მედიცინა, მუდმივი განვითარება და პაციენტზე ზრუნვაა – ეს ის მთავარი პრინციპებია, რომლებსაც ყბა-სახის ქირურგი და იმპლანტოლოგი ოთარ წიქარიშვილი პროფესიულ საქმიანობაში იყენებს. საკუთარი კლინიკის, Medcorner-ის შექმნით, მან შეძლო, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და თანამედროვე სამედიცინო მეთოდები ერთ სივრცეში გაეერთიანებინა. OK!-სთან ინტერვიუში ოთარ წიქარიშვილი პროფესიულ გზაზე, კლინიკის შექმნის ისტორიაზე, ექიმსა და პაციენტს შორის ნდობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ბატონო ოთარ, მოგვიყევით, როდის და რატომ გადაწყვიტეთ, რომ მედიცინა, კონკრეტულად ყბა-სახის ქირურგია და ასევე იმპლანტოლოგია თქვენი პროფესია გამხდარიყო?
ყოველთვის მქონდა ინტერესი მეცნიერების მიმართ. განსაკუთრებით კი მიზიდავდა მედიცინა. რატომ ყბა-სახის ქირურგია? ყბა-სახის ქირურგიაში კომბინირებულია ორი მთავარი რამ: ღიმილი და სახე. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რათა თავისი უნიკალურობით ინტეგრირდეს საზოგადოებასთან. ყბა-სახის ქირურგიის სფერო მოიცავს სახის, პირის ღრუს, ყბისა და კისრის მაგარი და რბილი ქსოვილების დაავადებების მკურნალობას თანამედროვე ტექნოლოგიებით და პროტოკოლებით. კომპლექსური და მუდმივად განვითარებადია, აერთიანებს სტომატოლოგიასა და ზოგად მედიცინას. რაც შეეხება იმპლანტოლოგიას, მას მთელ მსოფლიოში განიხილავენ ცალკე დარგად, მაგრამ ვთვლი, რომ არის მედიცინის ორი დარგის შერწყმა, ერთ წერტილში გადაკვეთა: ყბა-სახის ქირურგიისა და ორთოპედიული სტომატოლოგიის ერთობლიობა. სტომატოლოგიის, ყბა-სახის ქირურგიისა და ბოლო დროს კოსმეტოლოგიის ჩართულობით მივიღებთ მაქსიმალურად მორგებულ შედეგს, რომ მომხმარებელი იყოს ბედნიერი თავისი ვიზუალით, რადგან საზოგადოებისთვის სახის ვიზუალი და ღიმილია სწორედ სავიზიტო ბარათი. მედიცინის ამ დარგების ერთობლიობით მართლაც უმნიშვნელოვანესი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი.
როგორი იყო თქვენი პროფესიული გზის დასაწყისი და რა გამოწვევებთან მოგიწიათ გამკლავება?
ჩემი პროფესიული გზის საწყის ეტაპზე გამოვყოფდი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს: მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და რისკი. ვთვლი, რომ ამ სამიდან ყველა საჭიროა წარმატების მისაღწევად. ვაღიარებ, იყო ბევრი იმედგაცრუებაც, თუმცა, როცა გაქვს მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გიყვარს საკუთარი საქმე, ყველა დაბრკოლებას გადალახავ. დავამატებდი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, მნიშვნელოვანია ვინ გყავს გვერდით, ვინ გიმაგრებს ზურგს. მე ვთვლი, რომ ამაში ძალიან გამიმართლა.

თქვენი კარიერის განმავლობაში რომელი ეტაპი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული განვითარებისთვის?
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო პროფესიული კარიერის დასაწყისი, როდესაც ხდება აკადემიური ცოდნის პრაქტიკულ, რეალურ კლინიკურ ქმედითობაში გარდაქმნა. ჩემთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყბა-სახის ქირურგად დამოუკიდებლად მუშაობა და პაციენტების ნდობის მოპოვება ძალიან დიდი პრაქტიკა იყო. დროთა განმავლობაში, პროფესიულ ზრდასთან ერთად, გავიცანი და შევიძინე ისეთი მეგობრები, კოლეგები, რომელთა დახმარებით, გვერდში დგომით გავხსენი საკუთარი კლინიკა, რომელიც წარმატებით ასპარეზობს საქართველოს სტომატოლოგიურ ბაზარზე.

რომ შევეხოთ პაციენტთან ნდობის მნიშვნელობას, როგორ ახერხებთ მათი ნდობის მოპოვებას?
ექიმსა და პაციენტს შორის მყარ ურთიერთობას განაპირობებს ნდობა, კომუნიკაცია და ურთიერთპატივისცემა. თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად ვუდგები, ვითვალისწინებ გარემოს, კულტურულ, პერსონალურ, ემოციურ და სხვა ფაქტორებს. ნდობის ფაქტორი გავლენას ახდენს თანამშრომლობაზე. მედიცინაში კი პაციენტის და ექიმის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. თანამშრომლობაში იგულისხმება ექიმის მიერ მოცემული რჩევა-დარიგებებისა და დანიშნულების შესრულება, რაც, საბოლოო ჯამში, გართულებების საერთო ძალებით პრევენციის შესაძლებლობას იძლევა. ნდობის ჩამოყალიბება ბუნებრივი პროცესია, მას არ სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა – ეს ხდება მკაფიო კომუნიკაციის პროცესში, როდესაც ექიმი აქტიურად უსმენს პაციენტს, გამოხატავს ემპათიას და თავისი კომპეტენტურობით მის ნდობას მოიპოვებს.
როგორ გაჩნდა Medcorner-ის შექმნის იდეა და რა მიზანი გქონდათ მისი დაფუძნებისას?
გქონდეს საკუთარი კლინიკა ნიშნავს, გქონდეს შესაძლებლობა საკუთარი ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად ჩამოაყალიბო და შექმნა საზოგადოებასა და პაციენტებზე ორიენტირებული გარემო. საკუთარი სამედიცინო დაწესებულების ფლობა საშუალებას გაძლევს, დანერგო ინოვაციური სამედიცინო მეთოდები და მკურნალობის გზები, რაც ზრდის პროფესიულ კმაყოფილებას. შეგიძლია პაციენტებთან უფრო მჭიდრო კომუნიკაცია დაამყარო იმის გაცნობიერებით, რომ მათ საუკეთესო მომსახურებას სთავაზობ.
თქვენ, როგორც ექიმი, რას განიხილავთ კლინიკის ფუნქციონირებისთვის მთავარ პრინციპად?
იმისათვის, რომ შექმნა წარმატებული კლინიკა საკმარისი არ არის იყო მხოლოდ წარმატებული ექიმი. აუცილებელია მოიპოვო ნდობა როგორც პაციენტების, ასევე გუნდის წევრების. ეს არ არის ერთი ადამიანის წარმატება ან წარუმატებლობა. ეს არის მიზანი და შედეგი, რაც იქმნება და მიიღწევა ერთობლივი მუშაობით. ჩემი, როგორც ქირურგის მთავარი მიზანია შევქმნა პაციენტზე ორიენტირებული გარემო, რომელიც ეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიური თუ სამეცნიერო მიღწევების პრაქტიკაში დანერგვას, რათა პაციენტისთვის შეიქმნას უსაფრთხო გარემო, სადაც მინიმალური ემოციური რესურსით შესაძლებელია მაქსიმალური შედეგის მიღება.
ტექსტი: მარიამ შულაია
ფოტო: ალექსეი სეროვი












