„ქალებს არასდროს აძლევენ სრულ თავისუფლებას. თითოეული გადაწყვეტილების გამართლება გვიწევს, შემდეგ კი ყველა შეცდომის ახსნას გვთხოვენ. ეს ორმაგი სტანდარტი უსამართლოა“.
სწორედ ქალების როლს, მათ პროფესიულ გამოცდილებასა და ჰოლივუდში არსებულ გამოწვევებს ეძღვნება ELLE-ის ყოველწლიური პროექტი „Women in Hollywood“, რომლის 2026 წლის გამოცემისთვის ჟურნალმა რვა მსახიობი ქალი შეარჩია.
მათ შორის არიან როგორც გამოცდილი ვარსკვლავები, ისე ახალი თაობის მსახიობები.
ფლორენს პიუ, ინდე ნავარეტი, ჯულიანა მური, როზალინდ ელეაზარი, პენელოპე კრუსი, ელიზაბეტ დებიკი, ქერი კუნი და სამანტა მორტონი – თითოეულ მათგანს განსხვავებული კარიერული გზა, გამოცდილება და საკუთარი სათქმელი აქვს. ELLE-ის ინტერვიუში მსახიობები ახალ პროექტებზე, რთულ როლებზე, პროფესიულ გამოწვევებსა და იმ ცვლილებებზე საუბრობენ, რომლებიც, მათი აზრით, კინოინდუსტრიას ჯერ კიდევ სჭირდება.
ფლორენს პიუ

ბრიტანელი მსახიობი ფლორენს პიუ თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვარსკვლავია. „ოსკარის“ ნომინანტმა განსაკუთრებული აღიარება ფილმებით Midsommar, Little Women და Oppenheimer მოიპოვა. ELLE-ის 2026 წლის პროექტში ის არა მხოლოდ კინოროლების, არამედ საკუთარი პოზიციის ღიად გამოხატვისა და რთულ საკითხებზე საუბრის გამბედაობის გამოც მოხვდა.
ინტერვიუში პიუ ამბობს, რომ შიში მისთვის პროფესიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა სწორედ ეს განცდა უბიძგებს, ახალი გამოწვევების მიღებისკენ.
„ყველა როლის, რომელიც კი მითამაშია, მეშინოდა. ვფიქრობდი: როგორ უნდა გავაკეთო ეს? შევძლებ კი? თუმცა სწორედ ეს მანიჭებს განსაკუთრებულ სიამოვნებას – პირისპირ ვხვდები შიშს და ვცდილობ, მას გავუმკლავდე“, – ამბობს მსახიობი.

პიუ ასევე საუბრობს ქალების მიმართ ჰოლივუდში არსებულ მკაცრ დამოკიდებულებაზე. მისი თქმით, საზოგადოება მუდმივად აკვირდება ქალების გარეგნობას, ჩაცმულობასა და ასაკს, შემდეგ კი ამ ყველაფრის გამო აკრიტიკებს.
ინდე ნავარეტი

25 წლის მსახიობმა ინდე ნავარეტემ ფართო ცნობადობა საშინელებათა ფილმით Obsession მოიპოვა. პროექტში მისი პერსონაჟის, ნიკის, სახის გამომეტყველება იმდენად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. თავად მსახიობი ამბობს, რომ ახლა ქუჩაში ხშირად სახელით – „ნიკი“ – მიმართავენ.

„მინდოდა, შემექმნა ისეთი ნამუშევარი, რომელსაც ადამიანები მომავალშიც გაიხსენებდნენ“ – ამბობს იგი ELLE-სთან ინტერვიუში.
ჯულიანა მური

ჯულიანა მური ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მსახიობია, რომლის კარიერაც ათწლეულებს ითვლის. „ოსკარის“ მფლობელმა საერთაშორისო წარმატება ფილმებით Still Alice, Far from Heaven, The Hours და May December მოიპოვა. ELLE-ის ინტერვიუში მსახიობი ახალ ფილმზე, The Debut-ზე საუბრობს, რომლის სცენარიც რეჟისორმა ჯესი აიზენბერგმა სპეციალურად მისთვის დაწერა.
მურისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ქალების ისტორიები და ის გარემოებები, რომლებიც მათ არჩევანზე გავლენას ახდენს. მსახიობს აინტერესებს, როგორ იცვლებოდა ქალების შესაძლებლობები სხვადასხვა თაობაში და რა შეზღუდვების გადალახვა უწევდათ მათ.

„ადამიანები და მათი არჩევანი ყოველთვის მაინტერესებდა – როგორ ცხოვრობენ, ვინ უყვართ და როგორ მოქმედებს ჩვენზე ის საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ. განსაკუთრებით მაინტერესებს, რა შესაძლებლობები აქვთ ქალებს და რა არჩევანს სთავაზობს მათ გარემო, რომელშიც ცხოვრობენ. მე-20 საუკუნეში დავიბადე და საკუთარი თვალით ვხედავდი, რა შეიცვალა და რა დარჩა უცვლელი: რა შესაძლებლობები ჰქონდათ ჩემს დიდ ბებიებს, ბებიას, დედაჩემსა და შემდეგ უკვე მე. დედაჩემის მშობლები კოლეჯში არ უშვებდნენ, რადგან იმ დროს გოგონებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ხშირად არ აძლევდნენ – კოლეჯში მხოლოდ მისი ძმა გაგზავნეს. დედამ სწავლა მოგვიანებით, შვილების გაჩენის შემდეგ გააგრძელა“, – ამბობს მური ELLE-სთან ინტერვიუში.
როზალინდ ელეაზარი

ბრიტანელი მსახიობისთვის ახალი ფილმი Misty Green კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. კრის როკის სცენარის მიხედვით გადაღებულ დრამაში მან მთავარი როლი შეასრულა – განასახიერა ჰოლივუდის მსახიობი, რომლის ცხოვრებაშიც პირადი პრობლემები, დამოკიდებულება და პროფესიული სირთულეები ერთმანეთშია გადახლართული. ეს ელეაზარის პირველი მთავარი როლია სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში.

„მინდა, უფრო მეტი ქალი ვიხილო მთავარ როლში. ხშირად IMDb-ზე მომავალ პროექტებს ვათვალიერებ და მათი მოკლე აღწერების დაახლოებით 80 პროცენტი ასე იწყება: „კაცი, რომელიც…” ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რატომ იღებენ ამდენ ფილმს მამაკაც მთავარ პერსონაჟებზე, მაშინ, როდესაც ქალებზე ორიენტირებული ისტორიების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია“, – აღნიშნავს მსახიობი.
პენელოპე კრუსი

2026 წელი პენელოპე კრუსისთვის განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა – მსახიობი ოთხ ფილმში გამოჩნდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მნიშვნელოვანი არა პერსონაჟის ეკრანზე გამოჩენის ხანგრძლივობა, არამედ მისი ისტორია და ხასიათია.
„ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ამ ინდუსტრიაში ჩემი ადგილი იყო და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ.“

ინტერვიუში მსახიობი ხავიერ ბარდემთან ურთიერთობასაც იხსენებს. ისინი 1992 წელს, ფილმ Jamón Jamón-ის გადაღებებზე შეხვდნენ ერთმანეთს. წლების შემდეგ მათი ურთიერთობა რომანტიკულ კავშირად იქცა. დღეს წყვილს ორი შვილი ჰყავს. კრუსის თქმით, ერთად მუშაობა ორივესთვის საინტერესოა, თუმცა ამას ხშირად არ აკეთებენ.
„ჩვენ 33-წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს, ასევე ბევრი წელი გავატარეთ როგორც წყვილმა. ბევრი რამ უცვლელი დარჩა, თუმცა ორივე შევიცვალეთ და ერთად გავიზარდეთ. ეს ჩვენს ერთობლივ მუშაობაშიც იგრძნობა – ზოგჯერ ერთმანეთის გაგება მხოლოდ ერთი შეხედვით შეგვიძლია“, – ამბობს მსახიობი.
ელიზაბეთ დებიკი

სერიალ The Crown-ში შესრულებულმა როლმა მსახიობს „ოქროს გლობუსი“ და საერთაშორისო აღიარება მოუტანა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, რეალური ადამიანის განსახიერების შემდეგ ხშირად რთულია, მაყურებელმა მსახიობი სხვა პერსონაჟთანაც დააკავშიროს.
The Crown-ის მეხუთე და მეექვსე სეზონებში დებიკიმ პრინცესა დიანა განასახიერა. ამ როლმა მისი კარიერა ახალ ეტაპზე გადაიყვანა, თუმცა სერიალის დასრულების შემდეგ გარკვეული დრო დასჭირდა ისეთი პროექტების საპოვნელად, რომლებიც პროფესიულად დააინტერესებდა.
„როდესაც რეალურ ადამიანს განასახიერებ, შეიძლება იმდენად დაუკავშირდე კონკრეტულ ნამუშევარს, რომ ადამიანებმა მხოლოდ ამ როლში დაგინახონ. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია. ასეთი მნიშვნელოვანი როლის შემდეგ გარკვეული პერიოდი გჭირდება, რომ საკუთარ თავსა და კარიერას ხელახლა შეხედო“, – ამბობს დებიკი ELLE-სთან ინტერვიუში.
ახლა დებიკი ორ ახალ პროექტში გამოჩნდება – დევიდ ფინჩერის The Further Mis-Adventures of Cliff Booth-სა და Wicker-ში.

მისი თქმით, მსახიობობა იმდენად დიდი გატაცება შეიძლება გახდეს, რომ პირადი ცხოვრება მეორე პლანზე გადაინაცვლოს. სწორედ ამ ბალანსის პოვნას დასჭირდა ყველაზე მეტი დრო.
„ყველაზე დიდი დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, როგორ უნდა მომეწყო საკუთარი ცხოვრება მსახიობობის მიღმა. როდესაც სამსახიობო საქმიანობა შენი მთავარი გატაცება ხდება, ის შეიძლება ერთგვარ აკვიატებადაც იქცეს და პირადი ცხოვრება უყურადღებოდ დაგრჩეს. მხოლოდ 20 წლის ბოლოსა და 30 წლის დასაწყისში მივხვდი, რომ წარმატებული კარიერა ბედნიერ პირად ცხოვრებას არ გამორიცხავს.“
კერი კუნი

სერიალ The Leftovers-ში შესრულებული როლითა და The White Lotus-ში დასამახსოვრებელი მონოლოგით კერიმ მაყურებლის ყურადღება არაერთხელ მიიპყრო. ახლა მსახიობი ახალ ფილმში, The Liberation-ში, მთავარ როლს ასრულებს და ELLE-სთან ინტერვიუში არა მხოლოდ ახალ ნამუშევარზე, არამედ ჰოლივუდში ქალების მდგომარეობასა და ასაკობრივ სტერეოტიპებზეც საუბრობს.

„ქალები კვლავ სათავეში უნდა დაბრუნდნენ. ეს პატრიარქალური სისტემა არ მუშაობს.
ქალებს არასდროს აძლევენ სრულ თავისუფლებას. თითოეული გადაწყვეტილების გამართლება გვიწევს, შემდეგ კი ყველა შეცდომის ახსნას გვთხოვენ. ეს ორმაგი სტანდარტი უსამართლოა“.
სამანტა მორტონი

სამანტა მორტონს კრისტოფერ ნოლანის The Odyssey-ში ეკრანზე დაახლოებით ათი წუთი ეთმობა, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი შეექმნა.
49 წლის ბრიტანელი მსახიობი კირკეს, ჯადოქარ ქალს განასახიერებს, რომელიც ოდისევსის თანამგზავრებს ღორებად აქცევს.
ნოლანის ფილმში მას მნიშვნელოვანი მონოლოგი აქვს, რომლის დროსაც ოდისევსს თავისი თანამგზავრების ნამდვილ სახეს აჩვენებს და მათ სისასტიკესა და ადამიანურობის დაკარგვაზე ესაუბრება. მორტონისთვის პერსონაჟთან კავშირი ჯერ კიდევ სცენარის წაკითხვისას გაჩნდა.
„სცენარი წავიკითხე და მაშინვე ვიგრძენი, რომ ამ ქალთან რაღაც მაკავშირებდა. მისი მესმოდა, მესმოდა მისი სიტყვები და ის, რისი თქმაც სურდა“, – იხსენებს მსახიობი ELLE-სთან ინტერვიუში.

თუმცა მსახიობი ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზეც საუბრობს: ასაკის მატებასთან ერთად ქალ მსახიობებს საინტერესო როლებს სულ უფრო იშვიათად სთავაზობენ.
„ასაკის მატებასთან ერთად, უფრო კარგი მსახიობი ვხდები, მაგრამ როლებს იშვიათად მთავაზობენ“ – ამბობს ის.
ინტერვიუში მორტონი ე.წ. მეთოდურ მსახიობობასაც აკრიტიკებს. მიუხედავად იმისა, რომ ეკრანზე ხშირად მძიმე და ემოციურად რთულ პერსონაჟებს განასახიერებს, სამსახურსა და პირად ცხოვრებას მკაფიოდ მიჯნავს.
„არა, არასოდეს გამომიყენებია და არც არასდროს გამოვიყენებ მეთოდურ მსახიობობას. სამი შვილი, შესანიშნავი მეუღლე და ბევრი ცხოველი მყავს. მსახიობობის გარდა ჩემს ცხოვრებაში უამრავი სხვა რამ არის. როდესაც სამუშაო დღის ბოლოს სახლში ვბრუნდები, სასიამოვნოა, რომ ისევ მე ვარ. მომწონს, ვიყო საკუთარი თავი“, – ამბობს ის.












