ადვოკატ სოფო ბერძენიშვილის პროფესიული გზა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპით – საკუთარი და სხვისი უფლებებისთვის ბრძოლით დაიწყო. უნივერსიტეტში ჩარიცხვიდან, რომელიც საკუთარი შედეგების გასაჩივრებას უკავშირდება, 18-წლიან საადვოკატო გამოცდილებამდე და საკუთარი ბიუროს შექმნამდე, მისი კარიერა მუდმივი განვითარებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის გზაა. დღეს სოფოსთვის ადვოკატობა მხოლოდ სამართლის ცოდნა არ არის, ეს არის ადამიანების მოსმენა, ნდობის მოპოვება და იმის გააზრება, რომ თითოეული საქმის უკან კონკრეტული ადამიანის ცხოვრება დგას. მისი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ საზომად კი კლიენტების ნდობა და მადლიერება რჩება. ინტერვიუში სოფო ბერძენიშვილი გვიყვება პროფესიის არჩევის, კარიერული განვითარების, საკუთარი ბიუროს შექმნისა და იმ ღირებულებების შესახებ, რომლებიც მის პროფესიულ გზას განსაზღვრავს.

სოფო, მოგვიყევით თქვენს პროფესიულ გზაზე – როდის და რატომ გადაწყვიტეთ ადვოკატობა?
ჩემი პროფესიული გზა ცოტა უცნაურად, თუმცა ძალიან საინტერესოდ დაიწყო. 2000 წელს, სკოლის დამთავრებისას, ჯერ კიდევ არ მქონდა გადაწყვეტილი, სად გამეგრძელებინა სწავლა. მშობლებმა ორი მიმართულება შემომთავაზეს – უცხო ენები ან იურიდიული ფაკულტეტი. არჩევანი თითქმის დაუფიქრებლად გავაკეთე და სამართალმცოდნეობა ავირჩიე, რადგან შინაგანად ვგრძნობდი, რომ ეს პროფესია ჩემს ხასიათთან ახლოს იყო.
მისაღებ გამოცდებამდე მხოლოდ ოთხი თვე რჩებოდა და იმ სფეროს შესახებ, რომელსაც ვირჩევდი, პრაქტიკულად არაფერი ვიცოდი. მიუხედავად ამისა, მოვახერხე და ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
ჩემს პროფესიულ გზაზე განსაკუთრებულად მახსენდება სწორედ ჩარიცხვასთან დაკავშირებული შემთხვევა. გამოცდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემ მიერ მიღებული ქულა ბარიერს ვერ გადალახავდა. ვინაიდან საკუთარ შედეგში დარწმუნებული ვიყავი, მისი გასაჩივრება გადავწყვიტე. საგამოცდო ნამუშევრის გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ შედეგების გამოცხადებისას ტექნიკური შეცდომა იყო დაშვებული და რეალურად უნივერსიტეტში ჩარიცხული ვიყავი.
დღეს ვფიქრობ, რომ ჩემი პირველი „საქმე“ ჯერ კიდევ ადვოკატობამდე დაიწყო – ეს იყო ბრძოლა საკუთარი უფლებისთვის. სწორედ მაშინ ჩამომიყალიბდა ის მთავარი პრინციპი, რომელიც დღემდე ჩემი პროფესიული საქმიანობის მოტივაციაა: ადამიანს, რომლის უფლებაც ირღვევა, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მის გვერდით არის ადამიანი, ვინც მის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.
საკუთარი საადვოკატო ბიუროს შექმნა თქვენი კარიერის ბუნებრივი გაგრძელება იყო თუ გადაწყვეტილება, რომელსაც კონკრეტულმა გამოცდილებამ უბიძგა?
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემი პროფესიული არჩევანი უკვე საბოლოოდ განსაზღვრული იყო. 2008 წელს ჩავაბარე ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა და გავხდი ადვოკატი. მას შემდეგ ამ პროფესიას ვემსახურები და სხვადასხვა კომპანიაში ვმუშაობდი.
ჩემი პროფესიული და კარიერული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორებში“ გატარებული დაახლოებით 12 წელი იყო. ჩემი ხელმძღვანელი ბატონი როინ მიგრიაული გახლდათ, რომლის გვერდით მუშაობამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ ჩამოყალიბებაში. სწორედ ამ პერიოდში არა მხოლოდ ბევრი რამ ვისწავლე, არამედ პროფესიონალადაც ჩამოვყალიბდი.
ამიტომ საკუთარი საადვოკატო ბიუროს შექმნა ჩემთვის უფრო კარიერის ბუნებრივი გაგრძელება იყო, ვიდრე ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული ნაბიჯი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ უკვე მქონდა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რათა პროფესიული გზა დამოუკიდებლად გამეგრძელებინა.
