ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა -1 ნოემბერს ის ჩინეთში გამართული საერთაშორისო ფარიკაობის მასტერსის ჩემპიონი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი შიაო ლინი ანგარიშით 15:3 დაამარცხა და სეზონში ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიპოვა. მანამდე ბაზაძემ ალჟირში გამართული მსოფლიო თასიც მოიგო, ხოლო სექტემბერში ბულგარეთში ჩატარებული ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

სანდრო ბაზაძე 1993 წლის 29 ივლისს დაიბადა. ფარიკაობა მისთვის ოჯახური ტრადიციაა – სპორტის ამ სახეობით მამა, მერაბ ბაზაძე და უფროსი ძმა, ბექა ბაზაძეც იყვნენ დაკავებული.
„წარმოიდგინეთ, რამდენი წელი უნდა იშრომო, რამდენ იმედგაცრუებას წააწყდე და ბოლოს, წლების მერე მიიღო ის ერთი დიდი წარმატება, რაც მერე უდიდეს ბედნიერებას მოგიტანს. სპორტსმენი სულ მზად უნდა იყოს ამისთვის. სპორტს როცა იწყებს ბავშვი, აუცილებლად უნდა ასწავლონ, რომ ამ საქმეს სჭირდება ბევრი შრომა, თავდადება, გამოწვევებისთვის მზადყოფნა. შრომის გარეშე არაფერი გამოვა. შრომისმოყვარეობა ყველაზე დიდი ნიჭია. ნიჭი ის კი არაა, როცა რაღაც კარგად გამოგდის, შრომისმოყვარეობაა ნიჭი“ – ამბობდა ჩემპიონი OK! MAGAZINE-სთან ინტერვიუში.

სანდროს პირველი მწვრთნელი მამა გახდა. სპორტსმენი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მის პროფესიულ ჩამოყალიბებაში მერაბ ბაზაძის წვლილი განსაკუთრებულია. როგორც თავად იხსენებდა, ოჯახს ვარჯიშისთვის სათანადო პირობები ყოველთვის არ ჰქონდა, თუმცა მამა ყველაფერს აკეთებდა, რათა შვილს მიზნისთვის მიეღწია.
ბაზაძის პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატება 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონობას უკავშირდება. მოგვიანებით კი მსოფლიო ფარიკაობის ერთ-ერთ გამორჩეულ სპორტსმენად ჩამოყალიბდა.

მისი პროფესიული კარიერა არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებასა და ტიტულს აერთიანებს. 2022 წელს მან ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი ტიტული წარმატებით დაიცვა და ევროპის ორგზის ჩემპიონი გახდა. 2023 წელს ბაზაძემ ევროპული თამაშებიც მოიგო, იმავე სეზონში კი ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. ეს აღიარება მანამდე არცერთ ქართველ მოფარიკავეს არ მიუღია.
ოჯახი

მიუხედავად დატვირთული სპორტული კარიერისა და საერთაშორისო შეჯიბრებებისა, სანდრო ბაზაძის ცხოვრებაში ოჯახს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისი მეუღლე სალომე გლოველია, რომელსაც სპორტსმენი საკუთარ ემთავარ მხარდამჭერად მიიჩნევს.

წყვილს ორი ვაჟი – დაჩი და დათი ჰყავს. სანდრო და სალომე ერთმანეთს წლების წინ, ზაფხულში, ქობულეთში შეხვდნენ. როგორც სპორტსმენი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, სალომე მანამდეც მოსწონდა, რადგან მისი მეგობრის კლასელი იყო, თუმცა გაცნობა სწორედ ზღვისპირა ქალაქში შედგა.

„იმ წელს ქობულეთში ვისვენებდით, იქ ვნახე და პირველივე დღიდან სიმპათია გამიჩნდა მის მიმართ, სალომე ჩემთვის პირველი სიყვარულია და მთელი ცხოვრება ასეც იქნება.“

სალომე ბიზნესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მიღებული განათლების გარდა, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საქმიანობაშიც არის ჩართული და პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს.
“ორი შვილი გვყავს: 6 წლის დაჩი და 1 წლის დათი. გარკვეული პერიოდი სანდრო საქართველოში არ ცხოვრობდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, თავადაც არ ვიცი როგორ ახერხებს, რომ არის იდეალური მამა. ისე გავიდა ეს წლები, რომ დაჩის არც უგრძნია მამის არყოფნა. ძალიან ყურადღებიანი მამაა. განებივრებული ჰყავს ბავშვები, დაჩის განსაკუთრებულად უყვარს მამა. დიდი სიახლოვე აქვს მამა-შვილს, თავიანთი საიდულოებები აქვთ. მეგობრული, ყურადღებიანი და მზრუნველი მამაა სანდრო” – ამბობდა სალომე.
ასევე დაგაინტერესებთ:











