ბრიტანელი მსახიობი პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მის ოფიციალურ X-ანგარიშზე გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ალცჰაიმერის დაავადება და ლევის სხეულაკების დემენცია გახდა.
„დიდი მწუხარებით ვაცხადებთ სერ პატრიკ სტიუარტის გარდაცვალების შესახებ. ის გუშინ, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, ალცჰაიმერის დაავადებასთან ხანმოკლე და მძიმე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პატრიკ სტიუარტი ბრიტანული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო. მისი კარიერა ექვს ათწლეულზე მეტს ითვლის. მსახიობმა საერთაშორისო აღიარება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში შესრულებული როლებით მოიპოვა, თუმცა მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი შექსპირის პიესებსა და კლასიკურ თეატრსაც ეკავა.


მაყურებლისთვის სტიუარტი ცნობილია კაპიტან ჟან-ლუკ პიკარის როლით სერიალში Star Trek: The Next Generation. პროექტი 1987 წელს დაიწყო და შვიდი სეზონის განმავლობაში გაგრძელდა. განსაკუთრებული პოპულარობა კი მსახიობს პროფესორ ჩარლზ ქსავიეს როლმა მოუტანა X-Men-ის კინოფრენჩაიზში.

კინოსა და ტელევიზიის მიღმა სტიუარტს მნიშვნელოვანი თეატრალური კარიერაც ჰქონდა. 1960-იანი წლებიდან ის სამეფო შექსპირის დასის წევრი იყო და სცენაზე არაერთი ცნობილი პერსონაჟი განუსახიერებია- მათ შორის მაკბეტი, ოტელო და მარკუს ანტონიუსი. მიღებული აქვს ორი ლოურენს ოლივიეს ჯილდო, ხოლო 2010 წელს დრამატულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის რაინდის წოდებაც მიენიჭა.











