინსონს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ სწორედ ამ პროექტმა შეცვალა მისი ცხოვრება და კარიერა.
Remember Me (2010)

„ბინდის“ საგის პარალელურად პატინსონმა რომანტიკულ დრამაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სრულიად განსხვავებული პერსონაჟი განასახიერა. ტაილერ ჰოუკინსი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც ოჯახური პრობლემები და წარსულის ტრაგედია აწუხებს. მისი ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც ელის კრეიგს გაიცნობს. ფილმში პარტნიორობას ემილი დე რავინი უწევდა. „Remember Me“ მსახიობის კარიერაში ერთ-ერთი პირველი მცდელობა იყო, მაყურებლისთვის ედვარდ კალენისგან განსხვავებული სახე ეჩვენებინა.
Cosmopolis (2012)

დევიდ კრონენბერგის ფილმში პატინსონი ახალგაზრდა მილიარდერის, ერიკ პაკერის როლს ასრულებს. პერსონაჟი ნიუ-იორკში ლიმუზინით გადაადგილდება, თუმცა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მგზავრობა მისთვის ცხოვრებისეულ კრიზისად იქცევა. ფილმი თანამედროვე საზოგადოების, ფინანსური სამყაროსა და ძალაუფლების შესახებ მოგვითხრობს.
The Lighthouse (2019)

რობერტ ეგერსის შავ-თეთრ ფსიქოლოგიურ თრილერში პატინსონი უილემ დეფოსთან ერთად გამოჩნდა. ფილმის მოქმედება იზოლირებულ კუნძულზე ვითარდება, სადაც ორი შუქურას მცველი მუშაობს. პატინსონი ახალგაზრდა ეფრაიმ უინსლოუს როლს ასრულებს, რომელსაც უფროს კოლეგასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. მარტოობა, გაურკვეველი მოვლენები და მძიმე სამუშაო გარემო პერსონაჟების ფსიქიკურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. ფილმმა კინოკრიტიკოსების დიდი ყურადღება მიიპყრო და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პატინსონს რთული და არაორდინარული როლების შესრულებაც შეუძლია.
Tenet (2020)

კრისტოფერ ნოლანის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში პატინსონი ნილის როლს ასრულებს. ის მთავარი პერსონაჟის მოკავშირეა და სამყაროს გადასარჩენად რთულ მისიაში მონაწილეობს. თავად პატინსონის პერსონაჟი კი მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი გმირია, რომლის შესახებაც მნიშვნელოვანი დეტალები ფილმის მსვლელობისას ირკვევა.
The Batman (2022)

პატინსონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარდასახვა მეტ რივზის „ბეტმენში“ ვიხილეთ. მსახიობმა ბრიუს უეინის განსხვავებული ვერსია წარმოადგინა – ახალგაზრდა, ჩაკეტილი და ემოციურად რთული პერსონაჟი, რომელიც გოთემის დანაშაულებრივ სამყაროს ებრძვის. ფილმში ბეტმენი არა მხოლოდ ქალაქის დაცვას, არამედ საკუთარ წარსულსა და შინაგან წინააღმდეგობებთან გამკლავებასაც ცდილობს. ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 770 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და პატინსონს კიდევ ერთი პოპულარული კინოფრენჩაიზის მთავარი გმირის სტატუსი მოუტანა.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
#OK! კვენტინ ტარანტინომ 21-ე საუკუნის საუკეთესო ფილმები დაასახელა












