ქოულ სპრაუსი 28 წლის ამერიკელი, წარმოშობით კი იტალიელი მსახიობია, რომელიც ფართო საზოგადოებამ Disney Channel-ის სერიალ The Suite Life of Zack & Cody-ში შესრულებული როლით გაიცნო. ადრეულს ასაკში ქოული ტყუპისცალ ძმასთან, დილანთან ერთად არაერთ წარმატებულ პროექტში გამოჩნდა, რამაც მათი შემდგომი კარიერული წინსვლა განაპირობა.
დისნეის არხზე რამდენიმეწლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ ვარსკვლავურმა ძმებმა გარკვეული დროით საყვარელ საქმიანობას თავი დაანებეს და განათლების მიღება გადაწყვიტეს.
კოლეჯში სწავლის პერიოდში ახალგაზრდა ქოული დაკავებული იყო არქეოლოგიური საქმიანობით, პარალელურად კი დაინტერესებული იყო ფოტოგრაფიით. როგორც თავად მსახიობი აღნიშნავს, ძმებს მსახიობობა დედამ გადააწყვეტინა, როდესაც მათ ოჯახს ეკონომიკურად ძალიან უჭირდა.
ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ქოულ და დილან სპრაუსები ერთმანეთს ძალიან გავდნენ, მაყურებელს კი მათი ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან უჭირდა. დაბნეული აუდიტორიის პარალელურად, ვარსკვლავური ძმების განსხვავებას ვერც კოლეჯის პროფესორები ახერხებდნენ. როგორც დილანი და ქოული იხსენებენ, გამოსაშვებ საღამოზე მათ ადგილები გაცვალეს და საბოლოოდ ერთმანეთის დიპლომები აიღეს.
განათლების მიღებისა და უამრავი საინტერესო გამოცდილების შემდგომ ქოულმა გადაწყვიტა საყვარელი საქმიანობა გაეგრძელებინა და მაყურებლის წინაშე სერიალ Riverdale-ში შესრულებული ჯაგჰედ ჯონსის პერსონაჟით წარსდგა.
28 წლის მსახიობმა გასულ წელს ინტერნეტ სამყაროსგან პაუზა აიღო, რის გამოც სოციალურ მედიაში იშვიათად ჩნდებოდა. ამჟამად შემსრულებელმა ინტერვიუ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ გამოცემასთან, Vogue-თან ჩაწერა. წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო და ბევრისთვის აქამდე უცნობ დეტალებს მსახიობის უახლესი ინტერვიუდან.
რა არის ის, რაც ბევრმა ადამიანმა არ იცის ბავშვების შესახებ, რომლებიც სამსახიობო კარიერას ადრეული ასაკიდანვე იწყებენ?
ის, რომ ინდუსტრია ბევრი წინააღმდეგობითაა სავსე, გარემო კი კონკურენტუნარიანია, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ.
რას გრძნობ, როდესაც საკუთარ თავს ეკრანზე ხედავ?
სიმართლე რომ გითხრათ, არ მიყვარს ჩემი შესრულებული როლების ყურება, ამიტომ ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ.
რომ შეგეძლოს დროის უკან დაბრუნება, რას ეტყოდი საკუთარ თავს?
იპოვე კარგი ფინანსური მენეჯერი და ნუ შეეცდები ყველა საქმე თავად მოაგვარო.
გაგიძნელდა თუ არა საკუთარი იდენტობის პოვნა, იქიდან გამომდინარე, რომ შენ და შენი ტყუპისცალი ძმა ერთდროულად გამოჩნდით ეკრანზე?
ჩემთვის სირთულე არაფერში არ მდგომარეობდა, ვფიქრობ, მაყურებლისთვის უფრო რთული იყო ჩვენი გარჩევა.
ცნობილია, რომ დაინტერესებული ხარ ფოტოგრაფიით. რომელია შენი ფავორიტი ფოტოსესია და ადგილი?
ვანკუვერის ჩრდილოეთ ნაწილში დიდი მთაა, რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა მაშინ გადავიღეთ, როდესაც სერიალ Riverdale-ის პირველ სეზონში ვთამაშობდი, ჩემთვის ეს ფოტოსესია ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელია.
როგორც თავად აღნიშნე, სწავლის დასრულების შემდგომ არქეოლოგიურ კვლევებში იღებდი მონაწილეობას. შეგიძლია გვითხრა, რამ გამოიწვია შენი ამ პროფესიით დაინტერესება?
ბაბუაჩემი არქეოლოგი იყო, ამიტომ ეს მიმართულება ჩემთვის ერთგვარ დისციპლინას წარმოადგენდა, რომელიც ჩემს ბევრ საერთო ინტერესს აერთიანებდა.
