ქართველი მსახიობი ბონდო მღებრიშვილი ახალ ამერიკულ კრიმინალურ თრილერში, „Tommy Karate“, ჰოლივუდის ცნობილ მსახიობებთან ერთად ითამაშებს.

„Tommy Karate“ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული კრიმინალური თრილერია და ამერიკული მაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალის, ტომი პიტერას, ისტორიას გვიყვება. პიტერა ბონანოს კრიმინალური ოჯახის წევრი და მკვლელობებში ეჭვმიტანილი მაფიოზი იყო, რომელსაც საბრძოლო ხელოვნების ცოდნის გამო „Tommy Karate“ შეარქვეს. ფილმის სიუჟეტი ძირითადად DEA-ს აგენტის, ჯიმ ჰანტის, მიერ პიტერას ძებნასა და მის დაკავებას მიჰყვება.
ფილმის რეჟისორი ჯასტინ ჩონია. პროექტი ფილიპ კარლოს 2009 წელს გამოცემულ წიგნს – „The Butcher: Anatomy of a Mafia Psychopath“ – ეფუძნება.

მღებრიშვილი ფილმში ტალიბის როლს შეასრულებს, თუმცა მისი პერსონაჟის შესახებ სიუჟეტური დეტალები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მსახიობთა სიაში ასევე არიან ჯინა გერშონი, ლუის კანსელმი, კამილა მენდესი და საიმონ რექსი.

მთავარ პერსონაჟს, ტომი პიტერას, პიტ დევიდსონი განასახიერებს, ხოლო DEA-ს აგენტ ჯიმ ჰანტის როლში „ოქროს გლობუსის“ ლაურეატი პოლ უოლტერ ჰაუზერი გვევლინება.
პროექტის გადაღებები 2026 წელს ატლანტაში დაიწყო, მოგვიანებით კი ნიუ-იორკშიც გაგრძელდა. ფილმის ოფიციალური პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი












