ახალი ერა, ტრანსფორმაცია, ძველი სისტემების ნგრევა – საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ეს ფრაზები ისმის. შეიძლება ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ტრენდის ან მარკეტინგის შედეგია, თუმცა მთლად ასეც არაა. სამყაროში ბევრი ცვლილებაა და ამის დასანახად განსაკუთრებული უნარები სულაც აღარაა საჭირო.
იყო დრო, როცა ყველა რუტინულად ცხოვრობდა – დაასრულებდა სკოლას, შემდეგ უნივერსიტეტს, დაიწყებდა მუშაობას, დაოჯახდებოდა და გავიდოდა პენსიაზე. ყველა მეტ-ნაკლებად ერთნაირ რიტმში და ერთი წესებით ცხოვრობდა. მორალური ჩარჩო და ადამიანების ქცევა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. იყო წესრიგი და მას ემორჩილებოდა უმრავლესობა. ეს დიდ გავლენას ახდენდა აღზრდაზეც – ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბავშვი ყოფილიყო ჩვეულებრივი. ინდივიდუალიზმის ყველა გამოვლინება ისჯებოდა.
ახლა ქაოსია, თან ყველაფერი შეგიძლია და თან ვერ ეწევი ცვლილებებს. ნებისმიერი ახალი ამბავი 2 წუთს ცოცხლობს, წესები და ქცევები თან ჩარჩოშია და თან არა – ბევრი რამეა ინდივიდზე დამოკიდებული და პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან დამძიმდა.
ამ ორ უკიდურესობას ერთი საერთო მარკერი აქვს – საკუთარ თავთან კავშირი ადამიანს ადრეც გაწყვეტილი ჰქონდა და ახლაც ასეა.
რატომ გახდა ტრანსფორმაციის აუცილებლობა – იმიტომ, რომ ძველი პროგრამები აღარ მუშაობს, გადაწყვეტილებები, რომლებიც ადრე სწორი გვეგონა, ახლა გვაბრკოლებს. ურთიერთობებში ისევ ერთსა და იმავე წრეზე დავდივართ, ვრეაგირებთ ძველებურად და ვიღებთ შედეგს, რომელიც აღარ გვაკმაყოფილებს.

ძველი პროგრამები – სიყვარული უნდა დავიმსახურო; ემოციები არ უნდა გამოვხატო; სხვების იმედები არ უნდა გავაცრუო; უარი არ უნდა ვთქვა; არ უნდა შემეშალოს; სხვისი სურვილი უპირატესია; თეთრი ყვავი ხომ არ ვიქნები; სადაც სხვა, იქაც მე; გულს არ აჰყვე, ტვინით იმოქმედე. ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ეს ის მოცემულობაა, როცა ადამიანის ინდივიდუალიზმი მეორეხარისხოვანია და მნიშვნელოვანი მხოლოდ გარემოს სურვილები და შეფასებებია. ადამიანის ფოკუსი არის გარეთ.
ახალი რეალობა – ქაოსურ გარემოში ყველაზე ძნელი წონასწორობის წერტილის პოვნაა. შეუძლებელი გახდა სიმყარის შენარჩუნება გარემოზე დამოკიდებულებაში. აქ აღმოვაჩინე, რომ თუ ჩემი თვითშეფასება და შინაგანი მთლიანობა სხვაზეა დამოკიდებული და ამ სხვამ გადაწყვიტა, რომ უბრალოდ აღარ ვჭირდები, ვინგრევი. აღარ ვიცი როგორ ვიცხოვრო, რას დავეყრდნო. სწორედ ამ დროს იწყებ ამ საყრდენების ძიებას საკუთარ თავში და იბადები თავიდან, ხდები ინდივიდი. შენი ფოკუსი გარედან შიგნით გადადის და აქ იწყება ყველაზე საინტერესო მოგზაურობა. აღარ გინდა სხვის სიყვარულსა და შეფასებაზე იყო დამოკიდებული – ამან თვითსიყვარულის აუცილებლობამდე მიგიყვანა და აღმოაჩინე, რომ თურმე შეიძლება საკუთარი თავი არ გიყვარდეს. თურმე სიძლიერე ემოციების დამალვა კი არა, მისი გამოხატვა ყოფილა. ამან მთლად დაგაბნია – არ იცი ეს როგორ გააკეთო. ბევრი გამოუთქმელი აზრი, იდეა, წყენა, ბრაზი დაგიგროვდა და შეწუხდი – თან გეუბნებიან, ფსიქოსომატიკა ირთვება და თუ არ გამოთქვამ, ბლოკად შეინახავს სხეული და მერე დაავადებად იქცევაო. ცოტა შეგეშინდა, მაგრამ აქ დისკომფორტი დიდად არ გაწუხებს – შიში ძალიან ნაცნობი ემოციაა, დიდი ხანია სხეულში გყავს მდგმურად და არც ის მიდის და შენც შეეჩვიე. ტვინში ცხოვრება შფოთს იწვევსო – აღარც კი გახსოვს, შფოთის გარეშე როდის ცხოვრობდი, შენია, მაგრამ უკვე ძალიან გაწუხებს. სხეულზე ზრუნვა აქამდე სწორი კვება-ვარჯიში და 6 თვეში ერთხელ ჩეკზე კლინიკაში მისვლა გეგონა – ახლა კი გარშემო ყველა სხეულებრივ ტექნიკებზე გელაპარაკება.
რამდენი ახალი რამე გაიგე – ფსიქოსომატიკა, სხეულებრივი ტექნიკები, მედიტაცია, ჩაკრები, ქვეცნობიერი, ტრანსგენერაციული ტრავმა, საგვარეულო პროგრამები, სისტემური განლაგება – ბევრი უცხო სიტყვა და გაურკვეველი განმარტებები.
ახალ ტერმინოლოგიებში ქექვისას გაარკვიე, რომ თურმე ჩვენი ცხოვრება ჩვენით არ იწყება. რომ ჩვენი შიშები, ურთიერთობები, არჩევანი და შეხედულებები მხოლოდ ჩვენს გამოცდილებას არ უკავშირდება. ოჯახში, რომელშიც გავიზარდეთ, სიყვარულს თავისი ენა ჰქონდა. შეიძლება სიყვარული ზრუნვით გამოიხატებოდა, მაგრამ გრძნობებზე საუბარი არავის შეეძლო. შეიძლება ყველა შრომობდა, ყველას უჭირდა და დასვენების უფლება თითქმის არავის ჰქონდა. შესაძლოა, ქალებს ასწავლიდნენ, რომ უნდა მოეთმინათ, კაცებს კი – ემოციების გამოხატვა სისუსტეაო.
არც პირველი ხარ და არც ბოლო, ვინც ძალიან ეცადა ამ პროცესისთვის ფეხი აეწყო. ხან წიგნებში იქექებოდი, ხან ხელოვნურ ინტელექტს ეკითხებოდი, უყურებდი პოდკასტებს, სოციალურ ქსელში შენი ალგორითმი მხოლოდ ტრანსფორმაციულ ვიდეოებს გიგდებს, რომელსაც მეგობრებს უზიარებ და მერე მსჯელობთ. ხან ხუმრობთ ამ თემებზე, ხანაც ჩაფიქრდები. შეიძლება ფიქრობ კიდეც, რომ ახალი ქაოსი დაიმატე. სადღაც მართალიც ხარ, ცოდნა, რომელიც მხოლოდ ცოდნად რჩება და ქმედება არ ახლავს, არაფერში გჭირდება.
ახალი რეალობა ძველი წესებით აღარ იქმნება, ცვლილება ყოველთვის გარედან არ იწყება. ზოგჯერ ის შინაგანი დისკომფორტით მოდის – განცდით, რომ ძველებურად აღარ შეგიძლია, მაგრამ ჯერ არც იცი, როგორ უნდა გააგრძელო. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა, რომელშიც საკუთარი თავი დაკარგე. სამსახური, რომელიც აღარ გაძლევს განვითარების შესაძლებლობას. მიზანი, რომლისკენაც დიდი ხანია მიაბიჯებ, მაგრამ გზაში საკუთარი სურვილები დაგავიწყდა. ან, უბრალოდ, დილა, როცა იღვიძებ და ხვდები, რომ ყველაფერი თითქოს რიგზეა, მაგრამ შენ თვითონ აღარ ხარ იქ, სადაც გინდა იყო. ასეთ დროს ხშირად ვცდილობთ, სწრაფად ვიპოვოთ პასუხი. ახალი მიზანი, ახალი გეგმა, ახალი მოტივაცია. პასუხის მისაღებად კითხვის სწორად დასმაა საჭირო. იქნებ პრობლემა ის კი არ არის, რომ საკმარისად კარგი არ ხარ, არამედ ის, რომ საკუთარ თავს მუდმივად სხვისი საზომით აფასებ? იქნებ მიზანი, რომლის მიღწევასაც ასე ცდილობ, სინამდვილეში შენი აღარ არის? იქნებ ის, რასაც ხასიათის ნაკლად მიიჩნევ, უბრალოდ, ემოციაა, რომლის გამოხატვაც არასოდეს გასწავლეს? ცვლილება იწყება მაშინ, როცა საკუთარ თავთან გულწრფელ საუბარს ვიწყებთ.

ტრანსფორმაციის პროცესი და ახალ რეალობაში გადასვლა სწორედ ქექვით და ცნობისმოყვარეობით იწყება. ამ პროცესმა შეყოლა იცის. თუმცა დგება დრო, როცა „ვიცი“ აღარ მუშაობს. პანიკის მეორე ტალღა აქ მოდის. ძველი წესები აღარ მუშაობს, მაგრამ საით წახვიდე, ჯერ არ იცი. თუ სადმე განმარტოვდები, ხმაურს მოშორდები, ან მედიტირებ, მშვიდად ხარ. მაგრამ საკმარისია რუტინას დაუბრუნდე, შფოთვა გეწყება და სულ გაქცევა გინდა. აქ უკვე დარწმუნებით იცი, რომ ძველი აღარაფერი მუშაობს და რაღაც უნდა შეცვალო – სხვა გზა, უბრალოდ, არ გაქვს.
თუ გეგონა, რომ საკუთარ ამბავს კითხულობდი, გილოცავ – შენ უკვე ტრანსფორმაციის პროცესში ხარ. შემდეგი ეტაპი შინაგან სიმშვიდესა და წონასწორობაში დაწერტილებაა. აი, აქ ხვდები, რომ მართლა უნიკალური ხარ და არა თეთრი ყვავი. რომ მხოლოდ შენ ხარ, ვინც გეხმარება და ისიც, ვინც ხელს გიშლის. საკუთარ თავთან დაზავდები და გარე ხმაური და ქაოსი შენზე გავლენას ვეღარ ახდენს. შენ ხდები შენ – უნიკალური, განსაკუთრებული და აღარც სიყვარულს სჭირდება დამსახურება, შიშსაც გაუსწორე თვალი და შეცდომებსაც, შენი თავდაჯერებულობა აღარაა სხვაზე დამოკიდებული, აღარ გიჭერს კონტროლის მარყუჟები და სიამოვნებით ხარ მინდობაში. ნუ გგონია, რომ ეს იდეალურად ჟღერს და ძნელი მისაღწევია. იმაზე გაცილებით იოლია, ვიდრე იმ გაუსაძლის ქაოსსა და ხმაურში ყოფნა, სადაც ახლა ხარ. მე გამომივიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენც გამოგივა.
თუ ჯერ ხმაურში საკუთარი ხმა არ გესმის, მაგრამ ყველა უჯრედით გრძნობ ცვლილებების აუცილებლობას, დაიწყე საკუთარი თავის მოსმენით. რა მაწუხებს? რისი მეშინია? რას ვაკეთებ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს ვასიამოვნო? რომელი გადაწყვეტილების მიღებას ვერ ვბედავ და რატომ? რას გავაკეთებდი, სხვების შეფასების შიში რომ არ მაკავებდეს? ეს კითხვები შეიძლება არასასიამოვნოც იყოს. საკუთარ თავთან კავშირი მხოლოდ ფიქრი არ არის. ეს არის იმის შემჩნევაც, რას ვგრძნობთ, როგორ ვრეაგირებთ, რა გვაბრაზებს, რა გვაშინებს, რა გვაძლევს ენერგიას და რა გვაცლის მას. როცა საკუთარ რეაქციებს ვაკვირდებით, ვიწყებთ იმის დანახვას, რომ ყოველთვის გარემო არ გვაიძულებს კონკრეტულ ქცევას. ზოგჯერ ჩვენს რეაქციას ძველი გამოცდილება ან ნაცნობი შიში მართავს. და სწორედ აქ ჩნდება არჩევანის შესაძლებლობა. შეიძლება ისევ შეგვეშინდეს, მაგრამ შიშმა აღარ გადაწყვიტოს ყველაფერი ჩვენ ნაცვლად. შეიძლება ვიღაცის აზრი არ მოგვწონდეს, მაგრამ საკუთარი ღირებულება ეჭვქვეშ აღარ დავაყენოთ. შეიძლება შეცდომა დავუშვათ და ამის გამო საკუთარი თავი აღარ დავამციროთ.
შეგიძლია, უბრალოდ, ერთხელ მაინც შეაჩერო საკუთარი ავტომატური რეაქცია და ჰკითხო საკუთარ თავს: „ეს ნამდვილად მე ვარ თუ, უბრალოდ, ასე ვისწავლე?“ შეიძლება პასუხი მაშინვე ვერ იპოვო. მაგრამ თავად კითხვა უკვე ქმნის სივრცეს ძველ ჩვევასა და ახალ არჩევანს შორის. და ზოგჯერ სწორედ ეს მცირე სივრცეა საჭირო იმისთვის, რომ სხვანაირად მოიქცე, სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო და ნელ-ნელა სხვა რეალობაც შექმნა. სამყარო იცვლება. ჩვენც ვიცვლებით, მაშინაც კი, როცა ამას ვერ ვამჩნევთ. მთავარია, ეს ცვლილება მხოლოდ გარემოს გავლენით არ მოხდეს. ვისწავლოთ საკუთარი თავის მოსმენა, გავიაზროთ ჩვენი ძველი პროგრამები და გავბედოთ იმის გადახედვა, რაც აქამდე უცვლელ ჭეშმარიტებად მიგვაჩნდა. იმიტომ, რომ ცვლილება ყოველთვის საკუთარი თავის თავიდან შექმნას არ ნიშნავს. ზოგჯერ ის, უბრალოდ, საკუთარი თავის უკეთ გაცნობას და იმ ადამიანთან დაბრუნებას ნიშნავს, რომელიც წლების განმავლობაში სხვების მოლოდინებში, შიშებსა და ვალდებულებებში დაიკარგა. იქნებ ახალი ერა სწორედ აქ იწყება – იქ, სადაც საკუთარ თავთან ურთიერთობას თავიდან ვსწავლობთ. ხომ გახსოვს, ცვლილებების გზაზე მე შენი მეგზური ვარ.
ტექსტი: ქეთო ლომსაძე
ფოტო: ალექსეი სეროვი