აღმოგიჩენია რაიმე საინტერესო?
რა თქმა უნდა, მაგალითად, ბულგარეთში ძველი კერამიკული თეატრალური ნიღაბი ვიპოვნე და ექსპედიციის დროს ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღე.
შეგიძლია აგვიღწერო რა ხდება კონკრეტულად არქეოლოგიური გათხრების დროს?
რა თქმა უნდა, ინდიანა ჯონსი არა (იცინის). ძალიან ბევრი შრომა გიწევს, მიწის თხრა და ნივთების კბილის ჯაგრისით გასუფთავება.
შენთვის რომ შემოეთავაზებინათ ინდიანა ჯონსის როლი, დათანხმდებოდი?
ძალიან რთული იქნებოდა ამ როლის შესრულება, თუმცა შევეცდებოდი მაქსიმუმის გაკეთებას.
რა არის ყველაზე უცნაური საჭმელი, რაც კი ოდესმე გიჭამია?
ბაღლინჯო. სასაცილოდ ჟღერს, თუმცა ძალიან გემრიელია. დიდი სიამოვნებით მოვამზადებდი კიდეც. მსოფლიოში ბევრი სახის ბაღლინჯო არსებობს და ვფიქრობ, რომ ყველა ძალიან გემრიელია.
შენი აზრით, რა არის გემრიელი კერძის მომზადების საიდუმლო?
ალბათ, დეტალებზე ყურადღების განახვილება.
გაქვს თუ არა ფავორიტი რეცეპტი?
კარბონარა, რომელსაც ყოველთვის ტრადიციულად ვამზადებ, რისთვისაც დაგჭირდებათ პეკორინო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გუანსიალე, შეგიძლიათ მის ნაცვლად პანჩეტაც გამოიყენოთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ კლასიკური გუანსიალე კარბონარასთვის მაინც საუკეთესოა.
თვლი თუ არა საკუთარ თავს რომანტიკულ ადამიანად?
მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩემგან ინტერვიუს იღებენ, ინტერნეტში საზოგადოებას თავი ხომ უნდა მოვაწონო? (იცინის)
რა არის ყველაზე რომანტიკული ჟესტი, რაც კი ოდესმე გაგიკეთებია?
ძალიან მიყვარს მოგზაურობა, საყვარელ ადამიანთან ერთად ბუნებაში ყოფნა კი ჩემთვის ძალიან რომანტიკულია. სასტუმროში დროის კატარებას კარავში ყოფნა მირჩევნია.
რა არის ყველაზე რომანტიკული ჟესტი რაც შენთვის გაუკეთებიათ?
ჩემი გულის გზა კუჭზე გადის, ამიტომ ნებისმიერი კერძი, რომელიც ოჯახური რეცეპტით ჩემთვის მოუმზადებიათ. (იცინის)
რომელია ყველაზე დასამახსოვრებელი ქვეყანა, რომელმაც შენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა?
იაპონია.
თუ ოდესმე მოვინდომე იაპონიაში წასვლა, პირველ რიგში, რომელი ქალაქის მონახულებას მირჩევ?
კიოტო.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელსაც თვითმფრინავით მგზავრობისას ნებისმიერ ადამიანს ურჩევდი?
არ დაიძინონ პირველ დღეს.
რა არის ყველაზე უცნაური ადგილი, სადაც გულშემატკივარს შენთვის ფოტოს გადაღება უცდია?
სააბაზანო ოთახი.
საჯაროდ საუბრობ იმის შესახებ, რომ შენთვის ფიზიკური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია, რას აკეთებ სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად?
ინტერნეტისგან შორს ვიკავებ თავს.
გასულ წელს პაუზა აიღე სოციალური ქსელიდან, რა საქმიანობით კავდებოდი ამის ნაცვლად?
კულინარიით.
ვის შეგიძლია უწოდო შენი მენტორი?
ბავშვობაში ადამ სენდლერი, ის იყო ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი საქმიანობა, პარალელურად კი მუშაობდა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
ფავორიტი ფილმი ან სერიალი, რომელშიც გითამაშა?
The Suite Life of Zack & Cody.
ცხოვრების რომელი პერიოდი იყო შენთვის გამოწვევებით სავსე?
როდესაც 6 წლის ვიყავი და გადაღებების გამო ნიუ-იორკში პირველად ჩამოვედი. ვფიქრობ, ამ ქალაქში დაბრუნება შემდგომ სწორედ ამ გამოცდილებამ განაპირობა.