ამ გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩემი მეუღლის, ბესიკ გალდავას მხარდაჭერას. მისი ნდობა და რწმენა ჩემთვის უდიდესი ძალა იყო და მაძლევდა თავდაჯერებას, რომ ამ ახალ ეტაპს წარმატებით გავართმევდი თავს.
საბოლოოდ, ასე ჩამოყალიბდა ჩემი – სოფიო ბერძენიშვილის საადვოკატო ბიურო.
თქვენი გამოცდილებით, რა ქმნის ადვოკატსა და კლიენტს შორის ნამდვილ ნდობას და რამდენად მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება?
ადვოკატის პროფესიაში ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. ნდობის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ამ პროფესიის სრულფასოვნად განხორციელება. განსაკუთრებით რთულია პირველი შეხვედრა, როდესაც კლიენტი შენ არ გიცნობს და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხშირად ძალიან პირადი და რთული პრობლემა უნდა მოგანდოს. სწორედ პირველივე შეხვედრიდან უნდა შეიქმნას ის განცდა, რომ სწორ ადამიანთან მოვიდა და მისი პრობლემა შენთვის მნიშვნელოვანია.
თუმცა, გარდა იმისა, რომ თავად უნდა მოიპოვო კლიენტის ნდობა, ჩემს შემთხვევაში დღეს უკვე ძალიან ხშირად რეკომენდაციით მოდიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გენდობიან. დიდი ხანია ვმუშაობ და პრაქტიკულად არასდროს გამომიყენებია ტელევიზია, გადაცემები ან სხვა ტიპის აქტიური PR-კამპანია. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მყავდა და მყავს კლიენტები, რომლებიც თავად მპოულობენ ისევ სხვა კმაყოფილი კლიენტების რეკომენდაციით.
მე მჯერა ერთი ძალიან კარგი გამონათქვამის – „საქმემან შენმან წარმოგაჩინოს“. ეს არაერთხელ მითქვამს ჩემი სტაჟიორებისთვისაც. საბოლოოდ, შენი პროფესიული რეპუტაცია სწორედ შენი საქმით და იმ ადამიანებით იქმნება, რომლებიც შენს მომსახურებას სხვასაც უზიარებენ.
როგორ შეცვალა 18-წლიანმა გამოცდილებამ თქვენი დამოკიდებულება პროფესიის მიმართ?
18-წლიანმა გამოცდილებამ, პირველ რიგში, ის შეცვალა, რომ დღეს ამ პროფესიას უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები და მივხვდი, რომ პროფესია მხოლოდ სამართლის ცოდნა და სასამართლოში კარგი გამოსვლა არ არის. ამ წლებმა მასწავლა, რომ თითოეული საქმის უკან კონკრეტული ადამიანის ცხოვრება, მისი პრობლემა და ხშირად ძალიან დიდი ემოციური მდგომარეობა დგას. ამიტომ, დღეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქმის სამართლებრივი მხარე, არამედ კლიენტთან სწორი კომუნიკაცია, მისი მოსმენა და იმის გაცნობიერება, რომ მისთვის ეს საქმე შეიძლება ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყოს. იცით, ზოგჯერ კლიენტს სურს მას მოუსმინონ (განსაკუთრებით საოჯახო კატეგორიის საქმეებში) და სწორი რჩევა მიიღოს, თუნდაც საქმე დავამდე არც მივიდეს.
რა თვისებები დაგეხმარათ ყველაზე მეტად წარმატების მიღწევაში და პროფესიულად განვითარებაში?
პასუხისმგებლობა, შრომა და დისციპლინა – ეს არის უმთავრესი.
რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას პროფესიულ საქმიანობაში?
ჩემი ყველაზე დიდი მოტივაციაა ის, როდესაც კლიენტი მეუბნება: „გამიმართლა, რომ შენთან მოვხვდი“. თითოეული კლიენტის მადლიერება ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. სწორედ მაშინ ვგრძნობ, რომ ჩემი შრომა ნამდვილად ღირებულია და სწორ საქმეს ვაკეთებ.
ერთ-ერთი ყველაზე ემოციური შემთხვევა კი ჩემთვის ის იყო, როდესაც ჩემთან მოვიდა კლიენტი, რომელსაც ჩემი საკონტაქტო მონაცემები ჩემმა მოწინააღმდეგე მხარემ მიაწოდა. ვფიქრობ, ამაზე უკეთესი შეფასება ჩემი პროფესიული საქმიანობისთვის რთული წარმოსადგენია, როდესაც შენი მოწინააღმდეგე მხარეც კი შენ გირჩევს. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია.
ტექსტი: მარიამ შულაია
ფოტო: ალექსეი სეროვი












