მოგესალმებით!
შემოდგომის მიწურულს ნოემბრის ბიუთი ბლოგს რას მივუძღვნიდი, თუ არა ჩემთვის ყველაზე ფასეულ და სასარგებლო კოსმეტოლოგიურ პროცედურას – კანის ქიმიურ პილინგს? ახლა სწორედ შესაბამისი დროა, რომ კოსმეტოლოგიურ კაბინეტებს მიაშუროთ და ამ ძალიან საჭირო პროცედურის ჩატარებას შეუდგეთ.
სანამ უშუალოდ პროცედურის დახასიათებას შევუდგები, აქვე აღვნიშნავ, რომ მე, როგორც კოსმეტოლოგი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ძალიან ძლიერი და აგრესიული ქიმიური პილინგების, რომელიც ზოგჯერ კანის დამწვრობასაც კი იწვევს. კანს, ჩვენი ორგანიზმის უფაქიზეს ნაწილს, სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და ისეთი ძლიერმოქმედი პროცედურა, როგორიც კანის ქიმიური პილინგია, სიფრთხილით ჩავიტაროთ. ქიმიური პილინგი უნდა მოიცავდეს დაბალანსებული მჟავა კოქტეილების რამდენიმე პროცედურისგან შემდგარ კურსს. ერთი და ძლიერი არ არის გამოსავალი, პირიქით, დამღუპველია.
მაშ ასე, დავიწყოთ.
ქიმიური პილინგი დიდი ეფექტით, ხაზგასმული შედეგითა და მრავალფეროვანი სიკეთეებით ხასიათდება. ქიმიური პილინგი არის პროცედურა, რომლის დროსაც მჟავა-კოქტეილი რამდენიმე წუთის განმავლობაში ნაწილდება სახეზე ან მის რომელიმე ზონაზე, უმეტეს შემთხვევაში თვალების ირგვლივ არესა და ტუჩების გამოკლებით, შემდეგ კი ჩამოიბანება ოთახის ტემპერატურის ან ცივი წყლით. ასეთია თავად პროცედურა, რომელიც, როგორც წესი, დისკომფორტის შემცველია, რადგან მჟავების ნაკრებისგან შედგენილი კოქტეილი, ჩვეულებრივ, მწველია, მაგრამ ჩამობანვის შემდეგ მაქსიმუმ 5 წუთში დისკომფორტი ქრება.
რა სიკეთეები ახლავს პილინგს?
პირველ რიგში, ქიმიური პილინგი არის უნიკალური პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს კანის სრულყოფილ ეპიდერმულ წმენდას. ქიმიური პილინგის საშუალებით იწმინდება კანი მკვდარი, ეპიდერმისში ჩაკირული უჯრედებისგან, მათგან სრულყოფილად თავისუფლდება და ადგილს უთმობს მკვდარი უჯრედების ქვეშ მოყოლილ ახალ, ქორფა უჯრედებს.
ქიმიურ პილინგს აქვს ხაზგასმით გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. აი, თავადაც დაფიქრდით, წარმოიდგინეთ სტატიკური ანუ ჩატეხილი ნაოჭი, რომელიც გადატვირთულია მკვდარი უჯრედებით. პილინგი ამოასუფთავებს ნაოჭს და ახალგაზრდა უჯრედების გამოთავისუფლების ხარჯზე ნაოჭი ხდება უფრო გლუვი და ნაკლებად შესამჩნევი.
ამგვარად, ქიმიური პილინგის კურსის სწორად ჩატარების შედეგად ვიღებთ გაწკრიალებულ, ვარდისფერ, ჯანსაღ, გაახალგაზრდავებულ და ლამაზ კანს.

ქიმიურ პილინგს აქვს კიდევ ერთი უდიდესი მადლი და სწორედ ამ თვისების გამო, ჩემი კანი უბრალოდ ვერც წარმომიდგენია ამ პროცედურის გარეშე. შეიძლება მიხვდით კიდეც, რაზეა საუბარი. ქიმიური პილინგი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, AHA, BHA, PHA (ალფა, ბეტა და პოლი ჰიდროქსიდმჟავები) მჟავა-კოქტეილებით არის წარმოდგენილი, ჰაერივით სჭირდება ცხიმიან და კომბინირებულ კანებს. შეიძლება შინ მოვლის საშუალებებში საკმაოდაც გაჯერებულია რუტინული პროდუქტები მჟავებით, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, კანის სრულყოფილი მოვლისთვის მხოლოდ საშინაო ზრუნვა არაა საკმარისი. ქიმიურ პილინგს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტოლოგიურ კაბინეტში სპეციალისტის მიერ ტარდება, არ აქვს ალტერნატივა და უდიდეს საჭიროებას წარმოადგენს ცხიმიანი/კომბინირებული კანის ტიპებისთვის, რათა მჟავების ზემოქმედებით შემცირდეს კანქვეშა ცხიმოვანი ჯირკვლების გადამეტებული აქტივობა. გარდა ამისა, მჟავებმა მაქსიმალურად უნდა შთანთქოს ფორებში აკუმულირებული ცხიმი და ამით მოახდინოს მათი კომედონებად და შემდეგ უკვე აკნეს კერებად გადაქცევის პრევენცია. ქიმიური პილინგი ძალიან, ძალიან უხდება აკნესკენ მიდრეკილ კანს, რადგან აქვს ანტიანთებითი, აკნეს საწინააღმდეგო მოქმედება, ხშირ შემთხვევაში, ადვილად უმკლავდება ანთებით კერებს, კომედონების, პუსტულების კერებს და სწორედ ამიტომ კანის ღრმა წმენდის შემდეგ ყოველთვის ძალიან სასარგებლოა ქიმიური პილინგის პროცედურის ჩატარება. ეს ორი პროცედურა ავსებს ერთმანეთს და წარმოადგენს იდეალურ დუეტს კანის ეპიდერმული მოვლისთვის.
ქიმიური პილინგი სჭირდება აბსოლუტურად ყველა ტიპის კანს, ხოლო თუ რომელ კანს რა სახის, – ამას ადგენს კოსმეტოლოგი. ცხადია, რომ სხვადასხვა ტიპის კანზე ერთმანეთისგან მჟავის შემცველობის პროცენტულობით და PH დონით განსხვავებული მჟავა-კოქტეილები გამოიყენება.
იმედი მაქვს, ჩემი ნოემბრის ბლოგი გამოგადგებათ პილინგების სწორად დაგეგმვაში.
პატივისცემით,
თაკო გვაზავა
ჟურნალი OK!-ს ბიუთი რედაქტორი











