Netflix-მა მსახიობ მეთიუ პერის შესახებ სამნაწილიანი დოკუმენტური ფილმი The One About Matthew Perry გამოუშვა, რომელშიც მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები მსახიობის ცხოვრებაზე, დამოკიდებულებასთან ხანგრძლივ ბრძოლასა და გარდაცვალებამდე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობენ.

ფილმში განსაკუთრებით გულწრფელია მისი და, მია პერი ბოუვიკი, რომელიც მაყურებელს იმ მეთიუ პერის აცნობს, რომლის ცხოვრებაც ეკრანზე ნაჩვენებ წარმატებასა და იუმორს მიღმა იმალებოდა.
„ჩემი ძმა ხშირად საუბრობდა სიცარიელისა და მარტოობის განცდაზე, რომლის შევსებასაც ვერ ახერხებდა“, – ამბობს მია და ამ სიტყვებით ხსნის იმ შინაგან ბრძოლას, რომელიც მსახიობს წარმატების მიუხედავად არ ტოვებდა. მისი თქმით, პერიმ დამოკიდებულების დასაძლევად დაახლოებით 7 მილიონი დოლარი დახარჯა.

„7 მილიონი დოლარი დახარჯა, რათა ფხიზელი ცხოვრება შეძლებოდა. ეს აჩვენებს, რამდენად სერიოზულად აღიქვამდა საკუთარ დაავადებას“.
დამოკიდებულებასთან ბრძოლა 1997 წელს დაიწყო – ფილმის, Fools Rush In-ის გადაღებებისას მსახიობმა ტრავმა მიიღო და ტკივილგამაყუჩებლების მიღება მოუწია. მოგვიანებით პერი თავადაც ღიად საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად რთული იყო მისთვის გამოჯანმრთელების გზა. დოკუმენტურ ფილმში მისი ახლობლები იხსენებენ, რომ დამოკიდებულება მხოლოდ მის პირად ცხოვრებას არ აზიანებდა – ის კარიერაზეც ახდენდა გავლენას.

„გარკვეული დროით გადაღებების შეჩერებაც კი მოუწიათ – სანამ მეთიუ საკუთარ პრობლემას მოაგვარებდა“, – იხსენებს მისი მეგობარი როჯერ კასტილიო სერიალ Friends-ის გადაღებების შეჩერებაზე.
„ამას წარმოუდგენელი სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა ახლდა – მეთიუმ კარგად იცოდა, რამდენი ადამიანი მუშაობდა ამ შოუზე და რომ მათი საარსებო წყარო ამაზე იყო დამოკიდებული. სძულდა, რომ ამის გაკეთება უწევდა, მაგრამ იცოდა, რომ უნდა გამოჯანმრთელებულიყო“.

ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი პერის დაკრძალვას ეხება, რომელიც 2023 წლის 3 ნოემბერს, მსახიობის გარდაცვალებიდან ექვსი დღის შემდეგ, ლოს-ანჯელესში, Forest Lawn Memorial Park-ში გაიმართა.
ცერემონია მცირე მასშტაბის იყო – ოჯახმა გადაწყვიტა, რომ დაკრძალვისას კუბო გარკვეული დროით ღია ყოფილიყო.
„დაკრძალვაზე კუბო გარკვეული დროით ღია იყო, რათა ოჯახის ყველა წევრს მასთან დამშვიდობება შეძლებოდა“, – იხსენებს მია.

მისი თქმით, „Friends“-ის ხუთივე მსახიობი – ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, ლიზა კუდროუ, მეტ ლებლანი და დევიდ შვიმერი – დაკრძალვაზე ერთად მივიდა. მიას ისინი თითქმის 20 წლის განმავლობაში არ ენახა.
„ჯენ ენისტონი პირველი მოვიდა ჩემთან და ძლიერად ჩამეხუტა. შემდეგ ხუთივე ხელჩაკიდებული მივიდა კუბოსთან და მის გარშემო იდგა, ტიროდნენ“, – იხსენებს ის.
მეთიუ პერი 2023 წლის 28 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად კეტამინის მწვავე ზემოქმედება დასახელდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! მეთიუ პერის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმს პატიმრობა მიუსაჯეს
#OK! „არავინ იცის ჩემი ნამდვილი ისტორია“ – ჯენიფერ ენისტონის გულახდილი ინტერვიუ











