ქართული OK! გიამბობთ ინოვაციური და უნიკალური პროექტის შესახებ. Solar Energy Apartments SEA თბილისის ძველ უბანში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, რომელსაც კავკასიაში ანალოგი არ ექნება, რადგან ეს იქნება ავტონომიური, მზის ენერგიის მოხმარებაზე გათვლილი შენობა. აღნიშნული პროექტის შესახებ უფრო ვრცლად Solar Energy Apartments-ის პროექტის მენეჯერი, ლევან ოქროპირიძე გვესაუბრა.
Solar Energy Apartments SEA-ს უპირატესობები…
(ლევანი): ეს არის ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მწვანე ეკონომიკის პროექტი. მისი მთავარი უნიკალურობა არის ის, რომ კორპუსი სრულიად მზის ენერგიაზეა, რაც გულისხმობს იმას, რომ მობინადრეს არ ექნება ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადი, ანუ მზის ენერგიის ბინების SEA-ში ცხოვრების არჩევით, მათ შეუძლიათ დაზოგონ ჯამური კომუნალური ხარჯის 75% . მზის პანელები გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობით შევარჩიეთ, რადგან აქ მსგავსი გამოცდილება არ არსებობდა.
მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ბინები თერმოსის პრინციპითაა შეკრული, ავტომატურად ყველაზე დიდი უპირატესობა არის ხარისხი, ენერგოეფექტურობა და აკუსტიკური მაჩვენებლები. შენობაში სითბო ფანჯრებიდან, კედლებიდან და კარებიდან იკარგება. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვიყენებთ გერმანელი მწარმოებლების მოწოდებულ სპეციალური ტექნოლოგიისა და გამძლეობის ფანჯრის შუშებს. ასევე, სპეციალურად ამ პროექტისთვის შევუკვეთეთ სამშენებლო მასალა და ნებისმიერი სხვა პროდუქტი. მშენებლობა მიმდინარეობს პერლიტის ბლოკით. მისი მთავარი უპირატესობა, ენერგოეფექტიანობასთან ერთად, მეზობელი ბინიდან ხმის ჩახშობაა. ასევე ვიყენებთ ენერგოეფექტურ მინებს, რომლის გატეხის შემთხვევაში მაქსიმალურად ნაკლებ ზიანს მიაყენებს ადამიანს. შენობაში ასევე, მონტაჟდება გერმანული ფირმის, Wittur-ის ლიფტი, რომელიც მოძრაობის დროს თავად გამოიმუშავებს ელექტროენერგიას.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება Breeam-ის სერტიფიკაციით, ეს არის ევროკავშირის ყველაზე მაღალი სტანდარტის სამშენებლო სერტიფიკატი, რომელიც საქართველოში არცერთ დიდ კომპანიას აქამდე არ აუღია და ჩვენ ვართ პირველები.
გარდა ამისა, შენობა აღჭურვილი იქნება „ჭკვიანი სახლის“ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემით. ჩვენ ვამონტაჟებთ ხელოვნურ ინტელექტს, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც მობინადრე მიუახლოვდება სადარბაზოს კარს, შეხების გარეშე, თვალის ფოტო-ვიდეოფიქსაციით, პროგრამა ესალმება მას, კარს უღებს და პარალელურ რეჟიმში ლიფტს იძახებს, პარალელურად გათბობას რთავს, აბაზანას თუ ყავას უმზადებს და სხვ. ასევე, შენობას თავისი მეტეოსადგური აქვს და წვიმის დროს მობინადრეს ხელოვნური ინტელექტი ქოლგის წაღებას შესთავაზებს.
პროექტი ასევე გამორჩეულია გამწვანებითაც, ჩვენთან ვგეგმავთ ასი პალმის დარგვას.
Solar Energy Apartments SEA-ს კონცეფცია…
მობინადრეს საცხოვრებლად სრულიად მზა ბინა ჰბარდება – მაღალი დონის რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. ეს არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსი, ეს არის სასტუმროს ტიპის კონცეფციის შენობა. პროექტი უნიკალურია საინვესტიციო კუთხითაც. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ნომერი, რომელსაც ჩვენ გავუქირავებთ, მას შეეძლება ფიქსირებულად ყოველთვე აიღოს შემოსავალი ან წლიურად. რამდენიმე საინტერესო პაკეტს ვთავაზობთ. შემოსავლის კუთხით, მომხმარებლისთვის არის ძალიან მომგებიანი და უნიკალური.
როდის უნდა დასრულდეს პროექტი?
`კორპუსის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ 25 წლის განმავლობაში პროექტის სერვისში არსებული მენეჯმენტი დარჩება. ჩვენი ამოცანა არ არის ერთჯერადი მშენებლობა, წინ დიდი გეგმები გვაქვს და პარალელურად სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობთ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ინოვაციური და მწვანე ეკონომიკის პროექტები უფრო აქტუალური გახდება წლებთან ერთად და 20 წელიწადში ნებისმიერი დეველოპერი მიხვდება, რომ კორპუსები უნდა აშენდეს მზის ენერგიაზე, ხოლო ჩვენი 20-წლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმით 1 მილიონი კვ.მ. მშენებლობა უნდა გვქონდეს ევროპის ტერიტორიაზე.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი