8 წლის წინ ბედი სამეფო ოჯახის წევრს დაუკავშირა, მიაჩნია, რომ ეს, პასუხისმგებლობასთან ერთად, ნიშნავს შესაძლებლობას აკეთოს ის საქმე, რომელიც ადამიანებს კეთილდღეობას მოუტანს. განსაკუთრებით უყვარს ბათუმი, თვლის, რომ მაღალმთიანი აჭარა თავისი ბუნებით, ტბებით, მდინარეებით, ადათ-წესებით, ავთენტური გარემოთი აღფრთოვანებას იწვევს არა მარტო მასში, არამედ ყველა იმ უცხოელ ტურისტში, ვინც აჭარას სტუმრობს. OK! ბათუმის სტუმარი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ქრისტინე დე ბაგრატიონ-მუხრანელია. როგორ გაიცნო და დაუკავშირა ცხოვრება იოანე ბაგრატიონ-მუხრანელს, რას ნიშნავს მათთვის ბათუმი და რა დროს ატარებენ ამ ქალაქში, რა მიაჩნია ტურიზმის სფეროს მთავარ გამოწვევად უცხოეთში ყოფნისას, რომელ ამბავს ყვება საქართველოზე ყველაზე ხშირად, რაში მდგომარეობს მისი სილამაზის საიდუმლო, რამდენად ხშირად მოგზაურობს და რა ტიპის დასვენებას ანიჭებს უპირატესობას – აღნიშნულ კითხვებზე პასუხებს გაეცანით ჩვენს ინტერვიუში.
გაეცანით ჩვენს მკითხველს…
ძალიან თბილ ოჯახურ გარემოში ვიზრდებოდი, ბავშვობის ადრეული ასაკი ბებია-ბაბუასთან გავატარე, ქუთაისში… შემდეგ, სკოლაში თბილისში, დედასთან და ჩემს და-ძმასთან ერთად. ვსწავლობდი თბილისის N1 კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციოლოგიის ფაკულტეტზე. ვცეკვავდი სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონში“, ვსწავლობდი თბილისის კონსერვატორიის ნიჭიერთა ათწლედში, გავლილი მაქვს დიდი მაესტროს ნოდარ ანდღულაძის ვოკალური კლასი. პარიზში ცხოვრების პერიოდში ვსწავლობდი პარიზის რობერტ სორბონის სახელობის სასწავლებელში, სადაც შევისწავლე ფრანგული ენა, ცივილიზაცია და კულტურის მენეჯმენტი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მივიღე მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ინგლისურენოვან ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იოანეს უდიდესი სურვილი იყო საქართველოში დაბრუნება და აქ ცხოვრება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ დავიწყე მუშაობა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში, თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, მუშაობისას ძალიან მეხმარება სამოგზაურო გამოცდილება და საერთაშორისო კონტაქტები.
მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ისტორია…
მე და ჩემი მეუღე ერთმანეთს ჩვენთვის ძალიან ახლო და ძვირფასმა ადამიანმა გაგვაცნო. ეს იყო 2014 წელს, როცა პარიზში მაღალი მოდის ინდუსტრიაში, ფრანგული სააგენტოს მოწვევით ვმუშაობდი. ახლობელმა მოუყვა ჩემ შესახებ იოანეს, მაშინვე უთქვამს დავურეკოთ და გამასაუბრეო. როცა დამირეკეს მე პარიზში ვიყავი და ასე გავიცანი იოანე. გავიდა გარკვეული პერიოდი, როგორც იოანემ მომიყვა, ჩემ შესახებ ინფორმაცია მოიძია და ერთ დღეს, როცა საქართველოში იყო, რამდენიმე დღით ზარზმის მონასტერში, მომწერა, რომ საქართველოში ყოფნა ძალიან მოსწონდა. საუბრისას მკითხა როდის ვაპირებდი საქართველოში ჩასვლას, სწორედ ამ პერიოდში ერთკვირიანი დასვენება და შვებულება მქონდა, შესაბამისად, მეორე დღეს საქართველოში მოვფრინავდი. ეს რომ ვუთხარი, მთხოვა, ჩამოსვლის შემდეგ ერთად ვივახშმოთო და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთიო. საქართველოში რომ ჩამოვედი, დამირეკა, მითხრა, გამოგივლი და ერთად წავიდეთო, მე თვითონ მოვალ-მეთქი. ჩემი სახლი, სადაც გავიზარდე, ძველ თბილისშია, შესაბამისად, ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ პატარა ქუჩებში მისამართის პოვნა რთულია. მითხრა, მე ჯენტლმენი ვარ და აუცილებლად უნდა გამოგიაროო. მისამართი რომ ვუთხარი, აღმოჩნდა, რომ ჩემი სახლის გვერდით სახლში, პატარა სასტუმრო გაუკეთებიათ, იქ ცხოვრობდა, იმავე ქუჩაზე, ერთი ნომრის სხვაობით. როცა ერთმანეთს შევხვდით, მაშინვე მითხრა – „ეს ღვთის ნიშანია, რომ გვერდიგვერდ ვცხოვრობთ და უნდა დავქორწინდეთო“. ბუნებრივია, ხუმრობად ჩავთვალე, თუმცა იმ ვახშმის შემდეგ, უკვე 8 წელია, ერთმანეთის გარეშე არ ვყოფილვართ. შეხვედრის დღიდან, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობდით, ძალიან ბევრი საერთო ინტერესები აღმოგვაჩნდა…
იოანეს რომელმა თვისებამ მოგხიბლათ განსაკუთრებით?
შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ იოანე ელეგანტური, ერთგული და ღირსეული ადამიანია. მასში ერთიანად არის ნამდვილი ქართული სული, მიუხედავად იმისა, რომ იგი ასევე რამდენიმე ევროპული დიდი დინასტიის შთამომავალია, იოანე ქართველია და ქართველად აღზრდილი. როცა მისი ბიოგრაფიის ჩანაწერებს ვნახულობ, მაგალითად, შვეიცარიის სკოლა „ბო სოლეი“-დან, მის შესახებ ყველგან წერია, რომ ქართველია. მაშინაც კი, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყანა იყო და იოანემ მოქალაქეობა საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ მიიღო, იგი ბავშვობიდანვე ყველგან ამბობდა, რომ საქართველოდან იყო.
რას ნიშნავს თქვენთვის ის, რომ სამეფო ოჯახს წარმოადგენთ?
სამეფო ოჯახის წევრზე დაქორწინება იმ პასუხისმგებლობის გაზიარებას ნიშნავს, რომელიც მას დაბადებიდან მოჰყვება. ასევე, გარკვეულწილად, გაძლევს „ხმას“, რომელიც შეგიძლია მიაწვდინო ადამიანებს და განახორციელო საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე.
მოგვიყევით თქვენს შვილზე და ერთად გატარებულ ერთ ჩვეულებრივ დღეზე…
ჩვენი ბაგრატი ახლა წლისა და 8 თვისაა. იოანემ მას სახელი მამის ბაგრატ ბაგრატიონ დე ბავარიას პატივსაცემად დაარქვა. იოანე შესანიშნავი მამაა, სრულად ჩართულია მის აღზრდაში და პატარა ბაგრატი ოჯახური სიყვარულის, სითბოს და მზრუნველობის ქვეშ იზრდება. უმეტეს დროს ბაგრატთან ერთად ვატარებთ, მას აქვს განსაზღვრული დღის რეჟიმი, რომელიც ასევე სრულფასოვან აქტივობებს და გასეირნებას მოიცავს, რათა ადამიანებთან კომუნიკაცია ჰქონდეს.
თქვენი ოჯახი ბათუმში დიდ დროს ატარებს, რას ნიშნავს ეს ქალაქი თქვენთვის?
უკვე მეოთხე წელია ვმუშაობ აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტში, თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. შესაბამისად, ბათუმში ვცხოვრობთ. მე და იოანე ერთმანეთს ყოველთვის მხარს ვუჭერთ, მით უფრო მაშინ, როცა ეს საქმეს ეხება. იოანე ძალიან ბედნიერია იმით, რომ ბათუმში ცხოვრობს. ასევე, ვცხოვრობთ ესპანეთშიც. ხშირად ჩავდივართ იოანეს დედის და ნათესავების მოსანახულებად, თუმცა ბათუმში ცხოვრება ძალიან მოგვწონს. ბათუმი ის ქალაქია სადაც შეგიძლია ჯანსაღ გარემოში იცხოვრო, სუფთა ჰაერი, ზღვა, ულამაზესი ბულვარი, ოთხივე სეზონზე შეგიძლია სპორტულად აქტიური იყო. აჭარის მაღალმთიანეთიდან ჩამოსულ საკვებ-პროდუქტებს ვიძენთ, რაც ბუნებრივი საკვებია. ამავდროულად ბათუმში საინტერესო კულტურული ცხოვრებაა. ბათუმი ძალიან განვითარებული და თანამედროვე ქალაქია.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირებისა და სერვისების განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობთ. პანდემიის შემდეგ, როგორ შეაფასებთ მიმდინარე სეზონს ბათუმში.
ბუნებრივია, პანდემიამ, მთელს მსოფლიოში, ძალიან დააზარალა ტურიზმის ინდუსტრია. ყველამ ერთად მძიმე და კრიზისული პერიოდი გავიარეთ. მიუხედავად ამისა, 2022 წელს, უკვე გაზაფხულის სეზონიდან, ბათუმმა მაინც შეძლო საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკის, არა მხოლოდ 2019 წლის ნიშნულებთან დაახლოება, არამედ გარკვეულ თვეებში რეკორდული ციფრებიც დაფიქსირდა. ბათუმი გახდა სწრაფად მზარდი ტურისტული და ბიზნეს ქალაქი. სახელმწიფო უწყებების და კერძო სექტორის აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, ყველას ერთობლივი ძალებით ბათუმი ხდება უფრო და უფრო კოსმოპოლიტური, თანამედროვე და ენერგიით სავსე ქალაქი. ეს დინამიკა შეუმჩნეველი არც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ რჩება… „ტურიზმის ოსკაროსანმა“ ქალაქმა ბათუმმა ახლახან კიდევ ერთი ჯილდო მიიღი და „ევროპის საუკეთესო მიმართულებები“-ს მიერ დასახელდა, როგორც „European Best Hidden Gem 2022“ („ევროპის საუკეთესო ჩამალული მარგალიტი 2022“). (წყარო:https://www.europeanbestdestinations.com/destinations/batumi/).
როგორ ფიქრობთ, რა რჩება ტურიზმის სფეროს მთავარ გამოწვევად?
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საერთაშორისო ვიზიტორების დიდი დაინტერესება აჭარის რეგიონის და „Visit Batumi“-ს მიმართ, ზრდის მოთხოვნას და კიდევ უფრო აჩქარებს მაღალი სტანდარტების დანერგვას ჩვენს რეგიონში. სერვისის დონის ამაღლება ყოველთვის დიდ გამოწვევად რჩება. თუმცა ტურიზმის დეპარტამენტის აქტიური მუშაობის, სერვისების ამაღლებისთვის დაგეგმილი ტრენინგების და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ადამიანების მხრიდან განვითარების სურვილისა და დიდი მოტივაციის შესაბამისად, ბევრი პროექტი და საქმიანობა ხორციელდება იმისთვის, რომ დროულად და თანმიმდევრულად დაინერგოს ევროპული სტანდარტები. უსაფრთხოება ყოველთვის რჩება უპირველეს პრიორიტეტად და ასევე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც აძლიერებენ ტურიზმის ინდუსტრიას.
არაჩვეულებრივად გამოიყურებით, როგორ ახერხებთ მუდმივად იყოთ ფორმაში, გაგვიმხილეთ თქვენი სილამაზის საიდუმლო…
მადლობას გიხდით კომპლიმენტისთვის. უმნიშვნელოვანესია სრულფასოვანი კვება, ბუნებრივი პროდუქტები, ძილი და განსაზღვრული რეჟიმი. ბუნებრივია, ძალიან რთულია ამ ყველაფრის დაცვა, დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ამაშიც ბათუმი მეხმარება, ქალაქი, სადაც დღეს ჩვენს ქვეყანაში შეგიძლია გქონდეს „ხარისხიანი ცხოვრების“ შესაძლებლობა. ვცხოვრობდი რამდენიმე ევროპულ ქალაქში, მე და იოანე ბევრს ვმოგზაურობთ და შემიძლია ვთქვა, ჩვენი ქვეყანა მდიდარია: ულამაზესი ბუნება, სუფთა წყალი და ჰაერი ოთხი სეზონი, სხვადასხვა სახის დასასვენებლი კურორტები მოკლე დისტანციაზე, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას უნიკალურს და მოთხოვნადს ხდის, რაც, ბუნებრივია, დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე.
ერთი დღით გიდი რომ იყოთ, აჭარის რომელ კუთხეში წაიყვანდით უცხოელ სტუმრებს, რას დაათვალიერებინებდით და რომელ კერძს დააგემოვნებინებდით…
სტუმრების მოწვევა, მასპინძლობა და ჩვენი რეგიონის გაცნობა ჩემი საქმიანობის ნაწილია. აჭარაში განსაკუთრებით მიყვარს მაღალმთიანეთი, ულამაზესი ბუნება, ტბები, ჩანჩქერები და უძველესი არქიტექტურული ძეგლები. ამ შემთხვევაში, ალბათ, დიდი მერისის ხეობას გამოვარჩევდი, რომელიც ჩემთვის თითქოს ბუნებრივი მუზეუმია, სადაც ულამაზესი ხეები, ჩანჩქერი, მაღალი მთები, კლდეები, მდინარე და ულამაზესი ფერებია.
ამბავი, რომელსაც საქართველოს შესახებ ყველაზე ხშირად ყვებით…
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა და ქართველი ხალხი ერთ-ერთი უძველესი ერი მსოფლიოში, მოსაყოლიც ძალიან ბევრი გვაქვს. გარდა ჩვენი ერის ერთიანობისა და სულიერი სიძლიერისა, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა, ქართველი ხალხი გამორჩეულია საუკუნეების მანძილზე ახლის შექმნით, რასაც მოწმობს ჩვენი კულტურა, პოლიფონია, ღვინის დაყენების ტრადიცია თუ სხვადასხვა სახის მემკვიდრეობა. როცა საქართველოზე ვსაუბრობ, განსაკუთრებით მიყვარს თამარ მეფის ეპოქის გახსენება და იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მეთორმეტე, მეცამეტე საუკუნეებში გვყავდა ქალი ლიდერი, სწორედ მაშინ საქართველო იყო ყველაზე წარმატებული და ძლიერი სახელმწიფო.
ჰობი, ინტერესი, რომელსაც სიამოვნებით უთმობთ დროს…
ბევრი ჰობი მაქვს, ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებს მოდის სიახლეების გაცნობა, მაღალი მოდის ახალი ქმნილებების დათვალიერება. მოგზაურობისას ყოველთვის მაინტერესებს ქვეყნების და ხალხის, უცხო და განსხვავებული კულტურების გაცნობა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციის მიღება. ასევე, ძალიან მიყვარს ხელოვნება და როცა ამის შესაძლებლობა მეძლევა, ყოველთვის ვცდილობ მოგზაურობისას ვეწვიო მუზეუმებს ან დავათვალიერო ახალი გამოფენები. ბოლო რამდენიმე წელია ძალიან დაინტერესებული ვარ ინტერიერის დიზაინით, ყოველთვის ვკითხულობ ახალ ტენდენციებს. ასევე, ძალიან მიყვარს სპორტის ახალი სახეობის შესწავლა და ვარჯიში.
რამდენად ხშირად მოგზაურობთ და რა ტიპის დასვენებას ანიჭებთ უპირატესობას?
მე და იოანეს თანაბრად გვიყვარს ზღვა, ტროპიკული გარემო და ასევე მთაში დასვენება, როგორც ზაფხულის პერიოდში, ასევე ზამთრის კურორტებზე, რამდენადაც ჩემი შვებულება იძლევა საშუალებას. ჩვენ ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც ხშირად ვმოგზაურობთ. ვეცნობით სიღრმისეულად ჩვენი კუთხეების უნიკალურ კულტურას და ადათ-წესებს.
რა არის სიყვარული, რა ფერი და სურნელი აქვს მას…
ვფიქრობ, სიყვარული ძვირფასი გრძნობაა, გვაერთიანებს და სიცოცხლეს ყველაზე ღირებულს ხდის. ალბათ, არაფერია იმაზე მრავალფეროვანი და საინტერესო ვიდრე სიყვარული, სიყვარულით ან სიყვარულისთვის გაკეთებული საქმე.
ვისურვებდი ადამიანებს შორის მეტ სიყვარულს, მიმღებლობას და სხვადასხვა ერებს შორის ურთიერთპატივისცემას.
თქვენ და თქვენს მკითხველს ყველაზე ჰუმანური გრძნობით, სიყვარულით ცხოვრებას გისურვებთ.
ტექსტი: ნანა აბულაძე