ფსიქოლოგ კატო ებანოიძის პროფესიული გზა ადამიანის შინაგანი სამყაროს შეცნობის სურვილით დაიწყო. ფსიქოლოგიის არჩევამდე მისი ინტერესის სფერო ხელოვნება იყო: წერა, მსახიობობა, ცეკვა და სიმღერა. დროთა განმავლობაში კატო მიხვდა, რომ ადამიანებზე გავლენის მოხდენა არა მარტო ხელოვანს, არამედ როგორც ფიქოლოგსაც, შეეძლო. დღეს კატო კლინიკური ფსიქოლოგისა და ფსიქოკონსულტანტის მიმართულებით ზრდასრულებსა და მოზარდებთან მუშაობს. მისი პროფესიული გამოცდილება ბავშვებთან მუშაობასაც მოიცავს. ასევე აქვს არტთერაპიისა და აკადემიური კვლევების გამოცდილება. კარიერული გზა მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იმითაც არის, რომ პროფესიული განვითარება დედობასთან ერთად გააგრძელა. ორი შვილის დედა გახდა იმ პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ სწავლის პროცესში იყო, თუმცა არც განათლებასა და არც საკუთარ პროფესიულ მიზნებზე უარი არ უთქვამს. დღეს კატო უკვე საკუთარ წიგნზე, „გასაღებზე“, მუშაობს, რომელიც მისთვის პირად გამოცდილებასა და რთული პერიოდის გადალახვასთან არის დაკავშირებული. პარალელურად, სამომავლოდ საკუთარი სივრცის შექმნას გეგმავს, სადაც ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა რეკრეაციულ-თერაპიულ მიდგომებთან იქნება გაერთიანებული. მისთვის პროფესიული წარმატება მხოლოდ მიღწეული შედეგებით არ განისაზღვრება, ეს არის მუდმივი განვითარება, საკუთარ მიზნებზე უარის ართქმა და იმ გზის გაგრძელება, რომელსაც ადამიანი ხშირად უხილავი შრომისა და არაერთი სირთულის გავლით თავად ქმნის.
რატომ დაინტერესდით ფსიქოლოგიით და რა როლი ითამაშა ხელოვნებისადმი ინტერესმა პროფესიის არჩევაში?
სანამ საბოლოოდ ფსიქოლოგიას ავირჩევდი, ადამიანის შინაგანი ბუნების კვლევა და მისი სიღრმისეული გაგება სწორედ ხელოვნებამ და სამსახიობო სფეროსადმი ინტერესმა მასწავლა. ხელოვნება – წერა, სამსახიობო ოსტატობა, ცეკვა თუ სიმღერა – ჩემთვის, პირველ რიგში, საკუთარი თავისა და სამყაროს გაცნობის გზა იყო.
ბავშვობიდან მქონდა ერთი დიდი ოცნება: მინდოდა სცენიდან შემეცვალა ადამიანების ცხოვრება. ვოცნებობდი, დარბაზში თუნდაც ერთი მაყურებელი დამეფიქრებინა, მისთვის რაიმე ღირებული ბიძგი მიმეცა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს სურვილი არსად წასულა, უბრალოდ, ფორმა იცვალა – დღეს ამას ჩემს კაბინეტში ვაკეთებ. ამასთანავე, ბავშვობიდან ბუნებრივად გამომდიოდა ადამიანების მოსმენა, მათი ტკივილის გაზიარება და ემპათიური თანაგრძნობა. ჩემთვის ფსიქოლოგობა გარკვეულწილად დეტექტივობას ჰგავს: შენ აგროვებ ათასგვარ მონაცემს, დეტალურად აკვირდები ადამიანის სხეულის ენას, მიმიკას, ხმის ტემბრს, სიტყვებს შორის არსებულ პაუზებს და ამ მთლიანი, სიღრმისეული ანალიზით ხსნი რთულ „ქეისს“– ეხმარები ადამიანს, ამოხსნას საკუთარი შინაგანი თავსატეხი.
პირველი გამოცდილება სკოლის ფსიქოლოგობისას მიიღეთ, პარალელურად კი არტთერაპიის მიმართულებითაც მუშაობდით. როგორ გახსენდებათ კარიერის ეს ეტაპი და რა ისწავლეთ მაშინ, რაც დღეს თქვენს საქმიანობაში გადგებათ?
არტთერაპიაზე მუშაობამ და ბავშვებთან ურთიერთობამ დამანახა ის პირველსაწყისი, საიდანაც რეალურად იწყებს ფორმირებას ადამიანის ფსიქიკა. სწორედ მაშინ ვისწავლე ღრმა ინდივიდუალური მიდგომა, რადგან ყოველდღიურად მიწევდა ურთიერთობა არა მხოლოდ ბავშვებსა და მოზარდებთან, არამედ კოლეგებთან და, რაც ყველაზე მთავარია, მშობლებთან. ჯერ კიდევ საბაკალავრო ნაშრომში ვიკვლევდი ოჯახის ფუნქციონირებას ორი თაობის მაგალითზე და იმას, თუ როგორ მოქმედებს აღზრდის სტილი ცვლილებებზე. ხოლო ჩემს სამაგისტრო კვლევაში, რომელიც ბავშვობის ტრავმის გავლენას ეხებოდა ზრდასრულ ასაკში ფსიქოსომატური სიმპტომების გამოვლენაზე, კიდევ უფრო სიღრმისეულად დავინახე ეს კავშირი. როგორც ზიგმუნდ ფროიდი იტყოდა: „ფსიქოთერაპია ყველას სჭირდება, ვისაც მშობელი ჰყოლია“. ამ გამოცდილებამ და კვლევამ მიჩვენა ორი უმთავრესი რამ, რასაც დღეს ჩემს პრაქტიკაში ეყრდნობა ჩემი საქმიანობა: პირველი – სხეული და გონება ერთიანი სისტემაა და ბავშვობის ემოციური იარები ზრდასრულობაში სხეულის ენით „ლაპარაკობენ“; და მეორე – ფსიქოთერაპიაში მიმდინარე აქტიური ჩართულობა საგრძნობლად ამცირებს ამ სიმპტომების ინტენსივობას. სკოლასა და არტთერაპიაში მიღებულმა პრაქტიკამ მასწავლა პროცესის ნდობა, მოთმინება და იმის დანახვა, თუ როგორ შეუძლია თერაპიას ადამიანის ცხოვრების ხარისხის ფუნდამენტურად შეცვლა.
დღეს უკვე კლინიკური ფსიქოლოგისა და ფსიქოკონსულტანტის მიმართულებით მუშაობთ. მოგვიყევით ამ მიმართულებით თქვენი საქმიანობის შესახებ.
ჩემი პროფესიული საქმიანობა მოიცავს როგორც კლინიკურ ფსიქოლოგიას, ისე ფსიქოკონსულტირებას. ვმუშაობ როგორც პირისპირ, თერაპიულ სივრცეში, ასევე ონლაინფორმატში, რაც საშუალებას მაძლევს, გეოგრაფიული შეზღუდვების გარეშე დავეხმარო ადამიანებს. მორგებული და ეფექტიანი თერაპიული პროცესისთვის მუდმივად ვცდილობ ვისწავლო ახალი ინსტრუმენტები. ღრმად მწამს, რომ თითოეული ადამიანი სრულიად უნიკალურია, შესაბამისად, შაბლონური მიდგომები ფსიქოლოგიაში არ მუშაობს. რაც უფრო მეტ ტექნიკას ფლობ და რაც უფრო მრავალფეროვანი ქეისების გამოცდილება გაქვს, მით უკეთ ახერხებ, თერაპიული ფორმატი კონკრეტულ ადამიანსა და მის ინდივიდუალურ საჭიროებებს მოარგო.

ხშირად საუბრობთ ადამიანის შინაგან რესურსზე. თქვენი გამოცდილებით, რა უშლის ადამიანს ყველაზე ხშირად ხელს, რომ საკუთარი შესაძლებლობები დაინახოს და გამოიყენოს?
ამ კითხვაზე ფიქრისას პირველი, რაც მახსენდება, ფილმი „შავი გედის“ ცნობილი ფრაზაა: „ერთადერთი ადამიანი, ვინც შენს გზაზე გეღობება, თავად შენ ხარ“. ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში თითქმის ყოველდღიურად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ „გაჭედილები“ არიან. დაკვირვებამ მიჩვენა, რომ ეგოს გამო ხშირად გარეთ ვეძებთ მიზეზებს და გარემოებებს ვალაგებთ დაბრკოლებად, თუმცა რეალურად, ადამიანი გაურბის არა ცვლილებას, არამედ დაკარგვის შიშს. თერაპიაში „ხელახლა დაბადება“ ჩემთვის არ არის უბრალოდ პოზიტიური აზროვნება. ეს არის სიმამაცე, ჩახვიდე საკუთარ შიშებში, დაასრულო ძველი იდენტობა და ამ ფერფლიდან ააშენო ახალი, უფრო მედეგი „მე“. ჩემი, როგორც თერაპევტის, ამოცანაა, დავეხმარო ადამიანს საკუთარ თავთან შეხვედრაში – იქ, სადაც მარტოობა აღარ არის სიცარიელე, არამედ საკუთარი ამოუწურავი შინაგანი რესურსების აღმოჩენის დასაწყისია.
თქვენი კარიერული გზა არც მაშინ გაჩერებულა, როცა ორი შვილის დედა გახდით. როგორ ახერხებდით პროფესიულ განვითარებას და რა გეხმარებოდათ, რომ ამ გზაზე არ გაჩერებულიყავით?
ჩემი მთავარი „გასაღები“ მკაფიო მიზანი, დისციპლინა და უპირობო სიყვარულია. უპირველეს ყოვლისა, ჩემი პატარები არიან ჩემი უდიდესი მოტივაცია – მინდა მათთვის ვიყო მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა გაჩერდნენ არასდროს, როგორ აირჩიონ საკუთარი თავი და როგორ არ „დაიპატარაონ“ საკუთარი მიზნები თუ რესურსები არავის და არაფრის გამო. როდესაც პირველი შვილი შემეძინა, ბაკალავრიატის ნაწილი ონლაინ დავამთავრე, რაც ძალიან გამომადგა. მაგისტრატურაზე სწავლისას კი უკვე მეორე პატარა მყავდა. რა თქმა უნდა, ეს პერიოდი უზარმაზარ შრომასა და სირთულეებთან იყო დაკავშირებული – ხშირად ღამით ვმეცადინეობდი, ცალი ხელით შვილს ვაჭმევდი, მეორით ვსწავლობდი. თუმცა, ამ დაუღალავი შრომის შედეგად, ყველა სემესტრში ვახერხებდი სტიპენდიის აღებას. ჩემს სწავლისა და შემეცნების სიყვარულში გადამწყვეტი როლი მამაჩემს უკავია – სწორედ მან გამიღვივა ჯერ კიდევ ბავშვობაში ცნობისმოყვარეობა, ემპათია და სიყვარულის უნარი. ხოლო იმ მომენტებში, როდესაც დაღლილობისგან მავიწყდება, ვინ ვარ, ან თითქოს დანებებას ვაპირებ, ჩემი ოჯახი და მეგობრები არიან ის საყრდენი, ვინც, უბრალოდ, არ დამაცდის ხოლმე გაჩერებას.
რას მოაქვს წარმატება?
წარმატებისკენ მიმავალი პირდაპირი ლიფტი არ არსებობს – ერთადერთი გზა საფეხურების სათითაოდ ავლაა. ყოველთვის ბამბუკის მაგალითი მახსენდება: წლების განმავლობაში ის მიწის ზემოთ თითქმის არ იზრდება და თითქოს არაფერი ხდება, თუმცა ამ დროს უძლიერეს ფესვთა სისტემას ავითარებს, შემდეგ კი ნახტომისებურად იწყებს ზრდას. თუ გარკვეულ ეტაპზე ხილულ შედეგს ვერ ხედავთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პროცესი გაჩერებულია. წარმატებული ადამიანები სულაც არ არიან ისინი, ვინც არასდროს აგებენ. წარმატება მოაქვს დამარცხების შემდეგ კვლავ ცდის სიმამაცეს. სოციალური ქსელების მიღმა კი უამრავი მარცხი, დაუღალავი შრომა, ცრემლი და საკუთარ თავთან მოგებული უხილავი ბრძოლა დგას.
ახლა წიგნზე მუშაობთ, რომელსაც „გასაღები“ ჰქვია. როგორ გაჩნდა მისი დაწერის იდეა და რატომ გახდა თქვენთვის მნიშვნელოვანი სწორედ ამ თემაზე საუბარი?
ამ წიგნზე მუშაობა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდს უკავშირდება. სწორედ მაშინ წერა გახდა ჩემი გადარჩენის მთავარი ინსტრუმენტი და საკუთარ თავში სიღრმისეული მოგზაურობის საშუალება. მთელი ცხოვრება მეგონა, რომ გასაღები სადღაც შორს უნდა მეპოვა, თუმცა ამ წიგნზე მუშაობისას მივხვდი, რომ მთავარი გასაღები თავად საკუთარი თავია. საკუთარ თავში მოგზაურობისას ხშირად ვიკარგებოდი და ვცდილობდი ისეთი კარების გაღებას, რომლებიც რეალურად არასოდეს ყოფილა დაკეტილი. ხანდახან ახალი გასაღების ჭედვა საერთოდ არ იყო საჭირო – უბრალოდ, ურდული უნდა ჩამომეწია. ეს წიგნი იქნება მოგზაურობა კომფორტის ზონიდან ქაოსისკენ, საიდანაც საბოლოოდ საკუთარ თავს იპოვი. მკითხველს მზა პასუხებს ვერ შევპირდები, თუმცა ვთავაზობ, დააკვირდნენ სწორ შეკითხვებს – პასუხებს კი თავად იპოვიან.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
უახლოესი და ჩემთვის ყველაზე ემოციური გეგმა წიგნ „გასაღების“ პრეზენტაციაა. უზომოდ მინდა, რომ ეს წიგნი ადამიანებისთვის იყოს არა უბრალოდ საკითხავი, არამედ პრაქტიკული, გამოსადეგი გზამკვლევი და თავშესაფარივით უსაფრთხო სივრცე. აკადემიური კუთხით უახლოეს წლებში აუცილებლად ვგეგმავ დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებასა და კვლევით საქმიანობას. გარდა ამისა, ვმუშაობ საკუთარი სივრცის შექმნის კონცეფციაზე, სადაც გაერთიანდება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა რეკრეაციულ-თერაპიული დატვირთვით. ჩემი უმთავრესი მისია უცვლელია: ადამიანი ჩემთვის უმაღლესი ღირებულებაა. მინდა მუდამ ვიყო მათი გზამკვლევი იმ ტრანსფორმაციულ პროცესებში, რომლებიც ახალ შესაძლებლობებამდე მიიყვანთ.
ტექსტი: თათია ხარაიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი












