• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ბედნიერების ძიებაში – ნინი ელიაშვილი

September 10, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

იმდენჯერ გვითხრეს, რომ ბედნიერები უნდა ვიყოთ, იმდენჯერ გვისურვეს ეს რაღაც მიუღწეველი, მითური ნავსაყუდელი, რომ მთელი ცხოვრებაა მას დავეძებთ. ვზომავთ მომავალს და წარსულის გაყვითლებულ ფოტოებში ვიქექებით. თუ იქ არ დაგვხვდა, მაშინ მომავლის იმედი გვაქვს… და მერე ვსხდებით აივანზე, ვუყურებთ, როგორ იწურება დღე და ვსვამთ ყველაზე მისტიკურ კითხვას: რა არის ბედნიერება? ილუზია თუ აუცილებლობა? ანდა აუცილებელი ილუზია, რომელიც ჰაერივით გვჭირდება… არადა, რა უცნაურია ადამიანი, სულ იმის მცდელობაშია, რომ ეს მიუწვდომელი კონტურები ხელში დაიჭიროს. და ამ გზაზე გვავიწყდება, რომ ზოგჯერ ბედნიერება, უბრალოდ, გათენებაა, ან, უბრალოდ, კარგი განწყობა, სიყვარულია ბედნიერება, ან სხვების სიყვარულის ყურება… ბედნიერება რაიმე იღბლიანი ბილეთი ან წარმატების ჯამი კი არა, უბრალოდ, საკუთარი შეგრძნებების თავისუფლებაა და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ირგვლივ არაფერი გვიჭირს. არა! აბა, ამ ფორმულას შეხედეთ. ბედნიერებისთვის საჭიროა კარგი დარი, ერთი მუჭა ნიგოზი და თბილი, სიყვარულით სავსე თვალები. აბა, მომიტრიალდით და მითხარით, რომ ასე არაა… და მე გიპასუხებთ, რომ ბედნიერება არ არის შორეული ჯილდო, ის აქვეა, ამ წუთებში, სუნთქვასა და გულისცემას შორის. და თუ ჩემი არ გჯერათ, ნინი ელიაშვილის ინტერვიუს ჩაუჯექით, რომელიც პერსონალური და ბიზნესტრანსფორმაციის მენტორია.

 

 

ნინი რადგან ჟურნალ „ოქეის“ ეს ნომერი ბედნიერებას ეძღვნება, მინდა ასე „ბანალურად“ დავიწყო ინტერვიუც… რა არის შენთვის ბედნიერება?

ბედნიერება ჩემთვის არის შინაგანი განცდა, მდგომარეობა, რომ ჩემი ცხოვრების საჭესთან ვარ და მე მასში კარგად ვგრძნობ თავს, მაშინაც კი, როცა სირთულეები, ტკივილი ან გაურკვევლობაა. რა არის ჩემთვის ამ „კარგად ყოფნის“ მთავარი კომპონენტები? პირველ რიგში, კავშირი საკუთარ თავთან – მესმის ჩემი შინაგანი ხმის და ანთია შიგნით ნათელი შუქი; ჯანსაღი და გულწრფელი ურთიერთობები – ოჯახში, მეგობრებსა და კოლეგებთან; რეალიზაცია – ვაკეთებდე იმას, რაც მაინტერესებს და აღმაფრთოვანებს; ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა – თავს ჯანმრთელად ვგრძნობ და მესმის ჩემი სხეულის ენის; უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა. ამ ყველაფერს კი ჩემთვის ცნობიერება აერთიანებს, როცა მართლა შენ ცხოვრობ შენს ცხოვრებას, და არა უბრალოდ არსებობ. ავტოპილოტზე კი არ ასრულებ საქმეებს და გადადიხარ ერთი დღიდან მეორეში, არამედ მთელი უჯრედებით შეიგრძნობ, რომ ცოცხალი ხარ. შეგიძლია შეიგრძნო ცხოვრების სილამაზე, აღტაცება, სიყვარული, სიამოვნება და მისი სირთულეებიც.  ამიტომ, თუ უნდა შევაჯამო, ჩემთვის ბედნიერება არის იყო ცოცხალი საკუთარ ცხოვრებაში და შეგეძლოს ცნობიერად მისი შეგრძნება მთლიანად.

 

ჩემი წარმოდგენით ბედნიერება ინდივიდუალური აღქმაა. მაგ: ამწუთას შესაძლოა უდიდესი ბედნიერების განცდა მომანიჭოს ზღვის სანაპიროზე მოსმენილმა ტალღების ხმაურმა, თუმცა ეს განცდა ვერ გაუტოლდება საკუთარი შვილის დაბადების ბედნიერებას, ხომ? შესაძლოა სწორედ ასეთ ხარისხებად დავყოთ ბედნიერება? – ბედნიერება გრძელვადიანად და ბედნიერება აქ და ახლა?

ალბათ რამდენი ადამიანიცაა ამ დედამიწაზე, იმდენი დეფინიცია შეიძლება არსებობდეს ბედნიერების. მე უფრო გამოვარჩევდი ბედნიერების სხვადასხვა გამოცდილებას, ვიდრე მის ხარისხებს. ცხოვრებაში არის გარდამტეხი მომენტები, რომლებიც ჩვენზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს – უნივერსიტეტში ჩაბარება, დაქორწინება, შვილის ან მოგვიანებით შვილიშვილის დაბადება. ეს მხოლოდ ერთი ძლიერი ემოციური მომენტი არ არის. ასეთი მოვლენები ხშირად ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას, ურთიერთობებს, სტატუსს და თვითაღქმასაც კი. მაგრამ ამ დიდი მოვლენების გვერდით არსებობს უამრავი პატარა მომენტი, რომლის შემჩნევაც და განცდაც შეგვიძლია ვისწავლოთ. ამ ზაფხულს ბათუმში ბავშვებთან ერთად ვიყავი. უცებ ისეთი ბათუმური თქეში წამოვიდა, სანაპირო მთლიანად დაიცალა და ჩვენ ზღვაში დავრჩით. ნისლი ჩამოწვა, ზღვის წვეთები მარგალიტებივით ეცემოდა წყალს და, ფაქტობრივად, მარტონი ვიყავით. ეს იყო ულამაზესი და სრულიად ახალი გამოცდილება ჩვენთვის, ბუნებასთან, ერთმანეთთან და იმ კონკრეტულ წამთან კავშირის განცდა. ვიგრძენი აღტაცება, სიყვარული და ისეთი სიმშვიდე, როდესაც, უბრალოდ, არსად გეჩქარება. იმ წამს ჩემთვის არც სამსახური არსებობდა, არც დასასრულებელი საქმეები, არც შემდეგი გეგმა. უბრალოდ, იქ ვიყავი ჩემს გოგონებთან ერთად. აქ და ახლა. ეს იყო ნამდვილი საჩუქარი, ღმერთის, სამყაროსი, ბუნების. და ვიცი, რომ ეს მომენტი უკვე ჩაიწერა ჩემი შვილების მეხსიერებაში, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ბედნიერი მოგონება. ბავშვობაში ასეთი აღტაცებები ალბათ უფრო ხშირად გვქონდა, რადგან რაღაცების შემჩნევას სიჩქარის გარეშე ვახერხებდით. მერე კი ამ საფეხურების გადალახვის ფერხულში ჩავერთეთ და შევქმენით ილუზია, რომ ბედნიერება შემდეგ მიზანში, შემდეგ წარმატებაში გველოდება. არადა, შეიძლება მთელი ცხოვრება რაღაცისკენ მიდიოდე და ამავე დროს გზაში ზღვის დანახვაც შეგეძლოს. ჩემთვის სწორედ ეს არის ბედნიერების აქ და ახლა განცდის უნარი.

 

დღეს თითქოს ყველა ვალდებულია იყოს ბედნიერი. სოცქსელები, ინფლუენსერები – აქ ყველაფერი იდეალურია და ყველა ბედნიერია… როგორ ფიქრობ, თანამედროვე ცხოვრების ამ „ვირტუალურმა სამოთხეებმა“ ხომ არ დააზიანა ჩვენი ბედნიერების ინდექსი?

ჩემთვის სოციალური ქსელების პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ იქ ხშირად ცხოვრების გაპრიალებულ ვერსიებს ვხედავთ. ასეთი „სცენა და კულისები“ სოციალური ქსელების გარეშეც არსებობდა. ადამიანები ხშირად აჩვენებენ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაშინ როცა ფარდის მიღმა სრულიად სხვა რეალობაა. სოციალურმა ქსელებმა ეს ყველაფერი უფრო ხელშესახები გახადა. თუმცა ახლა საპირისპირო ტენდენციაც ძლიერდება – ნამდვილობის. უფრო მეტი ადამიანი საუბრობს იმაზე, რაც კულისებში ხდება: მენტალურ ჯანმრთელობაზე, სხეულის მიღებაზე, კვებით სირთულეებზე, მშობიარობის შემდგომ გამოცდილებაზე. ადამიანები უფრო ღიად საუბრობენ საკუთარ რეალურ ცხოვრებაზე და ის, რაც ადრე ფარდის მიღმა სირცხვილში იმალებოდა, ნელ-ნელა სცენაზე გამოდის. ეს, ჩემი აზრით, ძალიან ჯანსაღი ცვლილებაა. მაგრამ სოციალური ქსელების მთავარი პრობლემა ჩემთვის მაინც სხვა რამეა – ბედნიერების გაყიდვა. არსებობს მთელი ინდუსტრიები, რომლებიც გვპირდებიან: თუ ამას ჩაიცვამ, წაისვამ, დალევ, იყიდი ან სადმე გაემგზავრები, მერე იქნები ბედნიერი. სოციალური ქსელი კი ამისთვის ხელსაყრელი პლატფორმაა. ამ ყველაფრის გაუცნობიერებელი მოხმარების შედეგად, ძალიან მარტივად აღმოვჩნდებით დაუსრულებელ დევნაში, სადაც სულ რაღაც გვაკლია და ბედნიერება ყოველთვის შემდეგშია. მე არც სოციალური ქსელების წინააღმდეგ ვარ, არც ფულის, წარმატების, სილამაზის ან კარგი ცხოვრების. პირიქით, მე თვითონ მიყვარს ეს ყველაფერი. საკითხი ის არის, ვქმნით თუ არა ამ ყველაფრით ჩვენს რეალურ ბედნიერ ცხოვრებას, თუ მათი საშუალებით ვცდილობთ საკუთარ თავში არსებული სიცარიელეების ამოვსებას?

 

 

 

მოდი, ახლა შენზე გვიამბე, როგორ მოხვედი აქამდე? რა გზა გაქვს განვლილი და შენ თუ იყავი თავად ბედნიერების მაძიებელი? საინტერესოა, რა იყო ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც მიხვდი, რომ შენი გზა სწორედ ადამიანების ტრანსფორმაციისკენ უნდა მიგემართა?

15 წელზე მეტი ვიმუშავე ბიზნესისა და ორგანიზაციული ცვლილებების სფეროში. ვმუშაობდი დიდ რეფორმებზე, სისტემებისა და პროცესების გაუმჯობესებაზე, მქონდა მილიონიანი პორტფელის მქონე პროექტებიც და ბოლოს დიდ ოთხეულში თანამშრომელთა და ორგანიზაციული ერთეულის ხელმძღვანელი ვიყავი. ამ ყველაფერს ერთი რამ აერთიანებდა – დაუღალავი სურვილი, რაღაც უკეთესობისკენ ამემუშავებინა. და ამ პროცესში სულ უფრო მეტად მაინტერესებდა ადამიანები, რომლებიც ამ სისტემებს ქმნიდნენ. როგორ შეიძლებოდა, რომ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოევლინათ და თან კარგად ეგრძნოთ თავი. ხშირად ვხვდებოდი ნამდვილ პროფესიონალებს, რომლებიც ჩამქრალები იყვნენ, გაჭედილები, ვერ ავლენდნენ საკუთარ პოტენციალს. მაშინ მეგონა, რომ თუ სწორ სისტემას, პროცესსა და სტრატეგიას ავაწყობდით, ადამიანების მუშაობის ხარისხიც და მათი ეფექტიანობაც გაუმჯობესდებოდა. და ეს სანახევროდ ნამდვილად ასეა. კოვიდის პერიოდში კი თავად აღმოვჩნდი ის „ჩამქრალი ადამიანი“, რომელსაც წლების განმავლობაში სხვებში ვამჩნევდი. ძალიან ახლოს ვიყავი გადაწვასთან. გარედან თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე იყო, – კარიერა, ოჯახი, ჯანმრთელობა, მოგზაურობები, ფინანსური სტაბილურობა – მაგრამ შიგნით რაღაც მაწუხებდა და ზუსტად ვერ ვხვდებოდი, რა. ამ პერიოდში წამოვედი სამსახურიდან და საკუთარი საკონსულტაციო საქმიანობა დავიწყე. ამას დაემთხვა პირად ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ცვლილებები, მეორე შვილის გაჩენა, მეუღლესთან დაშორება, ამას შედეგად  თან დაერთო ფინანსური არასტაბილურობა. ეს იყო კრიზისი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, იმ სფეროებში, რომლებიც მეგონა, რომ უკვე დალაგებული მქონდა და გარკვეულ წარმატებასაც მივაღწიე. სწორედ მაშინ დავინახე, რომ ის, რასაც წლების განმავლობაში ვაშენებდი, გარედან ბევრად უფრო მყარი ჩანდა, ვიდრე შიგნიდან იყო. აქამდე მეგონა, რომ ვაშენებდი, მაგრამ თურმე კოსმეტიკური რემონტით ვიყავი დაკავებული და არა ფუნდამენტის გამაგრებით. ამ მწარე აღმოჩენამ მიმიყვანა ადამიანის შინაგანი სამყაროს ბევრად უფრო ღრმა შესწავლამდე – ფსიქოლოგიამდე, ქოუჩინგამდე და შემდეგ სხეულთან მუშაობამდე, სისტემურ განლაგებებამდე, სუნთქვით პრაქტიკებსა და მედიტაციამდე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს პრაქტიკები ჯერ საკუთარ თავზე გამოვცადე და შემდეგ კვალიფიკაციის დონეზე უფრო ღრმად შევისწავლე. თავიდან ბევრი რამ გონებით გავიაზრე – დავინახე ჩემი ბლოკები, შემზღუდავი რწმენები და ის, რაც ხელს მიშლიდა. შემდეგ მივხვდი, რომ მხოლოდ გაგება საკმარისი არ იყო და სხეულთან მუშაობაც გახდა მნიშვნელოვანი. სწორედ აქ შემოვიდა სხეულებრივი – სომატური პრაქტიკები, სუნთქვა და მედიტაცია. ამ ყველაფერმა კი დამანახა, რომ ცნობიერი ცხოვრება, ბედნიერების განცდა და წარმატება ერთმანეთისგან განცალკევებული არ არის. სწორედ აქედან მოვიდა ჩემი ხედვაც – დავაკავშირო ადამიანის ტრანსფორმაცია ბიზნესის ტრანსფორმაციასთან.

 

დღეს, როცა ამდენი გამოცდილება და გზა გაქვს განვლილი, რა არის შენი მთავარი ფოკუსი? კონკრეტულად რა მიმართულებით მიგყავს შენი საქმიანობა და ვისთვის იქმნება ის პროექტები, რომლებზეც ახლა მუშაობ?

დღეს ჩემი მთავარი ფოკუსია ცნობიერი ცხოვრების ინტეგრაცია ბიზნესში – ცნობიერი ლიდერობა, ცვლილებების მართვა და ბიზნესის განვითარება. ვმუშაობ ინდივიდუალურად და გუნდებთან. ჩემს პრაქტიკაში ვაერთიანებ ბიზნესის გამოცდილებას, გონების ბარიერებთან მუშაობას და სხეულის ინტელექტს. რეალურად, დღეს ყველაფერი იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ორგანიზაციებისთვის ადამიანის ფაქტორი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. გადაწვა, ქრონიკული სტრესი, თანამშრომლების გადინება, ჩართულობისა და პროდუქტიულობის შემცირება უკვე მხოლოდ ადამიანური რესურსების პრობლემა აღარ არის. ეს ბიზნესის შედეგებზე პირდაპირ აისახება. ამიტომ თანამშრომლების კეთილდღეობა, სტრესისადმი მედეგობა და ჯანსაღი ურთიერთობები სულ უფრო მეტად ხდება ბიზნესის დღის წესრიგის ნაწილი. ძველი მიდგომა, როცა უბრალოდ ინფორმაციას გადასცემ, ტრენინგს ჩაატარებ და წამოხვალ, ჩემთვის აღარ არის საკმარისი. რეალური პროცესი ხომ მერე იწყება, როცა ადამიანს ცვლილების მიღება და ახალი გზით მუშაობა უწევს. ეს კარგად ვიცი, რადგან ამ პროცესის ორივე მხარეს ვყოფილვარ, როგორც კლიენტი და როგორც კონსულტანტი და ტრენერი. ამიტომ ვეხმარები ლიდერებსა და გუნდებს, რომ საჭირო ცვლილება რეალურად განხორციელდეს, სტრატეგიისა და ლიდერობის განვითარებიდან დაწყებული, გუნდების ეფექტიანობასა და ადამიანების სტრესისადმი მედეგობამდე. ჩემთვის ცვლილება მაშინ ხდება, როცა ის ადამიანებში იწყება და საბოლოოდ ბიზნესის შედეგში აისახება.

 

 

ნინი, შენ ყოველდღე ხვდები ადამიანებს, რომლებიც წარმატების კიბეზე გადაადგილდებიან. როგორ შეაფასებ მათი ბედნიერების ინდექსს? არის თუ არა მატერიალური წარმატება ბედნიერების შემადგენელი კომპონენტი?

ხშირად კარიერული წარმატების მიღმა სულ სხვა რეალობა იმალება. ადამიანი შეიძლება ძალიან ბევრს აკეთებდეს, ბევრს აღწევდეს და ამავდროულად ქრონიკულ სტრესში, გადაწვაში ან იმ განცდით ცხოვრობდეს, რომ „ყველაფერმა აზრი დაკარგა“. რა თქმა უნდა, ამას პირდაპირაც მეუბნებიან სესიაზე, რომ ბედნიერები არ არიან. მაგრამ ეს მატერიალური წარმატების ბრალი არ არის. პრობლემა მაშინ იწყება, როცა მუდმივად „მეტი, მეტი, მეტის“ რეჟიმში ცხოვრობ და ვეღარ ხვდები, რისთვის აკეთებ იმას, რასაც აკეთებ. როცა ეს გმართავს, შეიძლება ერთ მომენტში ვეღარც მიხვდე, რატომ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ. სადაა სილაღე, ტკბობა, აღარ გიყვარს, აღარ გახარებს, საკუთარი საზრისიც დაკარგული გაქვს.  ენერგიის მუდმივი გადინებაა და რეალური ავსება კი არ ხდება. ერთ საკითხს აუცილებლად მინდა შევეხო, რადგან ხშირად მომისმენია: „ფული თუ ბედნიერება?“ ან „წარმატება თუ ბედნიერება?“ ეს ორი ერთმანეთის საპირისპირო საერთოდ არ არის. მატერიალურ წარმატებას, ანუ ფულს, შეუძლია ცხოვრება გაგიადვილოს, მოგცეს უსაფრთხოება, თავისუფლება, არჩევანი და შესაძლებლობები. შეგიძლია გქონდეს ფულიც, წარმატებაც და ამ ყველაფრით უკეთესი ცხოვრება შექმნა, მაგრამ ფული ვერ ამოავსებს შინაგან სიცარიელეს, ვერ ჩაანაცვლებს ხარისხიან ურთიერთობებს და ვერ აღადგენს საკუთარ თავთან კავშირს. ამისთვის საჭიროა შენელება და საკუთარ თავთან დაბრუნება.

 

 

 

 

ბავშვობაში ყველაფერი სასწაული გვეგონა, – წვიმა, გათენება, დაღამება, ვარსკვლავის მოწყვეტა…. მერე გავიზარდეთ და თითქოს ეს უნარი დავკარგეთ. დღეს ბედნიერებას მხოლოდ დიდ მიღწევებსა და მასშტაბურ მოვლენებს ვუკავშირებთ. როგორ ფიქრობ, შესაძლებელია თუ არა ზრდასრულ ასაკშიც ხელახლა ვისწავლოთ „ყოველდღიური სასწაულების“ შემჩნევა და ამითაც მივიღოთ პატარა წილი ბედნიერება?

კი, და ბათუმის ისტორიაც ჩემთვის ზუსტად ამის მაგალითია. ადრე, როცა ყოველდღიურ რუტინაში, მუდმივ კეთებასა და მიღწევაში ვიყავი, ძალიან მიჭირდა უბრალოდ გაჩერება და ასეთი სასწაულების დანახვა. შეიძლება რაღაც ლამაზი დამენახა, მაგრამ იქ დარჩენა, ტკბობა, სივრცის მიცემა დისკომფორტს მიქმნიდა, იმიტომ, რომ შიგნით „უნდებს“ ცეცხლი ეკიდათ. ეს უნდა გავაკეთო, ის უნდა მოვასწრო, ახლა არა მერე… ამიტომ ასეთი სასწაულების შემჩნევას გაჩერების უნარი სჭირდება. და გაჩერებას – საკუთარ თავთან დარჩენის კომფორტი. ხშირად იმდენი რამ გვაქვს ჩაპრესილი და გამოუთქმელი, რომ გაჩერებაც კი შეიძლება დისკომფორტული გახდეს. როცა საკუთარ თავთან კავშირი აღდგება, უფრო მეტი უნარი გაქვს, გაჩერდე და ისიამოვნო იმით, რაც ახლა ხდება. და სინამდვილეში, ხშირად არსად გვეჩქარება. უბრალოდ, ავტოპილოტზე ვმუშაობთ და ცნობიერად ცხოვრებას ვკარგავთ.

 

დაბოლოს, რა არის ის ერთი უტყუარი სიმართლე „აქ და ახლა“ ბედნიერებაზე, რომელიც გინდა, რომ „ოქეის“ მკითხველმა სწორედ ამ წამს დაიმახსოვროს?

არ დაელოდო „მერეს“, რომ ცხოვრება დაიწყო. ცხოვრება უკვე ახლა ხდება. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე საკუთარი თავის ქომაგად ყოფნა და არა საკუთარი თავის ყველაზე მკაცრ მსაჯულად ან ბოროტ დედინაცვლად. და რაც მთავარია, ეს გზა სულაც არ არის აუცილებელი, მარტომ გაიარო. ჩემს გზაზე ბევრი მენტორი და გიდი დამეხმარა, აღმომეჩინა ჩემში ისეთი ნაწილები, რომლებსაც მარტო ალბათ ვერასდროს ვიპოვიდი.

 

 

ტექსტი: თაკო დარახველიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! მარი ბეკურიშვილი: დააკვირდი რა ხდება, როცა ხმაური ჩერდება
ინტერვიუ

#OK! მარი ბეკურიშვილი: დააკვირდი რა ხდება, როცა ხმაური ჩერდება

September 10, 2026
#OK! ეპოქალური ექსპედიციის წინ
ინტერვიუ

#OK! ეპოქალური ექსპედიციის წინ

September 10, 2026
#OK! „ფორმა ბულინგის პრობლემას ვერ აღმოფხვრის“ – სასკოლო ფორმა ბრუნდება: უსაფრთხოება, ხარისხი, ფასი და ფსიქოლოგიური გავლენა
OK! კულტურა

#OK! „ფორმა ბულინგის პრობლემას ვერ აღმოფხვრის“ – სასკოლო ფორმა ბრუნდება: უსაფრთხოება, ხარისხი, ფასი და ფსიქოლოგიური გავლენა

September 10, 2026
#OK! „ქოჩორას ვენახები“ – ოჯახური ტრადიცია, რომელიც თაობებს აერთიანებს
ინტერვიუ

#OK! „ქოჩორას ვენახები“ – ოჯახური ტრადიცია, რომელიც თაობებს აერთიანებს

September 10, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ევა ლონგორია კანის კინოფესტივალის დედოფალია” – 47 წლის ვარსკვლავის მორიგი გლამურული გამოჩენა

#OK! “ევა ლონგორია კანის კინოფესტივალის დედოფალია” – 47 წლის ვარსკვლავის მორიგი გლამურული გამოჩენა

May 26, 2022
#OK! 76 წლის მაიკლ დუგლასი და 51 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი შვილებთან ერთად ესპანეთში ისვენებენ

#OK! 76 წლის მაიკლ დუგლასი და 51 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი შვილებთან ერთად ესპანეთში ისვენებენ

May 25, 2021
#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 10, 2025
#OK! ექო ყოველთვის უკან გიბრუნებს, რასაც ამბობ და აკეთებ…

#OK! ექო ყოველთვის უკან გიბრუნებს, რასაც ამბობ და აკეთებ…

October 11, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

September 10, 2026
#OK! Demo Version – ლიკა ევგენიძემ ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი გამოუშვა

#OK! Demo Version – ლიკა ევგენიძემ ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი გამოუშვა

September 4, 2026
#OK! ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველები ლიკა ქავჟარაძეს ამსგავსებენ – კასია სმუტნიაკის ცხოვრება, კარიერა და დიდი ტრაგედია

#OK! ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველები ლიკა ქავჟარაძეს ამსგავსებენ – კასია სმუტნიაკის ცხოვრება, კარიერა და დიდი ტრაგედია

September 7, 2026
#OK! „სუხიშვილების“ მოცეკვავეები დაქორწინდნენ – დავით ჭანიშვილისა და მაკო დვალიშვილის ქორწილის კადრები

#OK! „სუხიშვილების“ მოცეკვავეები დაქორწინდნენ – დავით ჭანიშვილისა და მაკო დვალიშვილის ქორწილის კადრები

September 7, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები