ჯერ მოგზაურობას უგეგმავდა სხვებს, მერე საკუთარი თავის ძიება და ადამიანის ბუნების კვლევა დაიწყო. ახლა საავტორო პროგრამა აქვს და გამოღვიძების მსურველებს გრძელ და ყველაზე საინტერესო თავგადასავალში გაძღოლას სთავაზობს. ერთი სიამოვნებაა მასთან საუბარიც და თერაპიაზე ყოფნაც. დღეს, როცა გარე ხმაურში საკუთარი ხმა საერთოდ აღარ გვესმის, ყველაზე მნიშვნელოვანი თუნდაც წამიერად შეჩერება და შიგნით შეხედვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მარი ბეკურიშვილი: ჩემს ცხოვრებას ორ ნაწილად ვყოფ. წინა ცხოვრებაში იყო ბევრი ილუზია, წარმოსახვები, წარმოდგენები, კარგი გოგო ვიყავი, კარგი ცხოვრება მქონდა. ახალი მარი ცხოვრობს თავისი ცხოვრებით და ცდილობს სხვებსაც დაეხმაროს. ადრე მომავლით ვცხოვრობდი, ყველაფერი დაგეგმილი მქონდა, ახლა ახლანდელით ვცხოვრობ. სწორედ ამაში ვეხმარები სხვებსაც – გათავისუფლდნენ ილუზიებისგან, იყვნენ ნამდვილები და, რაც მთავარია, ბედნიერები.

გამოღვიძება mountaineering
მეც სხვებივით ბრმად, მშობლის რჩევით ავირჩიე ფილოსოფიის ფაკულტეტი და ბევრი წლის მერე მივხვდი, რომ შემთხვევით სამყაროში არაფერი არ ხდება. მერე გავაგრძელე სწავლა კულტუროლოგიის ფაკულტეტზე. ამანაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ფორმირებაში. მერე იყო ბევრი წელი ტურიზმში – ადამიანებს ვუგეგმავდი მარშრუტს, მიმართულებას. მაშინაც ყურადღებით ვუსმენდი ადამიანებს და მათ ინტერესებს ვუსადაგებდი ჩემს რჩევებს და ისინიც მენდობოდნენ. ახლაც, ფაქტობრივად, იმავეს ვაკეთებ – საკუთარი თავისკენ მიმავალ ყველაზე საინტერესო მოგზაურობაში ვარ ადამიანების გამძღოლი.
Rebirth – არის სივრცე მათთვის, ვინც მზადაა დაუბრუნდეს საკუთარ სინამდვილეს, ხელახლა ცნობიერად „დაიბადოს“ სიმართლესა და სიყვარულში.
ჩემი საქმიანობის ინტეგრირებული მეთოდი აერთიანებს: NLP-ს, ერიქსონის ქოუჩინგსა და ჰიპნოთერაპიას, ანტროპოსოფიულ არტთერაპიასა და მოძრაობით პრაქტიკებს, ჰელინგერის ოჯახურ სისტემურ განლაგებებს, გიდირებულ და თავისუფალ მედიტაციებს. ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს ჩემი მრავალწლიანი კვლევა ადამიანის სულისა და ცნობიერების შესახებ – ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ანტროპოსოფიის, კულტუროლოგიისა და ანტროპოლოგიის შემეცნების გზით. ეს მაძლევს საშუალებას, ადამიანთან მუშაობისას დავინახო მთლიანობა – სხეული, სული, ბიოგრაფია და კარმული შრეები ერთად.
როცა ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების აუცილებლობის ეტაპი დგება, ხშირად გაუცნობიერებელ შიშს ვგრძნობთ. ეს შიში ჩვენს განწყობაზეც აისახება – ვკარგავთ ინტერესს, გვიპყრობს მოწყენილობა და თითქოს ყველაფერს ეკარგება მნიშვნელობა. შემდეგ კი გაუცნობიერებლად ვწელავთ ცვლილების დაწყებას. ვაყოვნებთ ნაბიჯის გადადგმას და ისევ იმ ცხოვრებას ვაგრძელებთ, რომელშიც მანამდე ვცხოვრობდით – მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ ცხოვრებამ უკვე დაკარგა აზრი და მოსაწყენი გახდა.
ამ დროს ხშირად ვიწყებთ მოწყენილობის გადაფარვას: ვიგონებთ ახალ გასართობებს, ვიტვირთებით საქმეებით, ვეძებთ ახალ შთაბეჭდილებებს… თითქოს პრობლემა თავად მოწყენილობა იყოს. მაგრამ, როცა ხმაური ჩერდება და საკუთარ თავთან მარტო ვრჩებით, ისევ ის სიცარიელე გვხვდება.
ამიტომ, როცა იგრძნობთ მოწყენილობას, როცა შეამჩნევთ, თუ როგორ ცდილობთ თქვენი ცხოვრება როგორმე „გაახალისოთ“ და ათასგვარი აქტივობით გადაფაროთ შინაგანი უკმაყოფილება, იხელთეთ ის მშვიდი მომენტი, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩებით და ჰკითხეთ მას: რომელ ცვლილებაზე ვამბობ უარს? რა არის ის, რაც ჩემს ცხოვრებაში უკვე დასრულდა, მაგრამ მე ჯერ ისევ ვაგრძელებ? რა უნდა შევცვალო, რომ ჩემი ცხოვრება კვლავ ცოცხალი და აზრიანი გახდეს?
მოწყენილობა ყოველთვის უბრალოდ მოწყენილობა არ არის. ზოგჯერ ის ჩვენი შინაგანი ცხოვრების გზავნილია: დროა, რაღაც შეიცვალოს!
შესაძლოა ფიზიკურად გვღვიძავს, მაგრამ თუ შინაგანად გვძინავს, ამას ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ. ასეთ დროს ადამიანებს, მოვლენებსა და სამყაროს სწორად ვეღარ აღვიქვამთ და მათზე ნათელი, პოზიტიური ხედვა არ გაგვაჩნია. რეალობას არასწორად აღვიქვამთ და შესაბამისად, არასწორადაც განვმარტავთ, რაც ტკივილის, ტანჯვის წყაროდ იქცევა. გონებრივ და ემოციურ ტკივილს ბუნებრივ მდგომარეობად მივიჩნევთ და გვგონია, რომ ამ ტკივილზე პასუხისმგებელი სხვა ადამიანები, ჩვენი ახლობლები ან გარემოებები არიან. ამის მიზეზი ის მცდარი რწმენებია, რომლებსაც შინაგანად ვატარებთ. მათ შორის ყველაზე ფუნდამენტურია რწმენა, რომ მხოლოდ ფიზიკური სხეული ვართ და არა სულიერი არსებები – სულები.
მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს უხილავი, შინაგანი ტკივილი აუტანელი ხდება, ვიწყებთ გამოსავლის ძიებას ან ვხვდებით, რომ საკუთარ თავში რაღაც უნდა შევცვალოთ. ადამიანების უმეტესობა მთელ ცხოვრებას შინაგანი ძილის მდგომარეობაში ატარებს და სწორედ ამიტომაც ცხოვრობს ტკივილში.

შინაგანი გამოღვიძება იწყება მაშინ, როდესაც ვაცნობიერებთ სხეულთან იდენტიფიკაციაზე დაფუძნებულ მცდარ რწმენებს და აღარ გვეშინია მათი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების. როგორც კი ამას ვაკეთებთ, ჩვენი ტკივილი თანდათანობით იკლებს. შემდეგ სრულიად ბუნებრივად გვიჩნდება სურვილი, სხვებიც გავაღვიძოთ, რათა ისინიც გათავისუფლდნენ საკუთარი ტკივილისგან.
დღევანდელი პერიოდი კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებულია. ერთი მხრივ, მრავალი ადამიანის შინაგანი ძილი სულ უფრო ღრმავდება; სხეულთან იდენტიფიკაცია ძლიერდება და სამყაროში ტკივილიც მატულობს. მეორე მხრივ კი, შინაგანი გამოღვიძების ძლიერი ტალღა სულ უფრო მეტ ადამიანს მოიცავს. უფრო და უფრო მეტი სული იღვიძებს თავისი ღრმა ძილისგან, იძენს სულის ცნობიერებას და სხვებსაც ეხმარება ამავე ცნობიერების გაღვიძებაში.
ეს ისეთი დროა, როდესაც გვიანი ღამე და ადრიანი დილა ერთდროულად არსებობს. დრო ერთი და იგივეა, მაგრამ უმრავლესობისთვის ჯერ კიდევ ღრმა ღამეა, ხოლო მცირერიცხოვანი ნაწილისთვის უკვე გათენდა – დადგა გაღვიძების დრო. ასეთი ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მათ ცხოვრებაში ბედნიერება უფრო მეტად მყარდება, რადგან მათი ცნობიერების ცვლილება ცხოვრების მიმართ არსებითად ახალ რწმენებს აყალიბებს.
ორივე ჯგუფის ადამიანებს შეიძლება მსგავსი გარემოებები და მსგავსი ადამიანები ჰყავდეთ ცხოვრებაში, მაგრამ მეორე ჯგუფში შინაგანი რწმენების გარდაქმნა მათ საშუალებას აძლევს, ნებისმიერ ვითარებაში შინაგანი სტაბილურობა შეინარჩუნონ, გათავისუფლდნენ ტკივილისა და ემოციური სისუსტისგან. რამდენად თავისუფლები იქნებიან ისინი, სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ღრმაა მათში ცნობიერების ეს გარდაქმნა.

ხშირად დაუსვი საკუთარ თავს კითხვა, რას ვგრძნობ ახლა? და გულისყურით მოუსმინე მას.
მარტივ ტექნიკას გასწავლით – რასაც არ უნდა აკეთებდე, გახსენი, მოადუნე შუბლი და დააკვირდი, როგორ იცვლება შენი განწყობა. ეს არის ყველაზე მარტივი ქმედება, რაც შეგიძლია შენთვის გააკეთო. როცა ჩვენი ფიქრები ქრის ხარ წარსულში და ხარ მომავალში, როცა აქ და ახლა არ ვართ – შუბლი, კუნთები დაჭიმულია. შუბლს ადუნებ და ეგრევე დამკვირვებელი ხდები. ამას რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ, ნელ-ნელა ჩვენი განწყობა მთლიანად შეიცვლება. როგორი განწყობაც გვაქვს, ისეთია ჩვენი ცხოვრებაც.
ტექსტი: ქეთო ლომსაძე
ფოტო: ალექსეი სეროვი












