ხშირად ცხოველებისადმი სიყვარული ბავშვობიდან იღებს სათავეს, თუმცა ყველას არ შეუძლია ცხოველებისადმი მზრუნველობა ცხოვრების გზად აქციოს. დღევანდელი ჩვენი რესპონდენტის შემთხვევაში ცხოველებისადმი სიყვარული გადამწყვეტი აღმოჩნდა, შეექმნა ვეტერინარიული კლინიკა „ბადი“, სივრცე, სადაც თითოეული ცხოველი ზრუნვას, უსაფრთხო გარემოს და ყველა საჭირო სერვისს ერთად იღებს. ქუთაისში, კ. გამსახურდიას 37-ში მდებარე ვეტერინარიული კლინიკა „ბადი“ არის სიყვარულის, პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის შედეგი.
ვეტერინარიული კლინიკა „ბადის“ შექმნის გზა
ნუგზარ ინანეიშვილი, კლინიკა „ბადის“ დამფუძნებელი: ბავშვობიდან განსაკუთრებული სიყვარული მქონდა ცხოველების მიმართ, რადგან ოჯახში ყოველთვის გვყავდა ცხოველები. მათზე ზრუნვა ჩემთვის სიამოვნებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა იყო. დროთა განმავლობაში ეს სიყვარული პროფესიად ვაქციე და ვეტერინარია პროფესიულ დონეზე შევისწავლე. ამ სფეროში პირველი ნაბიჯები, ჯერ კიდევ 9 წლის წინ გადავდგი. მიღებული გამოცდილებისა და მუდმივი განვითარების შედეგად შევძელით შეგვექმნა ვეტერინარიული კლინიკა „ბადი“, რომელიც დღეს მრავალწლიანი პრაქტიკისა და ნდობის შედეგია.

რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი კლინიკა მომხმარებლებს სთავაზობს სრულ ვეტერინარიულ მომსახურებას, კონსულტაციას, დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკურ შემოწმებას, ვაქცინაციას, მკურნალობას, ქირურგიულ მომსახურებას, ასევე კონსულტაციებს კვებისა და მოვლის შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ცხოველს მივცეთ ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო დახმარება, მოვექცეთ ზრუნით და შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო.
რა არის თქვენი მთავარი პრინციპი ცხოველებთან მუშაობისას?
ვფიქრობ, ვეტერინარიის საფუძველი სწორედ სამი კომპონენტის ერთობლიობაა: პროფესიონალიზმი, ემპათია და პასუხისმგებლობა.
პროფესიონალიზმი აუცილებელია სწორი დიაგნოზისა და მკურნალობისთვის. ემპათია კი იმისთვის, რომ ცხოველსა და მის პატრონს უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ვაგრძნობინოთ თავი. პასუხისმგებლობა კი ყოველდღე გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი საქმე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი გრძნობდეს მხარდაჭერას და დარწმუნებული იყოს, რომ მისი ცხოველი საიმედო ხელშია.
გაიხსენეთ ყველაზე ემოციური შემთხვევა, რაც ყველაზე მკაფიოდ დაგამახსოვრდათ ამ საქმიანობაში?
ვეტერინარიაში თითქმის ყოველდღე გვხვდება ემოციური შემთხვევები, თუმცა განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ის მომენტები, როდესაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ცხოველი გამოჯანმრთელდება და ისევ ბედნიერი უბრუნდება თავის ოჯახს. ასეთ დროს პატრონის ემოცია და მადლიერება ყველაზე დიდი მოტივაციაა ჩვენთვის.

რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ადამიანი ცხოველს ირჩევს როგორც ოჯახის წევრს?
ცხოველის აყვანა მხოლოდ სურვილი ან ემოციური გადაწყვეტილება არ არის. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი მზად იყოს არა მხოლოდ სიყვარულისთვის, არამედ ყოველდღიური მოვლისთვის, დროის, ენერგიის და ფინანსური რესურსის გამოყოფისთვის. ცხოველი ხდება ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რომელსაც სჭირდება: ყურადღება, სწორი კვება, რეგულარული ვეტერინარიული კონტროლი და რაც მთავარია, სიყვარული და სითბო.
ამიტომ ყველას ვურჩევ, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამენ, კარგად დაფიქრდნენ, რამდენად მზად არიან ამ პასუხისმგებლობისთვის. და თუ მზად ხართ, მაშინ ცხოველი თქვენს ცხოვრებაში ძალიან დიდ სიხარულს და უპირობო სიყვარულს შემოიტანს.
რას ურჩევდით, როგორ მოუარონ შინაურ ცხოველებს ყოველდღიურობაში?
ცხოველის მოვლა ყოველდღიურად მოიცავს სწორ კვებას, სუფთა წყალს, ჰიგიენას, ფიზიკურ აქტივობას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღებას და სიყვარულს. აუცილებელია რეგულარული ვიზიტი ვეტერინართან, ვაქცინაცია და პროფილაქტიკური ღონისძიებები. ასევე მნიშვნელოვანია, ცხოველს ჰქონდეს სტაბილური გარემო და რუტინა, რაც მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ ჩვენი მთავარი მიზანია კლინიკის კიდევ უფრო განვითარება და მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება. ასევე გვინდა მეტი საგანმანათლებლო აქტივობა ჩავატაროთ ცხოველების მფლობელებისთვის, რათა გაიზარდოს ცნობიერება სწორ მოვლისა პასუხისმგებლობის შესახებ.
ჩვენი მიზანია ვიყოთ სანდო და მუდმივად განვითარებადი ვეტერინარიული სივრცე, სადაც თითოეული პაციენტი იღებს მაქსიმალურად ხარისხიან ზრუნვას.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ლანა ვახტანგაძე












