ბელა ჰადიდის კარიერა წლების განმავლობაში მოდის ინდუსტრიას უკავშირდებოდა, თუმცა 2024 წელს მოდელმა საკუთარი ბიზნესის შექმნაც გადაწყვიტა. ასე გაჩნდა Ôrəbella – მისი იდეა წლების განმავლობაში ბელას პირად ცხოვრებაში, ინტერესებსა და ყოველდღიურ რიტუალში ყალიბდებოდა და საბოლოოდ რეალურ ბიზნესად იქცა.

დღეს Ôrəbella უკვე აშშ-ის ფარგლებს გასცდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ბრენდის 2026 წლის შემოსავალი 20-30 მილიონ დოლარს აღწევს.
Ôrəbella-ს ისტორია 2024 წელს არ დაწყებულა. თავად ბელას თქმით, ბრენდის შექმნამდე დაახლოებით ხუთი წლით ადრე უკვე სხვადასხვა ეთერზეთს ერთმანეთში ურევდა და საკუთარ სურნელებს ქმნიდა.
სუნამოების მიმართ ინტერესი ნაწილობრივ ოჯახიდანაც მოდიოდა – Allure-სთან ინტერვიუში მოდელი იხსენებდა, რომ არაბულ ოჯახში სუნამო და სურნელი კულტურის განუყოფელი ნაწილია. მისი ბიძა მაჰმუდიც კი 1970-იან წლებში საკუთარ ეთერზეთებს ამზადებდა.

ამასთან, იდეას პრაქტიკული მიზეზიც ჰქონდა – ტრადიციული, ალკოჰოლზე დაფუძნებული სუნამოები მის კანზე კარგად არ მოქმედებდა. სწორედ ამიტომ მოინდომა ისეთი პროდუქტის შემქნა, რომელიც უფრო კომფორტული იქნებოდა.
„Ôrəbella პირადი საჭიროებიდან შევქმენი – ტრადიციული ალკოჰოლზე დაფუძნებული სუნამოების მიმართ მგრძნობელობა გამიჩნდა“, – ამბობდა ბელა Vogue Business-თან საუბრისას.

თავდაპირველად ეთერზეთებს გლიცერინთან ურევდა და სხვადასხვა კომბინაციას საკუთარ თავზე ცდიდა. თანდათან ეს ყოველდღიური ექსპერიმენტი უფრო სერიოზულ პროექტად იქცა და საბოლოოდ ბრენდის შექმნის იდეა პოტენციურ ინვესტორებს თავად წარუდგინა.
‘’ეს სურნელები ერწყმის ჩემს წარსულს, აწყმოსა და მომავალს – ეს არის სამყარო, რომელიც ამაღლებს განწყობას, ენერგიასა და აურას.’’
ბრენდის სახელიც ბელას პირად ისტორიას უკავშირდება.
Ôrəbella გამოითქმის როგორც „აურა-ბელა“ – „აურა“ ადამიანის გარშემო არსებულ განსაკუთრებულ ენერგიასა და შთაბეჭდილებას აღნიშნავს.

რით განსხვავდება Ôrəbella სხვა სუნამოებისგან?
ბელას მიზანი თავიდანვე ისეთი პროდუქტის შექმნა იყო, რომელიც მომხმარებელს მხოლოდ სასიამოვნო სურნელს არ შესთავაზებდა.
Ôrəbella-ს მთავარი მახასიათებელი მისი ორფაზიანი, ბიფაზური ფორმულაა. ბოთლში სითხის ორი ფენაა მოთავსებული და გამოყენებამდე მისი კარგად შენჯღრევაა საჭირო. ერთი ფენა კანის დამატენიანებელ ინგრედიენტებსა და ზეთებს შეიცავს, მეორე კი სურნელოვან კომპონენტებს.

Ôrəbella-ს ოფიციალური ინფორმაციით, მისი ფორმულების შექმნაზე ისეთ პარფიუმერულ სახლებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა Firmenich და Robertet.
ბრენდის პირველი სამი სურნელი – Window2Soul, Salted Muse და Blooming Fire – 2024 წლის მაისში გამოვიდა. მოგვიანებით კოლექციას სხვა სურნელებიც დაემატა, მათ შორის Nightcap, Eternal Roots და Jasmine Blues.
ბიზნესის დასაწყისი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა – რამდენიმე სურნელი გამოსვლიდან ორ დღეში გაიყიდა. 2025 წელს კი წლის საუკეთესო ახალი beauty-ბრენდის ჯილდო მოიპოვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად












