„ტეტეუს“ ეძახდნენ ბაბუს თბილისში… მუდამ გაპიწკინებული − შინაც კი ფეხსაცმლით დადიოდა. ქალაქიდან გასვლა არასდროს უყვარდა… ბაბუსთან რომ მივიდოდით, მთელი სტადიონი გვცნობდა − „ტეტეუს“ შვილიშვილები მოვიდნენო და ამას ისეთი მოწიწებით ამბობდნენ, რომ ჯერ კიდევ ბავშვობიდან მახსოვს სიამაყის განცდა და ის სითბო, რომელიც გულში მეღვრებოდა. მერე იწყებოდა დიდი სუფრები და სადღეგრძელოები მის კაბინეტში, რომელიც სასტუმრო „საქართველოს“ რესტორანში სრულდებოდა. მთელი ვერა იგებდა ტეტეუს სიმთვრალის ამბავს − მელიქიშვილის გამზირზე აჟღერებული „დინამოს“ ჰანგებით.
ანზორ სამხარაძემ წაიღო მისი წილი თბილისი ჩემი ბავშვობიდან. კი, ასეა − თბილისს ადამიანები ქმნიდნენ და აცოცხლებდნენ. მერე ჯუნა ბაბუმ გაიყოლა თბილისური საუბრების ეშხი: მრგვალ ბაღთან რომ მოხვდებოდი და სახლის კარს უკითხავად შეაღებდი − იცოდი, რომ იქ ყოველთვის დაგხვდებოდა ჯუნა ჩხიკვაძე, რომელიც გაგრძნობინებდა, რომ ქალაქი იყო ურთიერთობა… მთელ ქალაქს ეტრფოდა და მთელი ქალაქი ეტრფოდა მას… ბაბუსთან ერთად, ეს ტრფობაც მორჩა… მერე „პაემანი ვერაზე“ წავიკითხე, რათა შემევსო ეს დანაკლისი იმ თბილისური ამბებით, რაც იქ აღწერა გიზო ნიშნიანიძემ… ხო, სამეგობროს საოცარი ბაბუ გვყავდა − ალიკა ბაბუ. ქალს რომ შეხვდებოდა, თუ ქუდი ეხურა, აუცილებლად მოიხდიდა და სალამს ისე მიუძღვნიდა. ყოველთვის ემღერებოდა, რადგან თბილისი იყო სითბოსა და სიყვარულის ქალაქი მისთვის… ბოლოს ალიკა მიქაბერიძემაც დაგვტოვა და ასე დასრულდა ჩემთვის თბილისის მთელი ეპოქა − ბაბუების ეპოქა, სადაც უყვარდათ, ქალის რიდი ჰქონდათ, ერთმანეთის მეგობრობა-ნაცნობობა ბევრს ნიშნავდა; სადაც მიზანი არასდროს ამართლებდა საშუალებას, სადაც ბევრი რამ არ ჰქონდათ, მაგრამ მთავარი არ აკლდათ − სიყვარულით სავსე გული, სადაც სახელი იყო მთავარი და არა გატეხილი თავი, სადაც ქეიფი და დროსტარება არ იყო ღრეობა, სადაც ქუჩები სახლებთან ერთად ჰყვებოდნენ ამბებს, რადგან ამ სახლებში ბევრი „თბილისელი ბაბუ“ ცხოვრობდა… კი, თბილისი იყო ურთიერთობა… დავდივარ და დავეძებ იმ ქალაქს, რომელიც გაჰყვა ჩემს ბაბუებს… მამაჩემში ვპოულობ ხშირად და ვიპოვი ჩემს შვილებშიც − მე ამის მჯერა, რადგან ამ ქალაქს უხდება სითბო, უხდება ერთმანეთის სიყვარული, უხდება სილამაზე და აყვავებული ნუში გაზაფხულზე…
მაშ ასე, გავისეირნოთ თბილისში ზურა ბალანჩივაძესთან ერთად − იქნებ ხელახლა ვიპოვოთ მზისა და ვარდების მხარეში ჩვენი თბილისი…
ფოტორეპორტიორის ფრაზა მახსოვს თქვენ შესახებ: „მიყვარს ზურა, იმიტომ, რომ უცხოელებს თბილისსა და საქართველოს აყვარებს“. საიდან და რით იწყებთ შეყვარებას?
დავიწყებ აუცილებლად კონტექსტით, რადგან კონტექსტი ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველო ნამდვილად არ შედის იმ ქვეყნების ორმოცდაათეულშიც კი, რომლის შესახებ ბევრი რამ იციან. ასე რომ, უპირველესად, ვაცნობ, სად არიან და რის ფასად დაგვიჯდა დღევანდელობა. ამ ყველაფერს კი ლოგიკურად ებმის თავისუფლების მოედანი და თბილისის შეყვარებას მეც აქედან ვიწყებ.
ამდენი ხანია თბილისზე გვიყვებით ისტორიებს და აი, თქვენთვის რა არის თბილისი?
თბილისის გიდად 2016 წლიდან დავიწყე მუშაობა, ხოლო სოციალურ პლატფორმებზე ამბებს წელიწად-ნახევარია ვყვები. პანდემიამ გიდები უმუშევრად დაგვტოვა და მაშინ გასართობად გადავწყვიტე ორიოდ ამბის მოყოლა. მახსოვს, პირველად მდინარე ავანაანთხევზე მოვყევი, რომელიც დღეს თვალით უხილავია და ბარათაშვილის ქუჩის ქვეშ გაედინება. იმ ვიდეომ რომ „გაისროლა“, მაშინ მივხვდი, რომ ეს უნდა მეკეთებინა სოციალურ ქსელებშიც.
თბილისი არის ჩემთვის ის, რომელზე საუბარიც არ მბეზრდება, რადგან სულ ახალ-ახალ აღმოჩენას ვაკეთებ − ხან ქუჩებში, ხან სადარბაზოებში, ხან საარქივო მასალებში.
თქვენს ფბ-გვერდს გადავავლე თვალი და ბეტონის ჯუნგლებზე შემხვდა პოსტი: ხომ არ გგონიათ, რომ უფრო ქართველების ბუნების ამბავია, საზოგადოების, მთლიანობის, ერის განცდა რომ არ გვაქვს? მთავარია, მე მქონდეს ლამაზი სახლი და დაე, იყოს ბეტონის კორპუსი. ხომ მხოლოდ მე არ მეხება? გემოვნების ამბავი რომ იყოს, მგონია, რომ სხვა დეტალებშიც გამოჩნდებოდა ეს. თუკი ვახერხებთ გვქონდეს ლამაზი სახლები, რატომ ვერ შევძელით, გვქონდეს ლამაზი ქალაქი?
ერთი მეორეს არ გამორიცხავს. მე მაინც უფრო კომპლექსის ამბავი მგონია. ანუ, დავუშვათ, მე კი მაქვს კარგი გემოვნება, მაგრამ „თვალი არ მეცეს“ და ამის გამო არ დავისაჯო. იმ პოსტშიც ეგ ვთქვი, რომ სადღაც, ძალიან სიღრმეში, ტრავმული წარსულის კომპლექსი მგონია-მეთქი. ადამიანს აქვს ლამაზი სახლი მახინჯი ინტერიერით, რომ არ შეშურდეთ და არ დაუნგრიონ. შემდეგ ეს კომპლექსი მოერგო ურბანულ გარემოს და დაუმეგობრდა სხვა კომპლექსებს, რომელთაგან ერთ-ერთია კერძო ავტომობილი, როგორც სტატუსის მატარებელი და ა.შ.
ყველაზე ხშირად რა მოსწონთ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს, რომელთაც უამბობთ საქართველოზე?
სამოგზაუროდ ჩამოსულ ადამიანებს ყოველთვის უფრო მეტად მოსწონთ ის, რაც სხვაგან არ უნახავთ. აქედან გამომდინარე, უხეშად რომ ვთქვათ, დასავლელებს უფრო იტაცებთ თბილისური აივნები და ეზოები, ხოლო აღმოსავლელებს და პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხს − ევროპული შენობები და მოხატული სადარბაზოები.
ქუთაისიდან თბილისამდე − სხვაობა და განსხვავება ამ ორ მთავარ ქალაქს შორის…
მე ჯერ კიდევ იმ დროს წამოვედი ქუთაისიდან, როცა თბილისში ყოველ მეორე სიტყვას „ტო“ დაბოლოება ახლდა. მაშინ განსხვავებაც მეტი იყო, თუნდაც კილოში და საქმისადმი მიდგომაში. ბოლო წლებში, ქუთაისიც გარკვეულწილად დაეწია თბილისს და საქმე გაჩნდა, რასაც დიდწილად აეროპორტის ამუშავებას ვუკავშირებ.
ისე კი, ჩემი მშობლიური ქალაქი თბილისში გადმოსვლის შემდეგ უფრო აღმოვაჩინე, რადგან უცხო თვალით შევხედე და დეტალების ქექვა დავიწყე. უზომოდ საინტერესო საარქივო ფოტოებს წავაწყდი და შემდეგ ადგილების გამოცნობას შევუდექი. ეს ჩემი საყვარელი გასართობია.
რომ არ დაბადებულიყავით საქართველოში, რომელ ქვეყანაში დაიბადებოდით?
სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილი მიფიქრია. იყო ძველი ეგვიპტეც, რომიც, ბაროკოსდროინდელი იტალიაც და ვიქტორიანული ინგლისიც. ახლა კი ცოტა ამბიციურად ვფიქრობ, რომ სადაც უფრო საჭირო ვიყავი, იქ გავჩნდი.
თქვენი აზრით, თბილისს ყველაზე მეტად როგორი შინაარსი მოუხდებოდა?
აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ თბილისს აქვს მინიმუმ ათი სიცოცხლე. ვახტანგის დროს სხვა იყო, არაბთა ბატონობისას სხვა, ოქროს ხანაში − კიდევ სხვა; ერეკლეს დროს აბსოლუტურად სხვა, ისევე, როგორც მე-19 საუკუნეში და ახლა. ასე რომ, მეღიმება ხოლმე, როცა ვინმე თბილისელობას და „ძველ დროს“ მისტირის, რადგან, რაც ასეთი ადამიანისთვის არის ძველი, სინამდვილეში, თბილისისთვის ის მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია. ერთ-ერთი არქეოლოგიური ფენაა. ამიტომ ნამდვილ თბილისელობას ისეთი სიჭრელე მოუხდებოდა, რომელიც, შესაძლოა, დღეს ვერც კი გაგვეგო და არც მიგვეღო, მაგრამ თბილისი რომ ადამიანი ყოფილიყო, ალბათ, ზუსტად ისეთი მიქსი მოეწონებოდა.
„საუნდტრეკის“ არჩევა რომ შეგეძლოთ დედაქალაქისთვის, ეს აუცილებლად იქნებოდა?..
საუნდტრეკიც ასეთივე მიქსია და დამოკიდებულია დროსა და ქალაქის ადგილზე. მაგალითად, ჩემს ერთ-ერთ ტურზე სტუმრები შემყავს სანახევროდ გადაღებილ სადარბაზოში, ვიღებ ტელეფონს და ვასკანერებ კედელზე მიხატულ QR-კოდს, რომლის შედეგად YouTube-ზე მაილს დევისის It Never Entered My Mind ირთვება და იმ მომენტში მასზე ადეკვატური საუნდტრეკი მე არ მეგულება.
როგორ ხედავთ მზისა და ვარდების ქალაქს 30 წლის შემდეგ?
იმედი მაქვს, ვარდები და სიმწვანე მეტი იქნება. მზე იყოს, როგორც არის.
შთაბეჭდილების მოსახდენად რომ შეგეძლოთ მხოლოდ ერთი კონკრეტული ადგილის ჩვენება ადამიანისთვის, რას აჩვენებდით თბილისში?
ძალიან ცოტა რამ დარჩა თბილისში, რასაც შთაბეჭდილების მოხდენა დამოუკიდებლად, გიდის ჩარევის გარეშე შეუძლია. დღესაც საშინელებები ხდება და ჩანაგდება არქიტექტურა, მაგრამ, ალბათ, მაინც აბანოთუბნის კუთხეში, ლეღვთახევიდან დანახული თბილისია ის, რაც თავის სათქმელს დამოუკიდებლადაც ამბობს.
ერთი დღე თბილისში − გაგვიძეხით, ვიაროთ…
უჰჰ… თავისუფლება, ლეონიძის გამზირი, შეუხვიეთ მარცხნივ, ქიქოძეზე, მერე დაუყევით ასათიანს, გადადით ძველი თბილისის მხარეს, ანუ გაცდით „თბილისურ ჰოგვარტსს“, მერე გუდიაშვილის სკვერი, ბეთლემის კიბე და გადმოსახედი. შემდეგ ჩამოდით ქვემოთ, სიონისკენ. ქარვასლაში შედით, ღვინის მუზეუმია ქვემოთ და როსტომ ხანის დროინდელი თაღოვანი დერეფნებია. წაჰყევით ერეკლეს ქუჩას საპატრიარქომდე და ხელმარჯვნივ, სანაპიროზე რომ ჩახვალთ, პატარა ნანგრევებს დაინახავთ − მეფის სასახლისგან ეგ დარჩა მხოლოდ. გაუყევით ნაპირს, გადადით მშვიდობის ხიდზე, გაისეირნეთ რიყეზე − ნარიყალა, მთაწმინდა, ქართვლის დედა… შემდეგ მეტეხის ხიდით გორგასლის მოედანზე გადადით და სამღებროს ქუჩით გადით ბოლომდე. 40 სებასტიელის ეკლესიის ქვეშ 2000-წლოვანი ნანგრევებია, რაც ადასტურებს, რომ თბილისი 20 საუკუნისაა და არა 1500 წლის!
შემდეგ ბოტანიკურის ქუჩით ჩაუვლით მეჩეთს, მარცხნივ გაუხვიეთ და ლეღვთახევში ჩაისეირნეთ, ნახეთ ჩანჩქერი. შემდეგ გამოდით და აბანოთუბნის კუთხეში ჩემ მიერ ნახსენები ყველაზე მაგარი წერტილი ნახეთ. შემდეგ აბანოთუბანი და ეგაა.
3-4 საათი და უამრავი აღმოჩენა.
P.S.: გიდთან ერთად უკეთესია.
ტექსტი: მარიამ გაბედავა
ფოტო: ალექსეი სეროვი