სოფი ლორენი მსოფლიო კინოს გამორჩეული და ყველასთვის ნაცნობი სახეა, თუმცა კამერების მიღმა ის პირველ რიგში ოჯახისთვის საყვარელი ადამიანი, დედა და ახლობელია.
ათწლეულების განმავლობაში შექმნილი უდიდესი კარიერის მიღმა დგას ქალი, რომელიც, დღემდე ინარჩუნებს უშუალობას, თავმდაბლობასა და იმ განსაკუთრებულ სითბოს, რომელიც მასთან ურთიერთობას კიდევ უფრო ძვირფასს ხდის.
ლეგენდარული მსახიობის ყოველდღიურობა, მისი განსაკუთრებული თვისებები და ის ფასეულობები, რომლებიც წლების განმავლობაში უცვლელად შეინარჩუნა – ამ და სხვა საინტერესო თემებზე OK! Magazine-ს სოფი ლორენის რძალი, მარიამ შარმანაშვილი, ესაუბრა.

სოფი ლორენი მსოფლიო კინოს ლეგენდაა, თუმცა ოჯახისთვის ის, პირველ რიგში, საყვარელი ადამიანია. როგორია მაშინ, როდესაც კამერები გამორთულია და ოჯახთან ერთადაა?
როგორც ოჯახის წევრს, შემიძლია გითხრათ, რომ ყოველდღიურობაშიც ძალიან თბილი და უშუალო ადამიანია ქალბატონი სოფია. მასთან ურთიერთობა ძალიან კომფორტულია და, რაც მთავარია, კამერის მიღმაც არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ოჯახურ გარემოში სრულიად ბუნებრივია და ძალიან მარტივად ურთიერთობს ახლობელ ადამიანებთან. ვფიქრობ, სწორედ ეს უშუალობა და შინაგანი სიმშვიდე ქმნის იმ განსაკუთრებულ კომფორტს, რომელსაც მასთან ურთიერთობისას გრძნობ.
როგორია თქვენი ურთიერთობა მასთან ყოველდღიურ ცხოვრებაში? შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ თქვენთვის განსაკუთრებულად თბილი დღე, რომელიც ერთად გაატარეთ?
მასთან ერთად გატარებული თითოეული დღე ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მაგრამ განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ის ეპიზოდები, როდესაც საინტერესო მოგონებებს გვიზიარებს ხოლმე ოჯახის წევრებს. ეს ისტორიები უმეტესად მის ბავშვობას ან გადასაღებ მოედანზე მომხდარ ამბებს უკავშირდება და მათი მოსმენა ყოველთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა.

რა არის ის, რასაც სოფი ლორენისგან ყველაზე ხშირად სწავლობთ – არა როგორც მსახიობისგან, არამედ როგორც ქალისგან, დედისგან და ოჯახის წევრისგან?
ჩემში ყოველთვის დიდ აღფრთოვანებას იწვევს ის, თუ რამდენად ჰარმონიულადაა მასში შერწყმული შინაგანი სიძლიერე და საოცარი ქალური სინაზე. ვფიქრობ, ეს ორი თვისება მის პიროვნებაში განსაკუთრებით გამოკვეთილია და სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის იმ განსაკუთრებულ ქალს, რომელსაც საზოგადოება წლების განმავლობაში იცნობს და აფასებს.
სამაგალითოა ისიც, რომ უდიდესი კარიერული წარმატებისა და ძალიან გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მოახერხა და შვილებს სრულფასოვანი დედობა გაუწია, რასაც, დამეთანხმებით, ყველა ვერ ახერხებს. მის ცხოვრებაში კარიერას ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, თუმცა ოჯახისთვისაც მუდმივად პოულობდა დროსა და ენერგიას. სწორედ ეს ბალანსი და ოჯახური ურთიერთობებისადმი მისი დამოკიდებულება მიმაჩნია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მაგალითად.

როგორია სოფი ლორენი სახლში? თავად ამზადებს კერძებს, უყვარს სტუმრების მიღება, ოჯახური სუფრის გაშლა თუ სხვა ტრადიციები აქვს, რომლებსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს?
კერძებს თავად აღარ ამზადებს, თუმცა სტუმრების მიღება და ოჯახური შეკრებები დღესაც ძალიან ახარებს და დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მისთვის ოჯახთან ერთად გატარებულ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როცა ახლობლები იკრიბებიან, იგრძნობა, რამდენად სიამოვნებს ეს გარემო და ადამიანებთან ურთიერთობა. ვფიქრობ, სწორედ ასეთი უბრალო და ყოველდღიური მომენტები ქმნის ოჯახურ სითბოს, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თქვენ ქართველი ხართ, სოფი ლორენი კი იტალიური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. რამდენად დაინტერესდა ის საქართველოთი და ქართული კულტურით თქვენი გაცნობის შემდეგ? გაგიზიარებიათ თუ არა მისთვის ქართული ტრადიციები, კერძები ან რაიმე განსაკუთრებული ოჯახური რიტუალი? როგორ შეხვდა მათ?
ქალბატონ სოფიას საქართველოსთან ჩემამდეც ჰქონდა შეხება: წლების წინ ის მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძის მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, სადაც დირიჟორობდა ჩემი მეუღლე, კარლო პონტი უმცროსი. ასე რომ, საქართველო და ჩვენი კულტურა მისთვის სრულიად უცხო არ ყოფილა და მას უკვე ჰქონდა გარკვეული წარმოდგენა ჩვენს ქვეყანაზე.
თუმცა, ჩემგან კიდევ უფრო მეტი შეიტყო ქართულ ტრადიციებზე, პოლიფონიასა და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მასთან ამ თემებზე საუბარი და ქართული კულტურის იმ ნაწილების გაცნობა, რომლებიც ჩემთვის ბუნებრივად ახლობელია. რა თქმა უნდა, გავასინჯე ჩვენი სამზარეულოც, რამაც მისი დიდი მოწონება დაიმსახურა. ვფიქრობ, ქართული და იტალიური კულტურის მსგავსება ამ თვალსაზრისითაც კარგად ჩანს – ორივე შემთხვევაში ოჯახურ სუფრას, სტუმარმასპინძლობასა და ერთად გატარებულ დროს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

არის რაიმე პატარა, ყოველდღიური რამ, რაც სოფი ლორენს ძალიან ახარებს? ისეთი უბრალო რამ, რომელიც მის პიროვნებას სრულიად სხვა კუთხით დაგვანახებს?
ძალიან უყვარს ლუჩიანო პავაროტისა და ფრენკ სინატრას მოსმენა, ძველი ფილმებისა და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემის ყურება. განსაკუთრებით კი ოჯახის წევრების გარემოცვაში ყოფნა და თბილი, ოჯახური შეკრებები ახარებს.

და ბოლოს, რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც სოფი ლორენს მხოლოდ ეკრანიდან იცნობენ, მაგრამ სურთ გაიგონ, სინამდვილეში როგორი ადამიანია ის?
ის არის ძალიან თბილი, კეთილი და სულგრძელი ადამიანი და, რაც მთავარია, უზომოდ თავმდაბალი. ვფიქრობ, მისი პიროვნების ეს მხარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი, რომელსაც ასეთი მასშტაბის კარიერა და მსოფლიო აღიარება აქვს, მაინც ახერხებს შეინარჩუნოს უბრალოება და ადამიანური ბუნება.
ფიზიკურ სილამაზესთან ერთად, ვფიქრობ, ხალხს სწორედ მისი უბრალოება, სისადავე და სულიერი მშვენიერება ხიბლავს. ეს არის თვისებები, რომლებიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ფასობს და, ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ არ დარჩა სოფი ლორენი მხოლოდ ერთი ეპოქის კინოს ვარსკვლავად.
სწორედ ამიტომ ჩაიწერა მისი სახელი მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში ოქროს ასოებით – მსოფლიომ ის არა მხოლოდ გენიალური როლების, არამედ მისი დიდი ადამიანობის გამო შეიყვარა. მისი კარიერა უდავოდ უნიკალურია, თუმცა ჩემთვის, როგორც ოჯახის წევრისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის მიღმა დგას – თბილი, ყურადღებიანი, თავმდაბალი და ოჯახზე ძალიან მზრუნველი ქალი.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ – სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული
#OK! სოფი ლორენის და კარლო პონტის აკრძალული სიყვარულის ისტორია











