სარა ჯესიკა პარკერის სახელი მოდის სამყაროში, პირველ რიგში, საკულტო პერსონაჟთან, ქერი ბრედშოუსთან ასოცირდება. სერიალმა „სექსი დიდ ქალაქში“ კარიერასთან ერთად მისი სტილიც განსაზღვრა – ეკრანზე ნანახი მოდური არჩევანი საბოლოოდ რეალურ ბიზნესიდეად იქცა: 2014 წელს პარკერმა საკუთარი ფეხსაცმლის ბრენდი SJP by Sarah Jessica Parker დააარსა.

მიუხედავად იმისა, რომ SJP-ის შექმნის იდეა ქერი ბრედშოუს სახელს უკავშირდება, პარკერის სიყვარული ფეხსაცმლისადმი სერიალზე გაცილებით ადრე დაიწყო. მსახიობის თქმით, ჯერ კიდევ 1985 წელს, ლოს-ანჯელესში, ჯორჯ მალკემუსის მიერ ორგანიზებულ ფეხსაცმლის პრეზენტაციაზე ექვსი წყვილი ფეხსაცმელი შეიძინა. იმ პერიოდში დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ ჰქონდა და საფასურის გადახდა განვადებით მოუწია.

მალკემუსთან ეს ადრეული ნაცნობობა წლების შემდეგ ბიზნესპარტნიორობად იქცა. პარკერს საკუთარი ფეხსაცმლის ხაზის შექმნა დიდი ხნის განმავლობაში სურდა, თუმცა მნიშვნელოვანი იყო, პროექტისთვის სწორი პარტნიორი შეერჩია. საბოლოოდ, სწორედ მალკემუსს დაუკავშირდა და საკუთარი იდეა გაუზიარა – ასე დაიწყო SJP-ის ისტორია.
შთაგონება კი 1970-იანი წლების მიწურულისა და 1980-იანი წლების დასაწყისის მოდის ესთეტიკა გახდა. მსახიობს განსაკუთრებით მოსწონდა იმ პერიოდის დიზაინერების, მათ შორის Maud Frizon-ისა და Charles Jourdan-ის, ნამუშევრები -კლასიკური ფორმები, დახვეწილი სილუეტები და უჩვეულო ფერთა კომბინაციები.

თითოეული ფეხსაცმელი იტალიაში, ტრადიციული გამოცდილების მქონე ხელოსნების მიერ მზადდება.
ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი „Carrie“ გახდა. სახელწოდება, ბუნებრივია, პარკერის საკულტო პერსონაჟს უკავშირდება. ფეხსაცმლის დიზაინი T-strap სილუეტით გამოირჩეოდა და სხვადასხვა ფერში იყო წარმოდგენილი.

საინტერესოა, რომ კოლექციის სხვა მოდელებსაც კონკრეტული სახელები ჰქონდა. ზოგი მათგანი პარკერისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს ეძღვნებოდა, ზოგი კი ნიუ-იორკის საყვარელი ადგილების სახელს ატარებდა.

სამწუხაროდ, SJP by Sarah Jessica Parker-ის ისტორია ათ წელს გაგრძელდა. 2024 წლის აგვისტოში კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქმიანობას დაასრულებდა.

ნიუ-იორკში, ბლიკერის ქუჩაზე მდებარე ბრენდის ბოლო ამერიკული მაღაზია 2024 წლის 25 აგვისტოს დაიხურა. ეს ადგილი შემთხვევით არ იყო შერჩეული – მაღაზია ქერი ბრედშოუს გამოგონილ ბინასთან ახლოს მდებარეობდა და სერიალის გულშემატკივრებისთვის ერთგვარ ღირსშესანიშნაობადაც იქცა.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK!BusinessCelebrity გვინეტ პელტროუ – როგორ აქცია მსახიობმა პირადი ინტერესი მილიონიან ბიზნესად












