რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ Asia Pacific Screen Awards-ის (APSA) დაჯილდოების გამარჯვებულია. ნამუშევარს „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის“ კატეგორიაში მთავარი პრიზი გადაეცა.
ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი განცხადებით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კინოდაჯილდოებაზე მიღებული აღიარება ქართული კინემატოგრაფისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა. APSA-ს საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება ხშირად „აზიურ ოსკარად“ მოიხსენიებს.

ფილმი შვიდი ქვეყნის – საქართველოს, შვეიცარიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთის, ნორვეგიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის კოპროდუქციაა. მისი მსოფლიო პრემიერა 2026 წლის სექტემბერში, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის Venice Spotlight-ის სექციაში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ნამუშევარი 2027 წლის, ოსკარის რიგით 99-ე დაჯილდოებაზე საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში იქნება წარდგენილი.
ფილმში მოქმედება 1990-იანი წლების დასაწყისის გურიაში ვითარდება – ქვეყანაში, სადაც სიღარიბე, უშუქობა, კრიმინალი და რთული სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა ფილმი ამ პერიოდს მხოლოდ დრამატული კუთხით არ უყურებს. მძიმე რეალობას თან ახლავს იუმორი, სიმღერა, სიყვარული, ჩხუბი, ოცნებები და ადამიანური ურთიერთობები.





მთავარ როლებს კახაბერ ჭოლაძე და ვამეხ ჯანგიძე ასრულებენ.
„გურიას“ საფუძვლად გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები“ დაედო. თუმცა ფილმი წიგნის პირდაპირი ეკრანიზაცია არ არის. კოღუაშვილმა ნაწარმოებით შთაგონების შემდეგ თავად დაიწყო გურიაში მოგზაურობა, ადგილობრივებთან შეხვედრა და მათი ისტორიების გაცნობა. რეჟისორს განსაკუთრებით 1990-იანი წლების გურიის ყოფა და იქ მცხოვრები ადამიანების ისტორიები აინტერესებდა.
სწორედ ამ მოგონებებისა და რეალური ამბების საფუძველზე ჩამოყალიბდა ფილმის სიუჟეტი. საბოლოო სცენარზე ლევან კოღუაშვილთან ერთად გიორგი კეკელიძემ და ბორის ფრუმინმა იმუშავეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! საქართველოს სახელით „ოსკარზე“ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ წარდგება











